
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მეორედ მოსვლაზე წერს.
როგორც თავად აღნიშნავს, ეს არის თემა, რომლისაც ქრისტიანთა ნაწილს არ სჯერა, ზოგიერთი კი ზედმეტად მძაფრად აღიქვამს და ამბობს, რომ მეორედ მოსვლა უკვე დაწყებულია.
მამა ლევანი ამბობს, რომ ის ვინც ილოცებს, იშრომებს, მცირედით დაკმაყოფილდება, არ შეცოდავს და ადამიანების მიმართ პოზიტიურად იქნება განწყობილი - გადარჩება:
„მეორედ მოსვლა - ეს არის საკითხი, რომელიც სამწუხაროდ, ზოგ ქრისტიანს საერთოდ არ სჯერა რომ იქნება.
ზოგი ზედმეტი სიმძაფრით უდგება და ამბობს, რომ დაწყებულია.
ეკლესიას აქვს წინასწარმეტყველებები, რომელნიც სრულდება და მათი ცოდნით ყველა მიხვდება, როცა დაიწყება მეორედ მოსვლა.
I. რომის იმპერიის დანგრევა.
II. იოანე ნათლისმცემლის მსგავსად გამოჩნდება ანტიქრისტეს წინამორბედი, რომელიც ჯადოქრობით დაიწყებს ხალხის მოტყუებას.
III. ანტიქრისტეს გამეფების წინა დღეებში, უფალი მორწმუნეთა გასაძლიერებლად, დედამიწაზე გამოგზავნის წმინდა ელია თეზბიტელს და ენუქს. რომელნიც მრავალ სასწაულს მოახდენენ.
IV. ებრაელთა ნაწილი ქრისტესაკენ მოექცევა, ნაწილი კი ანტიქრისტეს სცემენ თაყვანს, როგორც მესიას.
V. ანტიქრისტე იქნება ადამიანი, რომელიც იმოქმედებს მასში შესახლებული სატანის ძალით. იგი უარყოფს ყველა ღმერთს, თავს ღმერთად გამოაცხადებს და მოითხოვს რომ, მთელმა მსოფლიომ მას სცეს თაყვანი.
VI. აღადგენს იერუსალიმში დავითის ტაძარს, მის შთამომავლად გამოაცხადებს თავს და დაიდგამს ტახტს.
VII. ანტიქრისტე დახოცავს მის მამხილებელ ელიას და ენუქს, მათი სხეულები იერუსალიმის ქუჩაში ეყრება, მესამე დღეს აღდგებიან და ავლენ ისევ ზეცად.
VIII. ანტიქრისტე ხალხთა საცდუნებლად მოახდენს ბევრ სასწაულებს, შექმნიან მის ხატს, და ყველას ვინც თაყვანს არ სცემს მოკლავენ.
IX. ანტიქრისტეს წინამორბედი, ძალით არა, მაგრამ ისეთ პირობებს შეუქმნის ყველას რომ, დაიდონ განდგომილის წარწყმედული ნიშანი, მარჯვენა ხელზე-რათა კეთილი საქმეების კეთების ძალა წაერთვათ და შუბლზე-რათა სრულად დაბნელებულებმა, თავისუფლად აკეთონ ბოროტი საქმეები, რომელნიც ბოლოს იმ სასჯელს გაიზიარებენ, რაც დაედება სატანას.
ანტიქრისტეს ბილწი სახელი არ ჩააწერინა უფალმა ბიბლიაში და ამიტომ არ ვიცით. მხოლოდ გვითხრეს რომ მისი რიცხვი იქნება 666. მიუხედავად იმისა რომ, ვისაც არ ექნება ეს ნიშანი, ვერ შეძლებს ყიდვა-გაყიდვას, და ზოგადად ვერაფერს რაც ცხოვრებისეული მინიმუმისთვის აუცილებელია, ღვთის ხალხი ამ ნიშანს მაინც არ მიიღებს.
ამიტომ, არასდროს, არავინ და არაფერი ან უნდა გიყვარდეს ღმერთზე ძალიან, არ უნდა მიივილტვოდე ფუფუნებისკენ, უნდა შეგეძლოს ყველაფერზე უარის თქმა.
X. თუ ვინმეს ძალით, მოტყუებთ დაადებენ ანტიქრისტეს ნიშანს, ეს მის სულს არაფერს ავნებს. ხოლო ამ ნიშნამდე, უსაფუძვლოა შიში: აიდი ბარათების, სახელმწიფოსგან თავის მოქალაქეებზე ნომრების მინიჭებისადმი და ა.შ.
XI. როდესაც ანტიქრისტე გამეფდება და ყველა ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში, იგი დაიწყებს ღვთის ხალხის უსასტიკეს დევნას. ისეთი უბედურება იქნება, როგორიც არასდროს ყოფილა. ქუჩაში ეყრება მკვდარი ხალხი.
XII. ანტიქრისტეს მეფობა გაგრძელდება სამი წელიწად-ნახევარი. და შემდეგ ზეცაზე გამოჩნდება ისეთი დიდი ჯვარი, რომელსაც ყველა დაინახავს, და დიდებით მომავალი უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ეშმაკის მეფობას.
ვინც ცოცხალი შეესწრება ამ მოვლენებს, ანგელოზთა საყვირის ხმაზე, წამიერად განიცდის სიკვდილს, ხოლო ყველა გარდაცვლილი სული გაცოცხლდება და შეისხამს უკვდავ ხორცს.
XIII. ის ადამიანები, ვინც იცხოვრეს ქრისტესთვის, იწვალეს, დაიღალნენ, ეწამნენ, ზეცად შეეგებებიან უფალს, და მარადიულად იცხოვრებენ მასთან ერთად ნეტარებაში.
ხოლო ვინც დედამიწაზე დარჩება, არაეკლესიურნი, ცოდვილნი, ანტიქრისტეს ბეჭედ მიღებულნი, გაშავდებიან, და ეშმაკებთან ერთად წავლენ მარადიულ ტანჯვაში, სადაც ცეცხლი დაწვავს, მატლი შეჭამს, მაგრამ ცოცხლები იქნებიან.
ჩვენ მოვესწრებით თუ არა ამ ყველაფერს, არავინ იცის და არც ეცოდინება, ამიტომ სულ უნდა გვახსოვდეს ბიბლიის სიტყვები: „მღვიძარე იყვენით", ანუ ყველა დღე ისე უნდა დააღამო რომ, შენზე არც ღმერთი მძვინვარებდეს და არც კაცი, თუ არა და პირველს აღსარებით უნდა შეურიგდე, მეორეს შენდობის თხოვნით.
ვილოცოთ, ვიშრომოთ, არ დავიღრიჯოთ, მცირედით დავკმაყოფილდეთ, ხალხს გავუღიმოთ, არ ვცოდოთ და გადავრჩებით“, - წერს მამა ლევანი.
ასევე დაგაინტერესებთ: