Digest Logo

„ჩემი და კიბოთი გარდაიცვალა, ის ვლად არამოვის დედა იყო... ეს წელი ცუდად დაიწყო, ჯერ მშობლები დავკარგე, მერე დედმამიშვილი“ - ლოლა წერეთელი

1/2/2023 • 13:10
ლოლა წერეთელი

მომღერალი -  ლოლა წერეთელი გამოცემა „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ 2023 წელი მისთვის ტრაგიკულად დაიწყო. როგორც თავად ჰყვება დედმამიშვილი დაკარგა.

„ეს წელი პირადად ჩემი ოჯახისთვის ძალიან ცუდად დაიწყო - უფროსი და გარდამეცვალა. ჩემი და ვლად არამოვის დედა იყო. ალბათ, იცით ვლადი, მომღერალი ბიჭია. ჩემს დას კიბო ჰქონდა. დაახლოებით, 25 წლის წინ დაუსვეს ეს დიაგნოზი და მას შემდეგ მკურნალობდა. ძალიან კარგი ექიმები ჰყავდა, ოპერაცია გაუკეთეს და ოცი წელიწადი ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაიწყო პრობლემები. ცუდად იყო, მეტასტაზები ორგანიზმს მოედო და ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ დავკარგეთ. მე ამ დროს ნიუ-იორკში ვიყავი. ვლადიც ამერიკაში ცხოვრობს და ორივე მაშინვე ჩამოვფრინდით საქართველოში. სხვანაირად როგორ შეიძლებოდა?! არც დავფიქრებულვართ, იმწუთას გამოვფრინდით. ჩემი და მიწას მივაბარეთ და ისევ დავბრუნდით. ასეთია ჩემი ახალი წლის დასაწყისი, სამწუხაროდ.

ჩვენ ძალიან კარგი დაძმობა გვაქვს, ასე გავიზარდეთ. დედას და მამას საკუთარ ოჯახებთან, დებთან-ძმებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ჩვენ ბიძის, მამიდის და დეიდის შვილებზე არასდროს გვითქვამს, მამიდაშვილი, დეიდაშვილი ან ბიძაშვილი, ჩვენი ძმა, ჩვენი და – ასე ვამბობდით. ეს შემთხვევითი არ იყო, ჩვენ მართლა ერთ ოჯახად ვცხოვრობდით. საცხოვრებელი ადგილი სხვადასხვა გვქონდა, მაგრამ ურთიერთობები – ძალიან ახლო. მამაჩემის ძმასთან რომ ჩავდიოდი, მამას მას ვეძახდი და დედას მის მეუღლეს. ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროდ, უკვე არცერთი მამა და არცერთი დედა აღარ მყავს.

ხომ ამბობენ, სანამ დედიკო და მამიკო ცოცხალია, ოჯახი ძალიან მყარი და ერთიანიაო. როცა მშობლები ამ ცხოვრებიდან მიდიან, უკვე დიდები ვართ და ყველას თავისი ოჯახი აქვს. ვერ ვიტყვი, რომ მთელი წელი ჩემს დასთან ვიჯექი, მაგრამ ურთიერთობა ძალიან კარგი გვქონდა და ერთი ძლიერი ოჯახი ვიყავით.

დედმამიშვილი პირველად დავკარგე და ეს ძალიან დიდი ტკივილია, დიდი დარტყმაა ჩემთვის. ბოლო ხუთი წელი სულ ქიმიებს იკეთებდა, მაგრამ ამ ტრაგედიას მაინც ვერ ავარიდეთ თავი“,- ამბობს წერეთელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘„ყველაფერს ველოდი ამ პასუხის გარდა... ვინ მომცემს გარანტიას, რომ ჩემი შვილი უფრო არ დამძიმდება“ - რას წერს ანა მიქაძე

🔘„ბებიაჩემის დროინდელი ტელეფონით სელფი გადამიღო და 15 დოლარი ამახია“ - რას წერს გურამ შეროზია?

🔘🎥 90 წლის ელდარ შენგელაიას და ნანული სარაჯიშვილის ცეკვამ ფურორი მოახდინა – კადრები რეჟისორის დაბადების დღიდან

წყარო: tbiliselebi.ge