Digest Logo

„ვინ დაწერდა ასეთ ლექსს...ჩვენი დროის უცნაური ესთეტი“ - გია მურღულია ტარიელ ჭანტურიას ემშვიდობება

1783759699
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ტარიელ ჭანტურიას ემშვიდობება:

„ტარიელ ჭანტურია შეუერთდა მარადისობას.

უკვე დიდი ხანია ნათელია, რომ გამორჩეული და შესანიშნავი პოეტია - ძალიან ორიგინალური ფიქრითა და გამოხატვის უნიკალური კულტურით.

ბევრჯერ შევხვედრივართ, არაერთხელ მქონია შესაძლებლობა მისთვის მომესმინა - ამ ადამიანის სერიოზული მსჯელობაც და პიკანტური ხუმრობაც ნიჭიერების დემონსტრირება იყო.

და ვერავინ ამსახურა სიბრძნეს ირონია მისებურად.

ჩემი ერთი წერილით მინდა გამოვეთხოვო ძვირფას ტარიელს - წყობილი სიტყვის რაინდს.

პოეზიის პედაგოგიკა

წლების წინ, ერთი შეხედვით, უცნაური ლექსი წავიკითხე, რომლის სათაურიც ასეთია: „ერთხელ ქორწილიდან დაბრუნებულს როგორ დამირიგებია შვილი“.

ვინ დაწერდა ასეთ ლექსს, თუ არა ტარიელ ჭანტურია - ჩვენი დროის უცნაური ესთეტი.
ლექსი ასეთია:

„რამდენიმე ვინმეა მშვიდობისთვის საშიში:
გერმანია, ჩინეთი და, ცხადია, აშშ.
რამდენიმე რამეა კაცისათვის საშიში:
ნიკოტინი, არაყი და, ცხადია, ჰაშიში.
რამდენიმე გუნდია „დინამოსთვის“ საშიში:
„აიაქსი“, „რეალი“ და, მე მგონი, „ვაშაში“.
ერთადერთი რამეა ჭერისათვის საშიში:
ტაში შინ და ტაში გარეთ, ტაში გარეთ, ტაში შინ“.

ის, რომ აქ წინარე ცხოვრების რეალიები (გერმანია, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მაინცდამაინც გულზე რომ არ ეხატებოდა საბჭოთა სახელმწიფოს ან თბილისის „დინამო“ რომ სუპერკლუბი იყო) ჩანს, ახლა მთავარი არ არის. არც იმის აქცენტირება ღირს, რომ აქ ნაბეჭდი მეოთხე სტრიქონი, მავნე ჩვევათა განხრით, მავანთათვის დროს არ ექვემდებარება. მთავარი ლექსის საერთო განწყობაა, მისი „სულია“.

ეს განწყობა რომ ირონიულია, ცხადია, მაგრამ მაინც რა წერია აქ?

პირველი აზრი ზედაპირზე დევს - ყველაფერს ახლავს თავისი საშიშროება და სახლის ჭერისთვის ეს შეიძლება გამუდმებული ტაშისკვრა იყოს - გამოცემული ბგერის ძალით რომ ჩამოაქცევს. თუმცა ეს ზედაპირული აზრი სწრაფადვე ფერმკრთალდება, რადგან „ტაში შინ“ ამგვარ საფრთხეს მართლაც მოიცავს, მაშინ როდესაც „ტაში გარეთ“ საამისოდ არ გამოდგება.

აქ ცოტა მეტი დაკვირვებაა საჭირო - პოეტს, მაშინდელ მიზეზთა გამო, აზრი შეუნიღბავს და რაც დამალულია, მისი დანახვა, გაგება და გააზრება გვმართებს.


პირველი კითხვა ასეთია - რას ნიშნავს გამუდმებული ტაშისკვრა ყველგან - შინ თუ გარეთ?
ეს ხომ იმას გვამცნობს, რომ ადამიანი ყოველთვის აღფრთოვანებულია და საკუთარ მოწონებასა და აღტაცებას დაუფარავად გამოხატავს.

დეტალისთვის შეიძლება დავამატოთ, რომ ასე შესაძლოა სულაც არ ფიქრობდეს, მაგრამ რაღაც მიზნისთვის, სხვების დასანახად, მაინც „ამ ტიპისად“ იქცეოდეს.

ეს ცხოვრების წესად და პრინციპად მოჩანს მავანთათვის - ბევრისთვისაც.

რა არის ამგვარი ქცევის სახელი?

პასუხი მარტივია და დიდი ხანია ცნობილია - შემგუებლობა.

ტარიელ ჭანტურია შემგუებლობასა და შემგუებლებზე ესაუბრება თავის ვაჟს და ყველა დანარჩენსაც.
შემგუებლობა ცალკე ადამიანისა თუ მთლიანად ერის უპირველესი გამანადგურებელი და უარმყოფელია - კაცი თუ ქვეყანა, რომელიც ამგვარი ცხოვრების წესით ცხოვრობს, საკუთარ ბუნებას კლავს და ღირსეული მომავლის გარეშე რჩება.

რაკი ლექსში ეს ყველაფერი დავინახეთ, ბოლო სტროფსაც დავაკვირდეთ.

პირველი სამი სტროფი იწყება სიტყვით „რამდენიმე“, ბოლოს კი სხვა სიტყვა იწყებს - „ერთადერთი“.
რატომ?

იმიტომ რომ, მთავარი სათქმელი სწორედ აქ არის და პოეტი ერთგვარ მინიშნებას აკეთებს - ერთადერთი რამეაო ჭერისათვის საშიში.

ეს „ჭერი“ ამ ადგილას რაღაც უხერხულად იშმუშნება - არ ღირს მასზე ამგვარ სერიოზულ კონტექსტში ლაპარაკი.
აბა, რაშია საქმე?

რაშია და, აქ „ჭ“ ზედმეტია!

ერთადერთი რამეა ე რ ი ს ა თ ვ ი ს საშიში - აი, რისთვის დაიწერა ეს ლექსი.

პოეტი გვეუბნება, რომ ნებისმიერ ერს აქვს ღირსება და მომავალი, სანამ ის იბრძვის, ცხოვრობს და შრომობს ამ ორი სიტყვისთვის.

და ორივე სიტყვა დაუნდობლად გადაიქცევა საკუთარი თავის კარიკატურად, როდესაც ერი ეგუება თავის ხვედრს და ნებდება განსაცდელს.

სწორედ ამ წამიდან უკრავს ადამიანიც და ერიც ტაშს ყველგან, ყველას და ყოველთვის.

თითქოს უბრალო ტექსტია, არა? - გაეცნობი, გაგეცინება და მალევე დაივიწყებ.

არ არის ასე! - ალბათ 50 წლის წინ წავიკითხე ეს ლექსი პირველად, მაგრამ არ მავიწყდება - პოეტის ვაჟივით სულ მაფრთხილებს, რომ შემგუებლებს არ შევუერთდე“, - წერს გია მურღულია.

ცნობისთვის, ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ფრთხილად იყავით“ - 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕ „ულამაზესი გოგო“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე იტალიიდან

⭕ ესპანეთის ნაკრები 16-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია