საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მამის გარდაცვალების დღეს სოციალურ ქსელში იხსენებს და იმ ემოციებზე წერს, რაც მაშინ განიცადა, როდესაც მის გამო გამაგრებულმა დედამ ეს ტრაგიკული ამბავი შეატყობინა.
„სადღაც საათის ჩაძინებული, დილის ექვსისკენ, დედაჩემმა გამაღვიძა და საოცრად მტკიცე ხმით მითხრა: მამაშენი აღარ არის, გიორგი, იცოდე, შენ კარგად უნდა იყო, ასე უნდოდა მამაშენს. ყოფილა წუთი, როცა ერთდროულად ხვდები ყველაფერს და ვერაფერსაც. მერე ეს წუთი სამუდამოდ გრძელდება, სხვა წუთებს გვერდით მიჰყვება გაყინული. სხვა წუთებში ყველაფერი ხდება, რაც სიცოცხლის წესია _ სამუშაო, სიყვარული, შური, სიხარული, დაღლა, გაოცება, ტკივილი. ეს წუთი კი ისევ ისეთია. ეს დამატებითი წუთი. ზუსტად იმ ჭერის ფერი, რომელსაც უმიზნოდ ავხედე, როცა საგანგებოდ ჩემთვის გამაგრებულმა დედაჩემმა ის სიტყვები მითხრა. დედაჩემმა, თვითონაც ავადმყოფმა, საღამოობით ძლივს რომ იდგა ფეხზე და ახლა ბზარდამალული ხმით მელაპარაკებოდა.
ის წუთი, ალბათ, არ გალღვება. არც დანარჩენ წუთებს შეერევა. თუ შეერია, ხელოვნური გახდება ყველაფერი, ცხოვრება კი სხვა ამბებს გულისხმობს _ მოუსვენრობას და სიცხეს. ასეთი წუთები სიკვდილის მერე დაიძვრებიან. თუ სული არსებობს და თუ სული უკვდავია, ასეთ წუთებში იცხოვრებს სული. ეს იქნება მისი სამოთხე ან ჯოჯოხეთი“, - წერს გიორგი კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„როლზე დამამტკიცეს, უსაშველოდ გახარებული და ცოტა დამფრთხალი ვარ!!!“ - ზურა შევარდნაძე
🔵„მოასწარით და შეიძინეთ უძრავი ქონება“ - რას წერს ოთო აბესაძე
🔵კახელებმა ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს