Digest Logo

წმინდა გიორგის ნაკლებად ცნობილი სასწაული - როგორ იქცა გლეხ გლიკერიუსის მკვდარი ხარის გაცოცხლება წამებისა და მოქცევის ისტორიად: რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1795432091
გიორგი ლობჯანიძე

გიორგი ლობჯანიძე იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, 303 წელს მომხდარ ერთ-ერთ საინტერესო სასწაულს იხსენებს, რომელიც წმინდა გიორგის სახელსა და ღარიბი გლეხის, გლიკერიუსის მარჩენალი ხარის გაცოცხლებას უკავშირდება.

პოსტში ასევე მოთხრობილია, როგორ იქცა ეს სასწაული რწმენის გავრცელების მიზეზად, რატომ მოჰკვეთეს თავი თავად გლიკერიუსს და სად შეგვიძლია დღეს XIV საუკუნის ფრესკაზე ამ ისტორიის ხილვა.

„წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სასწაული:

ახ.წ.IV საუკუნის დასაწყისში (303 წელს), რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მეფობის დროს, წმინდა გიორგი ქრისტიანობის აღიარებისა და ცრუ ღმერთების (მწვალებლური პოლითეიზმის) დაგმობის გამო საპყრობილეში იყო გამომწყვდეული.

მრავალ განსაცდელსა და ტანჯვას, უფლის უდიდესი ნუგეში და ანგელოზთა თანადგომა ახლდა თან!
როგორ არ ცდილობდნენ მის გადმობირებას, მაგრამ ამაოდ. მისი მამაც „გერონტიოსიც” ხომ ქრისტიანი იყო და ქრისტეს ახოვნად აღიარების გულისთვის აწამეს.

ჯერ იყო და წმინდანს ბორბალზე დაკვრა ხვდა წილად, ქვემოთ კი მახვილები იყო დაგებული, რათა სხეული სულ დაეფლითათ. მერე საკირეში ჩააგდეს სამი დღით, ესეც არ აკმარეს და ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმლით არბენინეს, თან სასტიკად გაშოლტეს, თუმცა ყოველი ასეთი სატანჯველის შემდეგ, უფალი და უფლის ანგელოზები სასწაულებრივად კურნავდნენ.

ამის შემყურე რომში ხალხი სწრაფადვე აღიარებდა ქრისტეს ღმერთად!

მოვიდა დროც, როცა წმინდა გიორგის უთხრეს, თუ შეეძლო მკვდრის აღდგენა: წმინდანმაც ყოვლისშემძლე ღმერთის და ერთადერთი ღმერთის, ქრისტე ღმერთის სახელით მკვდარი აღადგინა.

თუმცა, მას მხოლოდ ადამიანი არ გაუცოცხლებია. აქ კიდევ ერთი საგულისხმო ინფორმაციაა:

გადმოცემის მიხედვით, საპყრობილეში მას ღარიბი გლეხი ეახლა, სახელად ,,გლიკერიუსი”.
გლიკერიუსს ხარი ჰყავდა, რომელიც მთელ მის ოჯახს არჩენდა.

იმ დროისთვის, როცა ტექნიკა არ იყო ძლიერ განვითარებული, ხარები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, რადგან მთელი ჯაფა და მძიმე სამუშაოები, რაც გასატარებელი იყო, სწორედ მათზე მოდიოდა.
ხარის დაკარგვა ოჯახის შიმშილს ნიშნავდა!

გლეხი სასოწარკვეთილი ტიროდა და არ იცოდა რა ექნა. გლიკერიუსმაც წმინდა გიორგის სთხოვა ხარის გაცოცხლება და შინ მისულს ხარი ცოცხალი დახვდა!

ამ სასწაულის შემდეგ იგი ქუჩებში დადიოდა და ყველას უყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო ეს უფლის დახმარებით წმინდა გიორგიმ! და რომ ქრისტიანების ღმერთი ერთადერთია და რაც მთავარია, ჭეშმარიტია!

დიოკლეტიანეს რომ ეს მოახსენეს, იგი განრისხდა. იცოდა რომ გლიკერიუსი მრავალს მოაქცევდა ქრისტეს რჯულზე. მისი ბრძანებით იგი შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს მსგავსად წმინდანისა!

ასე გახდა წმინდა გიორგისთან ერთად უბრალო გლეხი ქრისტესთვის წამებული წმინდანი!

უბისის მონასტრის ფრესკაზე გლიკერიუსის ხარსაც შეხვდებით, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება. (ფოტომასალა კომენტარებში)

შეგეწიოთ ყველას წმინდა დიდმოწამე გიორგი! გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ სავსე მთვარე ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე - მოულოდნელი ცვლილებები, რეგულუსის გავლენა და ასტროლოგის რეკომენდაციები

⭕ მარადიულობა, დაცვა და ალქიმია - რას ნიშნავს სინამდვილეში ანხი: რას წერს ქეთი ოდიშელი

⭕ „რა განმეორდა თქვენს ცხოვრებაში აგვისტოს შემდეგ?“ - 24 ნოემბრის სავსემთვარეობა და გადამწყვეტი პერიოდი: ლამზირა ხაჭაპურიძის პროგნოზი

✕