ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი მიიჩნევს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი უპასუხისმგებლობაა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საზოგადოება უფრო მომთხოვნი უნდა იყოს და საჭირო დროს, საჭირო კითხვებს უნდა სვამდნენ, რომ მსგავსი ტიპის უბედურება არ მოხდეს.
„წამოვიდა ახლა ელექტრო ინჟინერიის ექსპერტული დასკვნები... მესმის, რომ მოქალაქეებს ცდილობენ, ერთგვარი გამოსავალი ნახონ... მაგრამ, ღმერთმანი, ვეღარ შემიძლია ტრაგედიიდან - ტრაგედიაზე და ექსპერტობიდან ექსპერტობაზე მარადიული პორტირება ... იცით რატომ ვართ მთელი ფეისბუკი მუდმივად სამძიმარში მყოფი ელექტრიკოსები, სამხედროები, ხან პოლიცია, ხან მაშველები, ხან მეხანძრეები, ხან მშენებლები და ხანაც ექიმები??? იმიტომ, რომ ქვეყანაში არც ერთი ჩამოთვლილი სფერო გამართულად არ მუშაობს. გამართულად კი იმიტომ არ მუშაობს რომ პასუხისმგებლობა არ არსებობს. პასუხისმგებლობა იმიტომ არ არსებობს, რომ მგონია, სწორი კითხვები არ არსებობს. მზად ვართ მთელი სერიოზულობით ვიმსჯელოთ სატრანსპორტო კოლაფსის ტექნიკურ ნიუანსებზე, მიმოვიხილოთ ტოკიოს და სიდნეის გადაწყვეტები მაგრამ აქვე, დიდ დიღომში რა ხდება, ვინაა პასუხისმგებელი და რაზე, არ ვიცით. ელექტრო გაჟონვისა და მოკლე ჩართვის დამცველებზე თავ-პირის დავამტვრევთ ერთმანეთს, მაგრამ რატომ დაიხარჯა პარკის განახლებაზე 30 მილიონი, ვისი იყო ეს ფული და ვის ჯიბეში წავიდა - არა, არ ვიკითხავთ... მსოფლიოს მასონურ შეთქმულებაზე დისერტაციას დავიცავთ - აგერ, ჩვენსავე ქალაქსა თუ სოფელში, ვისი ტენდერი ვის ბიუჯეტშია, ვერ ვიტყვით... და ივსება ქალაქი უზარმაზარი ასიათასიანი ჯიპებით, რომლებსაც ათიათასიანი ნომრები უკეთიათ... ფეისბუკიც ივსება პოსტებით, სადაც დედები შვილის სამკურნალოდ ფულს ითხოვენ... და დიახ, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია - რატომ კვდება ბავშვი პარკში, როცა მის რეაბილიტაციაზე 30 მილიონი დაიხარჯა, რატომ დაიხარჯა 30 მილიონი პარკზე, როცა ერთი გამართული კლინიკა არ გვაქვს, და როცა კლინიკა არ გვაქვს, რატომ დადიან ქალაქში ჩინოვნიკები ასიათასიანი პერსონალური და დაცვის ჯიპებით...“, - წერს დაჩი გრძელიშვილი.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: