Digest Logo

„თვლი, რომ უკვე ძლიერი ხარ, რომ უკვე გაიმარჯვე და უშვებ საბედისწერო შეცდომას - შენ დუნდები“ - ვატო მსხილაძე სულიერი ძიების გზაზე

1762331597
ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში სულიერი ძიების გზაზე არსებულ მომენტებზე საუბრობს. 

მისი თქმით, შეგვიძლია ვიყოთ შეუპოვრები, გაწონასწორებულები და სინათლის მატარებლები, მაგრამ ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის, ვუთხრათ პრინციპული და კატეგორიული „არა“ იმ პატარა „საცდურ სიამოვნებებს“, რაც წამიერად ილუზორული რეალობიდან გაქცევას გვთავაზობს:

„არსებობს მომენტი სულიერი ძიების გზაზე, როდესაც შენ, როგორც იქნა, იწყებ „გამოსწორებას“. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შენს ცხოვრებაზე იღებ სრულ პასუხისმგებლობას და აკონტროლებ აბსოლუტურად ყველაფერს - რას ჭამ, ვისთან გაქვს ურთიერთობა, რა ინფორმაციას უშვებ შენს ცნობიერებაში.

შენ მაქსიმალურად იზღუდავ ყველაფერ „საცდურს“, რაც აქამდე ენერგიას გართმევდა და შენს ვიბრაციას აქვეითებდა. ამ პროცესში შენ ძლიერდები, შენი ენერგეტიკული ველი იწმინდება, გონება ცხადდება და იწყებ იმ შინაგანი სიმშვიდისა და სიძლიერის შეგრძნებას, რომლის არსებობაც აქამდე მხოლოდ წიგნებში გეგონა. შენ აღწევ „პლატოს“, საიდანაც ცხოვრება სხვანაირად ჩანს - ნათლად, ცხადად და ჰარმონიულად და სწორედ ამ პიკზე, ამ „მე მივაღწიე“ მდგომარეობაში, იმალება ყველაზე დახვეწილი ხაფანგი. შენ თვლი, რომ უკვე ძლიერი ხარ, რომ უკვე გაიმარჯვე და უშვებ საბედისწერო შეცდომას - შენ დუნდები.

მერე მოხდა ისე, რომ მოვდუნდი, დავკარგე სიფხიზლე და დაიწყო ყველაფერი... ეს არის მომენტი, რომელსაც ყველა მაძიებელი გადის. ის „მცირე“ კომპრომისი, რომელზედაც მიდიხარ, თითქოს არაფერია - ერთი „უწყინარი“ ნეგატიური აზრი, ერთი ჭიქა ალკოჰოლი თუ ა.შ. ერთი „უვნებელი“ ჭორი, ერთი საათი უმიზნო „სქროლვა“ სოციალურ ქსელში. შენ ფიქრობ, რომ ამას იმსახურებ, რომ უკვე იმდენად ძლიერი ხარ, რომ ეს ვეღარაფერს დაგაკლებს. მაგრამ სინამდვილეში, შენ ახლახან გააღე კარი იმ ძალებისთვის, რომლებსაც მოთმინებით ელოდებოდნენ შენი მოდუნების მომენტს. და იწყება ჯაჭვური რეაქცია - გაღიზიანება, ბრაზი, აგრესია, აპათია, ცხოვრების ხალისის დაკარგვა. ამ დროს იკუმშები და უბრალოდ აუტანლობა გაქვს იმ რეალობის, რომელიც აქამდე ასეთი ჰარმონიული გეგონა. კონტრასტი იმდენად დიდია, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამ ორი მდგომარეობის შედარება. შენ ხვდები, რომ იმ სინათლის მდგომარეობიდან, რომელსაც თვეები ან წლები აშენებდი, ერთმა მოდუნებამ ისევ უკან, ძველი ენერგიების ქაოსში დაგაბრუნა.

ეს არ არის მარცხი - ეს არის ყველაზე დიდი გაკვეთილი. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ შეუპოვრები, გაწონასწორებულები და სინათლის მატარებლები, მაგრამ ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის, ვუთხრათ პრინციპული და კატეგორიული „არა“ იმ პატარა „საცდურ სიამოვნებებს“, რაც წამიერად ილუზორული რეალობიდან გაქცევას გვთავაზობს.

რატომ? იმიტომ, რომ ეს გაქცევა არის სესხი, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგვეწევა და მოგვიწევს უდიდესი პროცენტის გადახდა, რაც შემდეგ ისევ ძალიან მძიმე, ხშირად გაორმაგებულ შრომას მოითხოვს დასაბრუნებლად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა იგრძნობთ, რომ უკვე კარგად ხართ და გამოხვედით ამ ტანჯვითი პროგრამებიდან, სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი გამოცდა. ყველა მხრიდან, თითქოს მთელი სამყარო შემოწმებას გიტარებს - „რამდენად გამყარდი ამაღლებულ მდგომარეობაში? ნამდვილად აირჩიე ეს გზა, თუ უბრალოდ თამაშობდი?“.

ძველი მეგობრები, ძველი ჩვევები, ძველი სიტუაციები - ყველაფერი ბრუნდება და გთავაზობს იმას, რაზედაც ოდესღაც უარი თქვი.

ნუ შეხედავთ ამას, როგორც მარცხს. მეც კი, ამ მდგომარეობას, რომელშიც შეიძლება ახლა იმყოფებოდეთ, ვუყურებ როგორც ნათელ მაგალითს, რომელიც უდიდეს კონტრასტს გაჩვენებთ. თქვენ ვეღარასდროს იცხოვრებთ „ნახევრად“.

თქვენ უკვე იცით, რა არის სინათლე და იცით, რა არის სიბნელე და ეს კონტრასტი არის უდიდესი მოტივატორი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია არა უბრალოდ სიფხიზლე, არამედ სიფხიზლეშიც კი მტკიცე სიფხიზლის შენარჩუნება. სულიერი გზა არ არის სპრინტი, ეს მარათონია. სულ მცირე მოდუნება და გადახვევაც კი საკმარისია იმისათვის, რომ თვეობით ნალაგები ენერგეტიკული სტრუქტურა მომენტალურად აირიოს. მაგრამ ეს არ არის სასოწარკვეთის მიზეზი.

ეს არის მოწოდება, რომ გააცნობიეროთ თქვენი ძალა. მათთვის, ვინც ახლა ღრმა ტრანსფორმაციას გადის და თავს ამ „დაცემის“ მომენტში გრძნობს - იცოდეთ, რომ ეს პროცესის ნაწილია. მთავარია, არ დარჩეთ დაცემული. თუ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას აიღებ, თუ აღიარებ შენს შეცდომას განსჯის გარეშე და მტკიცედ იტყვი უარს სისტემის მიერ შემოთავაზებულ საცდურებზე, შენ იწყებ არა უბრალოდ ძველი მდგომარეობის დაბრუნებას, არამედ ახალი, ბევრად უფრო ძლიერი და ურყევი ცნობიერების აშენებას. თქვენი „დაცემა“ გახდება თქვენი ფუნდამენტი. და მაშინ... მაშინ თქვენ უბრალოდ ისეთ მწვერვალებს მიაღწევთ, რისი დაჯერებაც კი ძნელია, არათუ მისი ტექსტის სახით გადმოცემა. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ის „მწვერვალი“, რომელიც ადრე საბოლოო მიზანი გეგონათ, სინამდვილეში მხოლოდ პირველი საფეხური იყო იმ უსასრულო შესაძლებლობების კიბეზე, რომელიც თქვენს წინაშე იშლება“, - წერს ვატო მსხილაძე. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ზამთარში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

„თუ დღეს რაიმე კრიზისი ან დაძაბულობა წარმოიშობა - მშვიდად მიიღე“ - თაკო მელიქიშვილი 5 ნოემბრის ენერგიებზე

5 გზა, რომელიც შენს სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს - „ამ დროს სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს, კუნთებიც ძლიერდება“