სოციალური ქსელის მომხმარებელი ვიქტორია ბუკია ფეისბუკზე აფხაზეთის ომის პერიოდს იხსენებს და ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„აფხაზეთის ომის დროს მე და ჩემი ოჯახი ფოთისკენ მიმავალ უკანასკნელ კატერში ჩავსხედით.
სოხუმი დაცემული იყო და გადარჩენის ეს ბოლო შანსი გვქონდა. როცა ქალებითა და ბავშვებით სავსე კატერმა ზღვაში შეცურა, მას სროლა დაუწყეს.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მხოლოდ 4 წლის ვიყავი, თუ დაიჯერებთ, ძალიან ცხადად მახსოვს ეს მომენტი, რადგან ბავშვმაც ვიგრძენი, რომ რაღაც საზარელი ხდებოდა. ყველა დედამ თავისი შვილი ჩაიხუტა, რადგან ეს ჩახუტება, შესაძლოა, უკანასკნელი ყოფილიყო. მე კი, რატომღაც, დედის გვერდით არ ვიჯექი, საშინელი სივიწროვე იყო და ცოტა მოშორებით აღმოვჩნდი.
დედა ძმას ეხუტებოდა. მე კი ისეთმა უმწეობის და შიშის შეგრძნებამ მომიცვა, რომ დღემდე მომყვება. რამდენიმე წუთში ყველამ შვებით ამოისუნთქა - ჩვენს კატერს უკრაინელების უზარმაზარი გემი მოადგა და ჩვენ ყველა მასში გადავსხედით.
მახსოვს ის გემი და უკრაინელები, რომლებიც ჩვენს მშველელებად დარჩნენ ჩემს ბავშვურ მეხსიერებაში, რომლებმაც მაშინ უამრავი ჩემნაირი პატარას სიცოცხლე გადაარჩინეს.
მადლობა თქვენ! დიდება უკრაინას! “, - წერს ვიქტორია ბუკია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოვიდა