
მომღერალი თემურ თათარაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას ხშირად ახერხებს, ის ხშირად ეხვევა სკანდალებში და იქცევს ყვითელი პრესის ყურადღებას.
„დაიჯესტი“ დღეს, ამ ბლოგში, სწორედ თემურ თათარაშვილის აქამდე უცნობ ამბებს და მის პირადზე გიამბობთ:
ცოლი და შეყვარებული
თემურ თათარაშვილის მეუღლე ნინო ადამაშვილია, წყვილს ერთი შვილი - მარიამი ჰყავს.
როგორც თემურის მეუღლე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, მეუღლის გარეშე ცხოვრება ხშირად უწევდა.
„მე ამას ქორწილის დღიდან ვარ მიჩვეული – თვეში ორჯერ სადღაც მიდიოდა და მეც და მარიც შევეჩვიეთ უმისობას, თუმცა, ძნელი იყო ბავშვისთვის იმ მხრივ, რომ შვილისთვის დედაც მე ვიყავი და მამაც. მატერიალური დახმარება სხვა მომენტია, მაგრამ, მამის გვერდში დგომა კიდევ სხვაა და ამ სიტუაციაში ორივეს როლს მე ვასრულებდი“- ამბობს ნინო.
-ალბათ, თემურთან ურთიერთობა ადვილი არ არის. ძალიან კარგი მომღერალია, მაგრამ, როგორც ვიცი, ცოტა მძიმე ხასიათი აქვს. კარგი მეოჯახე რომ არის, ესეც ვიცით, მაგრამ, როგორია ის ცოლის თვალით დანახული?
– თემური ფეთქებადი ხასიათის ადამიანია – უცბად აფეთქდება, იყვირებს, იჩხუბებს და ზუსტად ორ წუთში აღარაფერი ახსოვს, გულში ჩადებაც არ იცის.
წყვილი ერთი პერიოდი გაშორებულები იყვნენ, როგორც მედიაში გავრცელდა მაშინ ინფორმაცია, მას და თემურს ავი ენები აშორებდა. იმ დროს თბილისში მართლაც ბევრს ჭორაობდნენ თემურზე; ბევრი ვერ გაუძლებდა ასეთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
როგორ იღებდა ამ ჭორებს თემურის ცოლი?
– ბევრია ისეთი, ვინც სხვისი ცხოვრებით ერთობა. დადიოდნენ მაგათ ოჯახში ვითომ კეთილისმსურველნი, რომლებიც ერთობოდნენ ლაი-ლაით; წავიდოდნენ იმასთან – რაღაცას იტყოდნენ, მოვიდოდნენ ჩემთან – სხვას ამბობდნენ... გაფუჭებული ტელეფონივით „ჩორტაობდენ” და მერე ერთობოდნენ. შეიძლება, ბოლომდე ვერც აცნობიერებდნენ რა უნდოდათ, ანუ, უნდოდათ თუ არა ჩვენი განქორწინება, მაგრამ, ისინი ამით ერთობოდნენ და დროს ატარებდნენ. რაც შეეხება ჩვენს დაშორებას, კი ბატონო, ოფიციალურად განქორწინებულები ვართ უკვე რამდენი წელია. ძალიან ადრე გავშორდით, მარი რომ ხუთი თვის იყო, მერე შევრიგდით, მერე ისევ გავშორდით ერთმანეთს.
თუმცა წყვილის ქორწინება დაინგრა, მაგრამ თემურს და ნინოს დღემდე კარგი ურთიერთობა აქვთ, ხშირად ისვენებენ ერთად და ისინი, როგორც თავად ჰყვებიან, საუკეთესო მეგობრები არიან.
გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მომღერალმა თემურ თათარაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ნინო სუხიშვილზე იყო შეყვარებული და მას ყოველდღე ყვავილებს ისე უგზავნიდა, რომ ნინომ არ იცოდა, ვისგან იღებდა საჩუქარს…
ნინო სუხიშვილზე ის მანამდე იყო შეყვარებული, სანამ მომავალ მეუღლეს გაიცნობდა.
„ეს იყო ნინო სუხიშვილი, ნიანუ… მას ყოველდღე ყვავილებს ვუგზავნიდი. მან არ იცოდა, რომ ეს მე ვიყავი. მე ვიყავი შეყვარებული. მეგობრებს ვატანდი და ვთხოვდი, ცუდად ჩაიცვით, ვითომ ყვავილების მიმტანები ხართ-მეთქი. ერთ დღეს გაბრაზდა და იკითხა, ვინ მიგზავნის ამ ყვავილებსო. დიდ ნინო რამიშვილს უთქვამს, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ადამიანს უყვარხარ და გიგზავნის ყვავილებსო…“
მძიმე პერიოდი
მომღერალ თემურ თათარაშვილის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი ციხეში გატარებული დროა. 2006 წელს ის ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს და 10 წელი მიუსაჯეს. მართალია, ციხეში მხოლოდ წელიწადზე ცოტა მეტი გაატარა, მაგრამ პატიმრობამ მის ცხოვრებას, მის ოჯახს წარუშლელი დაღი დაასვა და თავად მის პიროვნებაში ბევრი რამ შეცვალა.
„2006 წლის 25 სექტემბერი იყო, ყურძენს წურავდნენ. პრეზიდენტის კანცელარიიდან დამირეკეს, რომ პროტოკოლში ვიყავი და ოლიმპიელებთან და პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ყურძენი უნდა დამეწურა. ვუპასუხე, პრეზიდენტის გვერდით არ დავდგები-მეთქი. ოღონდ ეს ყველაფერი ცუდი სიტყვებით ვთქვი“- იხსენებს თემური მისი დაჭერის მძიმე პერიოდს.
3 საათზე ყურძნის დაწურვაზე არ მივედი, 4-ს აკლდა 15 წუთი, რომ 9 მანქანამ გზა გადამიკეტა და დამიჭირეს.
„ციხიდან გამოსვლის შემდეგ თვე-ნახევარში დამირეკეს, სასწრაფოდ უნდა წახვიდეო. ვიღაც-ვიღაცებს არ მივესალმე. იმავე ღამეს დამირეკეს თანამდებობის პირებმა და მითხრეს, წავსულიყავი. კი დამიჭირეს, მაგრამ ძალიან ბევრს, ვინც დამიჭირა, ეს სულაც არ უნდოდა, ზემოდან ჰქონდათ ნაბრძანები.
მანქანა წამართვეს. ადვოკატმა ციხეში ფურცელი შემომიტანა, ხელი უნდა მოაწერო, შენი ბინა გენერალურ პროკურორს უნდაო. მარჯანიშვილის თეატრის გვერდით კორპუსში მქონდა ბინა. ადვოკატმა დააყოლა, ასე გადმოგცა გენერალურმა პროკურორმა, ერთი ადგილი არ ათამაშოს, ხელი მოაწეროსო. ეს ფურცელი რგოლად დავახვიე და ვუთხარი, პროკურორს გადაეცი, ეს უკანალში გაიკეთოს-მეთქი.
2 კვირაში საკანში გაზეთი შემომივიდა, სადაც წავიკითხე, რომ როინ მეტრეველს, ნინელი ჭანკვეტაძეს და ბევრ ადამიანს ბინები ჩამოერთვათ. ბინა კი დავიბრუნე, მაგრამ მანქანა – ვერა. ჩემი მანქანით ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მეუღლე დადიოდა. იმ ხელისუფლებამ არჩევნები რომ წააგო, ჩემმა მეგობრებმა ამ ავტომობილის ძებნა დაიწყეს, მაგრამ ბაზიდან ყველაფრიდან გაქრა“- ამბობს თემურ თათარაშვილი.
მომღერალმა თემურ თათარაშვილმა თოქ-შოუ „პროფილში" თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე, ციხეში გატარებულ დროზე ისაუბრა. მომღერლის თქმით, საკანში მარტო ყოფნისას სუიციდი ჰქონდა გადაწყვეტილი, რასაც შემთხვევით გადაურჩა.
„ყველაზე რთული პერიოდი ციხეში გატარებული დრო იყო, ეს გახლდათ 16 თვე, მაგრამ თავიდან პირველი 3 თვე ვიყავი მარტო, თავის მოკვლა მინდოდა, ეს იყო პერიოდი, როცა ეს შხამი, ნარკოტიკი ჩემი ორგანიზმიდან გამოდიოდა, წამწამები და ფრჩხილებიც მტკიოდა... ყველაფერი მზად მქონდა. თავი უნდა მომეკლა და შემთხვევით მამაო შემოვიდა ჩემთან, ამან გადამარჩინა... სხვა მხრივ ციხეში ცუდად არ ვიყავი, ყველა თან მყვებოდა, მთხოვდნენ იმღერეო, ერთ ახალ წელს ბევრი ვიმღერე და მთელი ციხე ტაშს მიკრავდა“, - ამბობს თათარაშვილი.
დაკარგული მეგობრები
მომღერალი თემურ თათარაშვილი ჟურნალ ერთ-ერთ ინტერვიუში პატიმრობის პერიოდს იხსენებს და იმ მეგობრებს, რომლებმაც პატიმრობაში მყოფს ზურგი აქციეს.
„როდესაც დამიჭირეს და გამიჭირდა, ბევრმა მეგობარმა ზურგი მაქცია, ბევრი კი გვერდში დამიდგა. სოსო პავლიაშვილი ჩემს ოჯახს ყველანაირად გვერდში ედგა, ყურადღებას აქცევდა. ასევე, დათო გომართელიც. ციხიდან რომ გამოვედი, თავის კლუბში სიმღერა შემომთავაზა - იმ მომენტში ჩემთვის ყოველ თეთრს მნიშვნელობა ჰქონდა. მერე სხვისგან გავიგე, დათოზე ზეწოლაც კი ყოფილა - დაუბარებიათ, ნუ ამღერებო. დათოს ეს ჩემთვის არც უთქვამს.
მერე ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, ვიღაცები ისევ გამოჩნდნენ. ათი წელი არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს მე და ლელა წურწუმია. თქვენ კარგად იცით, რომ პოლიტიკამ ბევრი ადამიანი დააშორა ერთმანეთს. ლელა და მამულიჩა იყვნენ სხვა მხარეს, მე - სხვა მხარეს. ამის გამო აღარ გვქონდა ურთიერთობა. ჩვენ შორის ჩხუბიც კი არ ყოფილა. მამულიჩას დაჭერასთან დაკავშირებითაც ამიგორეს ჭორები, ბევრი წერეს. მე რა შუაში ვიყავი მამულიჩასთან, მასთან რა ურთიერთობა მქონდა... ღმერთმა დამიფაროს, მე რომ გამეკეთებინა, ეს ხომ ჩემს შვილიშვილს დახვდება წინ და არ მეპატიება. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მე არავის არაფერს ვერჩი. არავის მიმართ არ მაქვს პრეტენზია. აბსოლუტურად გარკვეული მაქვს, ვინაა ჩემი მეგობარი და ვინ - არა... მე მათი მხოლოდ კარგი გამიხარდება და ცუდი გულწრფელად მეწყინება, იმიტომ რომ, ოდესღაც, ისინი ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ. მოსკოვში ყველა ქართველ მომღერალთან მაქვს ურთიერთობა. ჩემი და სოსო პავლიაშვილის ურთიერთობა სულ სხვაა. როგორც კი ახალ სიმღერას დაწერს, ეგრევე მიგზავნის..."- ამბობს თათარაშვილი.
დაპირისპირება ია ფარულავასთან
27 ივლისის „ფარული კონვერტის” შემდეგ ია ფარულავასა და თემურ თათარაშვილს შორის კონფლიქტმა იფეთქა. გადაცემის სტუმარმა, გიორგი ნაზღაიძემ მოჰყვა, რომ კარანტინის დროს თავს ცნობილი ადამიანების ფოტოკოლაჟების საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაზიარებით ირთობდა. სხვებთან ერთად, შარჟის სტილში გაკეთებული ფოტოკოლაჟი აჩვენეს ჟურნალისტსა და პროდიუსერზე, მაკა რაზმაძეზეც, რამაც მისი განაწყენება გამოიწვია. რაც შეეხება თემურს, მის ფოტოზე ეწერა – რა რაოდენობის თეთრი „ფქვილით” დაეხმარება თემურ თათარაშვილი ქართულ შოუბიზნესს? როგორც გიორგიმ გადაცემაში მოჰყვა, ამის შემდეგ მისადმი თათარაშვილი ნეგატიურად განეწყო.
„ფარული კონვერტის” ეთერში გასვლის შემდეგ თემურ თათარაშვილმა “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელებს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
„კატეგორიულად ვითხოვ, ბოდიშის მოხდას და ვაცხადებ, რომ არასდროს აღარ იქნება ჩემი ფეხი ამ ტელევიზიის არც ერთ გადაცემაში, სანამ „ფარული კონვერტიდან“ ბოდიშს არ მომიხდიან საჯაროდ! სამარცხვინოა რაც ხდება და მოგმართავთ, ბატონო ქიბარ და ბატონო პაატა სალია! ცილისწამება და ბოროტი ტყუილების ტირაჟირება არის დასჯადი! გთხოვთ აღკვეთოთ ეს მარაზმი თქვენს ტელევიზიაში, რომელსაც ასე ვგულშემატკივრობდი აქამდე! ველოდები ბოდიშს!“ – წერდა მომღერალი სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება ია ფარულავას, ის თვლის, რომ მის გადაცემას ამ აჟიოტაჟით უზარმაზარი რეკლამირება გაუკეთდა.
აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საინტერესო ამბებს⤵️
პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები
ფარულავას ყველა კაცი - მათი ნაწილი შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვს