Digest Logo

„12 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა... დედაჩემის მაგალითმა მასწავლა, რომ ყოველთვის ჩემი თავის იმედი უნდა მქონდეს“ - ნინო მუმლაძე მარტოხელა დედობაზე

1789714370
ნინო მუმლაძე

მსახიობი ნინო მუმლაძე, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული ნათიას როლით მოიპოვა, ანა ტყებუჩავას პოდკასტს სტუმრობდა. გადაცემაში მან მარტოხელა დედობაზე ისაუბრა.

„რთული იყო ორივე ეტაპი - ქორწინებაც და განქორწინებაც, ახალ მდგომარეობაში გადასვლა...

მამასთან აქვს ჩემს შვილს კონტაქტი, არ არის წასული მისი ცხოვრებიდან. ურთიერთობა აქვს და, ნუ, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ როდესაც დაუდგება ის ასაკი, როდესაც ბიჭს რაღაცა კითხვები გაუჩნდება, რომელიც შეიძლება დედას ვერ დაუსვას, ალბათ ექნება მამის იმედი,და იმედი მაქვს, რომ ეს ასაკი უმტკივნეულოდ ჩაივლის მისთვის“, - ამბობს მსახიობი. 

მან ასევე ოჯახის შესახებ ისაუბრა და როგორც თავად ამბობს, 12 წლის იყო როდესაც მამა გარდაეცვალა და დედამ მარტო გაზარდა.

„თორმეტი წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. უკვე გარდამტეხი ასაკი მქონდა, ემოციურად რთულად მომიწია ამ ყველაფრის გადატანა, ალბათ, უფრო, ვიდრე სხვა ასაკში იქნებოდა. ყველაფერი გავაცნობიერე. მქონდა ძლიერი ემოციური ფონი და რაღაც გარდატეხები ალბათ მოხდა ჩემში ამის საფუძველზე.

დედაჩემმა ყველაფერი გააკეთა, რომ არ დაგვკლებოდა არაფერი. განათლებაც მივიღეთ და ყველაფერი. უბრალოდ, რაღაც სტერეოტიპი ჩამომიყალიბდა იმისა, რომ რადგან მე გოგო ვარ და ვხედავდი დედაჩემს, როგორ წვალობდა... თან ეს იყო ოთხმოცდათექვსმეტი წელი, მამაჩემი რომ გარდაიცვალა. ურთულესი პერიოდი იყო ქვეყანაშიც და ქალმა, რომელიც ფორტეპიანოს მასწავლებელია, არ ვიცი, რაღაცნაირად მოახერხა, თავი გაიტანა...და როდესაც ამას ვხედავდი, რაღაც სტერეოტიპი ჩამომიყალიბდა თავში, რომ უნდა იყო ძლიერი, უნდა იყო დამოუკიდებელი, არავის იმედზე არ უნდა იყო, იმიტომ, რომ არავინ არ იცის, ცხოვრება რას გიმზადებს.

შეიძლება არაჩვეულებრივი ადამიანი გყავდეს გვერდით, რომელიც მართლა მზრუნველიც არის და ყველაფრით გვერდში გიდგას, მაგრამ არავინ არ იცის, ხვალ რა გველოდება. ამიტომ ყოველთვის უნდა გეიმედებოდეს შენი თავი.და ალბათ, ეს იყო ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ზეგავლენა ჩემზე, რამაც რეალურად წარმართა ჩემი ცხოვრება ისე, რომ, აი, როგორც შენ აღნიშნე, საზოგადოებაც ასე გიცნობსო. რაღაცნაირად მაინც სულ მედო თავში, რომ მე ჩემი თავის იმედზე უნდა ვიყო მთელი ცხოვრება და მოვდივარ აქამდე“, - ამბობს ნინო მუმლაძე.

ცნობისთვის, ნინო მუმლაძე წარმატებული ქართველი მსახიობია. მას დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელსვე დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წლიდან კი თავისუფალი თეატრის მსახიობია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕18 სექტემბერი ფულადი ცხრიანისა და ფინანსური ჯეკპოტის დღეა - რა უნდა გააკეთოთ დღეს სიუხვის მოსაზიდად, რას გვირჩევს თაკო მელიქიშვილი

⭕„მაშველი რგოლი მოულოდნელად გამოჩნდება, თუმცა დღეს თავად უნდა ავირჩიოთ სინათლე“ - 18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით