Digest Logo

„ვინც ძაღლი მიატოვა, საკუთარი ადამიანობაც დატოვა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1768391477
გიორგი კეკელიძე

მწერალი და ლიტერატორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მიტოვებული ძაღლის თემაზე ემოციურ და მწვავე ტექსტს აქვეყნებს. ავტორი ადამიანურ პასუხისმგებლობაზე, თანაგრძნობასა და იმ ზღვარზე საუბრობს, რომელიც ადამიანს ადამიანად ტოვებს ან ამ სტატუსს ართმევს მას.

კეკელიძე ტექსტში მიტოვებული ძაღლის მოლოდინს აღწერს, რომელიც პატრონს ისევ ელოდება და ვერ ხვდება, რატომ არ ბრუნდება ის, ვისაც ენდობოდა.

„არ არსებობს იმაზე უფრო საშინელი, ანგელოზივით გულუბრყვილო ლოდინი, მიტოვებული ძაღლი რომ ელის პატრონს მეთქი - უნდა დამეწერა, მაგრამ პატრონი წაშლილი სიტყვაა იმ ადამიანის ლექსიკონში და გაუგებარი.

დგას ძაღლი და ჰგონია, რომ ადამიანი გავიდა იქვე და ორ საათში დაბრუნდება.

თვალს აყოლებს გამვლელებს და უკვირს, რატომ არ არის ეს ის კაცი ანდა ქალი, ვისაც იცნობდა.

დავწერდი ასეთ მეტაფორებს, ზედაპირულებს:

ადამიანი, ვინც დატოვა საკუთარი ძაღლი, მასთან ერთად საკუთარი ადამიანობა დატოვა და ვინც წავიდა და აღარ დაბრუნდება, საკუთარი ადამიანობიდან წავიდა-მეთქი, მაგრამ სასაცილოა.

რადგან სასაცილოა, ის ვინც „ადამიანი“ საქებარ სიტყვად მოიგონა.

ძაღლებს არ აქვთ პასუხი საკუთარ შეცდომებზე, ადამიანებს აქვთ - ერთის პასუხი და მეორეს უპასუხობა იგივე მიზეზითაა - ძაღლებიც და ადამიანებიც სულ მართლები არიან, ოღონდ ძაღლებმა არ იციან რას აშავებენ, თუ აშავებენ და ადამიანებმა - შესანიშნავად.

ამიტომაც არის ორივე სულ მართალი. ამიტომაც არის სამართალი სხვადასხვა და მხოლოდ სიტყვით გაუზომელი.
ადამიანს, ვინც წუხელ საკუთარი ძაღლი ქუჩაში დატოვა, სიზმრები აღარ ესიზმრება - ამის მერე
არ შეიძლება იძინებდე და სიზმარს უძლებდე.

„რა იცი, როგორ უჭირდა, რომ ტოვებდა?“ - ამბობს სავლე და სავლე ამბობს - „ეგებ დაუღრღნა ყველაფერი? პაპამისის დატოვებული ტახტი, მამიდამისის დატოვებული ხელჩანთა?“.

ამიტომაც, ეს ლექსი ეძღვნება ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია გაუყოს, არ შეუძლია დათმოს
და მოითმინოს.

ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია თვალები დახუჭოს იმაზე, რომ უჭირს და საკუთარი პური გაუყოს.

არ შეუძლია თვალი დახუჭოს იმაზე, რომ დაგლეჯილი ნივთი ნახა.

არ შეუძლია თვალი დახუჭოს იმაზე, რომ ყეფა აღვიძებს.

თვალი დახუჭოს და სიზმრები ვეღარ ნახოს“, - წერს გიორგი კეკელიძე.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „როცა დიდხანს სხედხართ, ეს ტუმბო ითიშება, შედეგი კი არის შეშუპება, დაღლილობა...“ - რა როლს ასრულებს წვივები სისხლის მოძრაობაში?

🔵„ოჯახის ემოციური „მეხამრიდი“, ყველაზე ჩუმი და დაღლილი - ეს უფროსი შვილია...“ - რას წერს რამაზ გიგაური

🔵🎥 „ჰონკონგის“ ვირუსი, გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის გზები - კოტე თოდუას რჩევები