დუეტ „ლეონის“ წევრებს, მომღერალ ლევან წვერავასა და მის ულამაზეს მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს, 29 მაისს მეორე შვილი შეეძინათ. წყვილი ორი ვაჟკაცის მშობელი გახდა. პატარა იესეს დაბადებისა და სამშობიარო ბლოკში განცდილი საოცარი ემოციების შესახებ ლევან წვერავა ჟურნალ „თბილისელებთან“ ვრცლად საუბრობს.
მომღერალი აღნიშნავს, რომ პირველი შვილის, ნოეს დაბადებას კოვიდპანდემიის გამო ვერ დაესწრო, თუმცა ამჯერად მეუღლის გვერდით, სამშობიარო ბლოკში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო პერსონალმა წყვილს სიურპრიზი მოუწყო:
„სასწაული ყოფილა სამშობიარო ბლოკში ყოფნა და იმ განცდის გააზრება, როცა ამ კადრებს შენი თვალით უყურებ. რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალმა იცოდა ვინც ვიყავით და იესეს დაბადების მომენტში ჩვენი სიმღერები ჰქონდათ ჩართული. ასე რომ, ბავშვმა პირველად დედ-მამის ხმა გაიგო და პატარა ბიჭი იესე დუეტ „ლეონის“ სიმღერების ფონზე დაიბადა“, - იხსენებს მომღერალი.
ლევანის თქმით, სახელი იესე თავად მოიძია ინტერნეტში და ნინის იმდენად მოეწონა, რომ არჩევანი მაშინვე მასზე შეაჩერეს. რაც შეეხება მსგავსებას, მომღერალი ხუმრობს, რომ შვილები ნამდვილი „მიქსები“ არიან:
„თვალდახუჭული მე მგავს, თვალგახელილი - დედას, მომენტებში კი თავის ძამიკოს“.
მომღერალი 44 წლის ასაკში მეორე შვილის მამობას განსაკუთრებული ემოციით შეხვდა და სამომავლო გეგმებიც გაამხილა. მისი თქმით, წყვილი გოგონას დაბადებაზეც ფიქრობს, რათა ოჯახში „გენდერული ბალანსი“ აღდგეს:
„პირდაპირ ვამბობ, გიმხელ და არ ვმალავ, რომ მინდა, ვიყო მრავალშვილიანი მამა და მე და ნინი გაჩერებას არ ვაპირებთ. თავიდანვე გვინდოდა, ვყოფილიყავით მრავალშვილიანი ოჯახი... ძალიან მინდა კიკინებიანი გოგოს მამობაც. მე ორი ბიჭის მამა ვარ, ჩემი ძმისშვილებიც ბიჭები არიან და დედაჩემი ხუმრობს: სრული პატრიარქატია ჩვენს ოჯახშიო. აუცილებლად ვეცდებით, მომავალში კიკინებიანი გოგონას მშობლები გავხდეთ, ორ ბიჭსაც ხომ უნდა დაიკო?“ - აღნიშნავს ლევან წვერავა.
მომღერლის თქმით, უფროს შვილს, ნოეს, მცირე ეჭვიანობა ჰქონდა, თუმცა ძამიკოს საოცარი ემოციით შეხვდა და ახლა, როცა ბავშვი ტირის, მშობლებს დაბნეული სთხოვს, ჩქარა აჭამონ.
რაც შეეხება პატარა იესეს სოციალურ ქსელში გამოჩენას, წყვილი ცრურწმენებს გამორიცხავს, თუმცა ფოტოების გამოქვეყნებას 40 დღემდე, ნათლობის შემდეგ გეგმავს. ლევანი და ნინი უდიდეს მადლობას უხდიან ყველა ნაცნობსა თუ უცნობ ადამიანს იმ უზარმაზარი სიყვარულისა და თბილი მილოცვებისთვის, რაც ამ დღეებში მიიღეს.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძილის წინ ეს იგივეა, მანქანა მთელი ღამე დაქოქილი დატოვო“ - გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ!
🎥 „ერთხელ და სამუდამოდ დავამსხვრიოთ ეს მითი!“ - შეიძლება თუ არა ზაფხულში „ცე“ ვიტამინის გამოყენება?