გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი „ფეისბუკზე“ მორიგ სტატუსს აქვეყნებს:
„ყველაფერს არა, მაგრამ ბევრ რამეს თავისი ხიბლი აქვს. სიცივის კონტრასტში არსებობს სითბო, ეს ფიზიკაა.
სიცივის გარეშე სითბოს განა იგივე მადლი ექნებოდა? ეს კი ფილოსოფიაა.
მაგრამ შეიძლება მინუს 20 გრადუსი იყოს, არც გციოდეს და სითბოსაც არ ნატრობდე, რადგან შენ ეს ასე გადაწყვიტე. ეს უკვე ფსიქოლოგიაა.
ხშირად გვავიწყდება, თუ რამხელა სიმშვიდე, კონკრეტულობა, კონტროლის შეგრძნება მოაქვს გადაწყვეტილების მიღებას. ორჭოფობა, გაურკვევლობა ბადებს შფოთვას.
არასდროს დამავიწყდება ფსიქიატრიის პირველ ლექციაზე პროფესორის ცალსახა განაცხადი:
„ყოველთვის გამოიყვანეთ პაციენტი გაურკვევლობიდან, რადგან ამ უკანასკნელს ადამიანისთვის პროდუქტიული არაფერი მოაქვს.“.
ხშირად იპოვით თქვენც თავს დაბნეულს, გაორებულს, გაოთხებულს.
დიდხანს ნუ დაყოფთ ამ ტერიტორიაზე და მიიღეთ რამე გადაწყვეტილება, დროებითი, თუნდაც ძალიან ხანმოკლედ ძალაში მყოფი, მაგრამ მიიღეთ ეს ოხერი გადაწყვეტილება და გააქრეთ ეგ მღრღნელი შფოთვა, მოუსვენრობა, წრიალი.
ადამიანებს გვჭირდება და თან ძალიან გვადგება იმის შეგრძნება-დადგენა, რომ კონტროლი გვაქვს ჩვენ.
არც თუ ისე ცოტა აშლილობა თუ დაავადება ასოცირდება კონტროლის დაკარგვის შეგრძნებასთან, მაგ. დეპრესია, პანიკური თუ შფოთვითი აშლილობა, უძილობა, აგორა - თუ სოციალური ფობია, დამოკიდებულებები, ობსესიური აშლილობა და ასე შემდეგ.
ასეთ დროს თერაპევტი ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს კონტროლის შეგრძნების და განხორციელების დაბრუნებაში, რაც თავის მხრივ პაციენტის სიმპტომების შემცირებას უტოლდება.
ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ გადაწყვეტილების მიღების. პირიქით, გეშინოდეთ ხანგრძლივი უმოქმედობის და გაურკვევლობის!
ძალიან ბევრი რამის წყარო, გენეზისი და რეალიზატორი ვართ ჩვენ და არა აბსტრაქტული, ალოგიკური, სტიქიური ბედისწერა.
ეს კი ძალიან, ძალიან კარგი ამბავია“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ: