ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„მოძებნა“ - ეს ნიშნავს, რომ მიზანი დაისახა, მოქმედება დაგეგმა, გაისარჯა და სასურველი შედეგი მიიღო.
„იპოვა“ - ეს არსებითად ნიშნავს, რომ შემთხვევით ნახა.
ნამდვილად ასეა?
მეორე განმარტება თითქოს მოიკოჭლებს.
რას ნიშნავს „შემთხვევით ნახა“?
ძებნა პროცესია, პოვნა - შედეგი. ამ პოვნას წინ შესაძლოა გაცნობიერებული მოქმედება უსწრებდეს, შესაძლოა - გაუცნობიერებელი, შემთხვევითი.
მაშასადამე, მეორე განმარტება არასრული ყოფილა.
ახლა ეს მითხარი:
თუ დიდად სასურველ რამეს იპოვი, შენთვის სულ ერთი არ იქნება, ამ სიტყვას („პოვნა") ვინ როგორ განმარტავს?!
ამიტომ ამბობენ ძველები: „ღვეზელზე მსჯელობას ღვეზელის ჭამა სჯობს“.
სიცოცხლეზე მსჯელობაც ვერ ჩაანაცვლებს თავად სიცოცხლეს.
ამიტომ არის აწმყო ყველაზე მნიშვნელოვანი.
„ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის...“ - წერია მათეს სახარებაში (6,34). ეს არ არის მომავლის უგულებელყოფა - ხვალინდელი საზრუნავით დღევანდელი ცხოვრების დამძიმებისგან გათავისუფლებას ნიშნავს.
სიტყვა „დღეს“ არსებობის სისავსესა და სიხარულს გამოხატავს.
ფიქრი სიცოცხლისაა.
როდესაც ის (ფიქრი) თვითმიზანი ხდება, „გუშინ“ და „ხვალ“ ჭამს ადამიანის ცხოვრებას.
ასეთ დროს კი არ ცხოვრობ, მხოლოდ პრობლემების გადაწყვეტაზე კონცენტრირდები - ესეც ცხოვრებაა, მაგრამ მარტო ეს არ არის ცხოვრება.
სად არის ამ დროს მადლიერება ღვთის წინაშე, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა?
სად არის ყველასგან სანატრელი მშვიდი ბედნიერება არსებობისგან არსებობისთვის?
ამბობენ, რომ ვინც ეძიებს, პოულობს კიდეც.
ამას მხოლოდ ის აღემატება, როდესაც გარეთ საძებარს შენ თავში პოულობ.
ვისაც სწამს, ღმერთის მოსაძებნად მოგზაურობა არ სჭირდება - ის ყოველთვის „აქ“ არის“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება
⭕ სანდრო მამუკელაშვილი – „მოუთმენლად ველი დონჩიჩის გვერდით მოედანზე გასვლას“