გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
ამჯერადაც მის მორიგ მოტივაციურ პოსტს გიზიარებთ:
„სადაც უკომპრომისოა სურვილი, იქ მიზანიც მიიღწევა!
ოღონდ უნდა გინდოდეს, არანორმალურად გინდოდეს, პირდაპირ შეპყრობილი უნდა იყო.
უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის იმდენად, რომ არ არც დაიბნე, არც გადაუხვიო და არც მოეშვა. ამ თვისებას პერზევერაცია ჰქვია მეცნიერულ ფსიქოლოგიაში.
ყოველთვის გამოჩნდება ხალხი, ვინც გეტყვის, რომ ნამეტანი რთულ რაღაცას შეეჭიდე, იტკიებ აუტკივარ თავს: რომ უკვე გვიანია, რომ არ გაქვს ამისი ნიჭი, დისციპლინა, დრო, გენეტიკა, უფლება, შანსი...
საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით, 80%-ს არ ესმოდა, რატომ დავამატე მედიცინა ფსიქოლოგიას და გავაგრძელე სწავლა.
„გეყოს ახლა მარადმწვანე სტუდენტობა და დაიწყე სერიოზული ცხოვრება, მუშაობა, პასუხისმგებლობის აღება, ფულის შოვნა!“, - ამას მეუბნებოდნენ თან ყველაზე ახლობლები.
მე მჯერა, რომ მათი განზრახვა კეთილი იყო.
მერე საერთოდ 99,9%-ს არასერიოზული, გაფანტული, მეოცნებე გიჟი ვეგონე, როცა 34 წლის ასაკში მედიცინაც და ფსიქოლოგიაც შესაბამისი სამსახურებით გერმანიაში დავტოვე და ორი ჩემოდნით ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქში გადავედი საცხოვრებლად, რომ საოპერო ხელოვნება შემესწავლა მარიო დელ მონაკოს მოწაფესთან.
უკომპრომისო ჟინით შევისწავლე სამივე პროფესია და კიდევ ერთ-ორს დავამატებ ალბათ (ძალიან მინდა გავხდე პარფიუმერი და შევქმნა საოცარი სუნამოები, ასევე მინდა ვცადო კომპოზიტორობა, ვნახოთ).
უკომპრომისოდ იმიტომ, რომ ვიცოდი, სხვანაირად ვერ ვიქნებოდი ბედნიერი, ბოლომდე შევსებული. ამას მეცნიერულ ფსიქოლოგიაში ინტრინზული, ანუ შიგნიდან, საკუთარი წიაღიდან წამოსული მოტივაცია ჰქვია. ეს ის მოტივაციაა, ადამიანი მთვარეზე რომ გაატარა, დაუოკებელ მეცნიერებს ანესთეზია და პენიცილინი რომ აღმოაჩენინა და გამოაგონინა.
გზები ძალიან, ხანდახან გაუსაძლისად ძნელი იყო. განსაკუთრებით მეცნიერულად მოწყობილ ტვინს უჭირდა ვოკალის ინტუიტიურ, წარმოდგენით მეთოდზე გადასვლა.
მაგრამ:
თუ რთული გახდა გარკვეული ეტაპი, გილოცავ - ესე იგი ახალ რაღაცას სწავლობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანს და ამით წინ მიდიხარ.
თუ შეცდომები დაუშვი, ამას უფრო მეტად გილოცავ - ესე იგი ახალ, ჯერ აუთვისებელ ტერიტორიაზე შედგი ფეხი და გამოხვედი ხავსმოდებული კომფორტის ზონიდან. იზრდები!
მგონი არისტოტელემ თქვა, რომ „ცხოვრება მოძრაობაა“.
ჰოდა, იმოძრავე! მაგრამ არ დაგავიწყდეს სათანადო დასვენება და რეგენერაცია, პროცესითვე ტკბობა და შენი თავის უნიკალურობა.
ეს პოსტი კონკრეტული მაგალითებით იმიტომ დავწერე, რომ ერთმა მკითხველმა მაინც დაინახოს საკუთარი თავი, დაიჭიროს რაღაც მომენტი, აენთოს, გაბედოს, გადაწყვიტოს, ამოქმედდეს.
ნიჭი, გენეტიკა და ასაკი იმდენად განმსაზღვრელი არ არის, როგორც ზემოთ აღწერილი პერზევერაცია კომბინაციაში ინტრინზულ მოტივაციასთან. ეს არის ყველაზე მაგარი, ეფექტური კოქტეილი საკუთარი ხელებით აშენებული ცხოვრებით „კაიფისთვის“.
წარმატებები ყველას სანუკვარ საქმეში, მიზნებში თუ ოცნებებში!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ: