„თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა, ქვეცნობიერად გრძნობდა, ემზადებოდა იმ სამყაროში გადასვლისთვის. ხშირად მთხოვდა მესაუბრა ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე, ასევე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხით იყო გატაცებული. სულ მიკვირდა და ვფიქრობდი, თუ რატომ აიკვიატა ეს თემები?“, - ამის შესახებ ტრაგიკულად დაღუპული ძმების მასწავლებელი სოციალურ ქსელში წერს.
„უჯარმაში, მდინარე იორის არხში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ჩემთვის ორმაგად მძიმეა ამ უბედურების გააზრება.
დაღუპული ძმები გახლდათ ჩემი აბიტურიენტები, თბილისში ჩემი მეზობლები, ახლობლები, ოჯახის წევრები, შვილები.
თითქოს დაცარიელდა სამყარო, გული სევდას ვერ იტევს, ცა ჩამოიქცა, მწუხრის ზეწარი გადაეფინა ქვეყანას...
დიახ, ორივე ჩემი აღზრდილია.
უფროსი: ნიკოლოზ მახარობლიშვილი თ. ს. უ. მესამე კურსის სტუდენტი იყო, სტიპენდიატი. უკიდურესად განათლებული, ერუდირებული, ღრმა ინტელექტის მატარებელი. თითქოს ეჩქარებოდა, უკვე მესამეკურსელი დისერტაციაზე მუშაობდა, დარჩა არაერთი გამოუქვეყნებელი ნაშრომი.
მეორე, უმცროსი ძმა ივანე მახარობლიშვილი მე-12 კლასში გადავიდა. ფენომენალური ნიჭის პატრონი. ყოველ მეცადინეობაზე გაოცებული შევყურებდი. მისი უნარი, 16 წლის ბიჭის შესაძლებლობას აღემატებოდა. იყო უაღრესად შრომისმოყვარე, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი. პროფესიონალურად ხატავდა, გრაფიკული დიზაინით აწყობდა პერსონაჟებს, სხვა ხედვა ჰქონდა. დღე და ღამე მუშაობდა, ცდილობდა მოესწრო, დაემთავრებინა ნამუშევრები და დაეტოვებინა.
ღმერთო, რა ძნელია ჩემთვის მათზე წარსულში საუბარი.
16 წლის ბიჭს გადაკითხული ჰქონდა საზღვარგარეთის ლიტერატურა: დანტე"ღვთაებრივი კომედია", გოეთეს "ფაუსტი" და ა.შ.
თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა, ქვეცნობიერად გრძნობდა, ემზადებოდა იმ სამყაროში გადასვლისთვის. ხშირად მთხოვდა მესაუბრა ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე, ასევე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხით იყო გატაცებული. სულ მიკვირდა და ვფიქრობდი, თუ რატომ აიკვიატა ეს თემები?
გთავაზობთ, ივიკოს ბოლო ორი თვის ნამუშევრებს. გთხოვთ, ყურადღებით დაათვალიეროთ ყველა დეტალი:
1. ადამისა და ევას შეხვედრა სამოთხეში. ეს ნაშრომი ტილოზე აქვს შესრულებული.
2. ბარათაშვილი - თავზე დააკვირდი ყორანს, მეორე მხარეს ტაძარი ლექსიდან "ხატის წინ", დაბლა "მერანი".
3. გაკტიონი -- "ლურჯა ცხენები", უკან "რომელი საათია", გვერდით "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში".
4. რუსთაველი-ტანზე პერსონაჟები და ეპიზოდებია გაცოცხლებული.
ეს ივიკოს ნახატების არასრული ჩამონათვალია. ესენი სპეციალისტების მიერ შეფასებულია უნიკალურ ნაშრომებად. თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშია.
გამოვდივარ ინიციატივით, მოეწყოს ნიკა და ივას ნაშრომების გამოფენა ხელოვნების მუზეუმში, რათა გაიცნოს საზოგადოებამ ეს ბიჭები. ივიკო ხომ ამაზე ოცნებობდა. ამ საქმეს მე ჩავუდგები სათავეში, პირადად მე ვუხელმძღვანელებ და ბოლომდე მივიყვან.
გზას დაგილოცავთ ჩემო მოსწავლეებო, შვილებო. მშვიდად განისვენეთ ძმებო. ნუ გეშინიათ, იცოდეთ: "მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად". შეხვედრამდე. თქვენი ნინო მასწავლებელი!“ - წერს ნინო ჯალაღონია.
ცნობისთვის, უჯარმაში, არხში, სადაც მდინარე იორი მიედინება, 16 და 21 წლის ძმები დაიხრჩვნენ. როგორც ცნობილია, ისინი მამიდაშვილთან ტყეში წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
🔵ვინ იყვნენ ძმები, რომლებსაც მდინარე იორის არხში ეძებდნენ - ტრაგედია უჯარმაში