Digest Logo

„დამიწუნეს, ამ როლისთვის ახალგაზრდააო...“ - ბაია დვალიშვილის ცნობილი ოჯახი და როლი საკულტო სერიალში

1730880170
ბაია დვალიშვილი

ბევრი მსახიობის კარიერაში მომხდარა ასე – ერთ როლს მთელი შემოქმედება გადაუწონია. გამონაკლისი არც ბაია დვალიშვილი აღმოჩნდა – ცნობილი ოჯახი, საინტერესო როლები სცენაზე და როლი საკულტო სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელმაც ყველაზე მეტი პოპულარობა მოუტანა. ნელიკო მისი ერთ-ერთი საყვარელი როლია - მსახიობი მისი გამოცდილების შესახებ ჟურნალ OK-სთან საუბრობს.

„მსახიობობა ჩემთვის მოცემულობა იყო, დიდად არ გამოვხატავდი ჩემს სურვილებსა და მისწრაფებებს. შემთხვევამ გადამარჩინა და დამაყენა ამ გზაზე. პანაშვიდზე ბატონი მიშა თუმანიშვილი შეხვდა დედაჩემს და მომიკითხა, რას აპირებსო. დედაჩემმა უპასუხა, ჯერ არ გადაუწყვეტიაო. ძალიან ბრძნული რამ უთხრა მაშინ ბატონმა მიშამ დედას, იაროს რეპეტიციებზე, თუ მოეწონება, ხომ კარგი, თუ არადა, შენ არ გისაყვედურებს, რატომ არ გამიშვიო. მაშინ კინომსახიობთა თეატრი ყალიბდებოდა. 2 წელი იქ ვიყავი. ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე და ჩავაბარე. ძალიან რთულად წავიდა ჩემი თეატრალური ცხოვრება. მაინცდამაინც არც იღბლიანი ვიყავი. რთულია, როცა შენგან ითხოვენ უფრო მეტს და იმავეს არავინ ითვალისწინებს, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ შენი ტემპორიტმით, გრძნობათა ბუნებით და შეხედულებებით და გიყენებენ მოთხოვნებს, რომ სტანდარტში ჩაჯდე, რადგან დედა მსახიობია და მამა – რეჟისორი. თან მე ძალიან მორიდებული ვიყავი და სულ მინდოდა, ეს ჩემი შინაგანი ბრძოლები გადამელახა და კოჭი სხვებისთვის გამეგორებინა. ეს იყო ძალიან რთული“, - ამბობს ბაია დვალიშვილი. 

„ჩემი ცოლის დაქალები“ არ იყო იღბალი მხოლოდ ჩემთვის, ამ სერიალში ბევრი მსახიობი დაიბადა და ჩამოყალიბდა როგორც მსახიობი. თეატრში მაინც კონკრეტული მაყურებელი დადის, მცირე ჯგუფია, ვისაც თეატრი უყვარს. პოპულარობა მოაქვს კინოს, ტელევიზიას და, რა თქმა უნდა, სერიალებს. ასეთია მოცემულობა. იყო დრო, როცა თეატრიდან ტელევიზიასა და სერიალში არავინ გაგიშვებდა, იმიტომ, რომ თეატრი არის ტაძარი, ეს არ უნდა შეიბღალოს, მხოლოდ თეატრით უნდა იცხოვრო, კინო აფუჭებს მსახიობს. არაფერიც არ აფუჭებს, ეს არის პრაქტიკა. ოღონდ არ უნდა მიედ-მოედო ყველაფერს, იმიტომ, რომ ცვდები მერე, შტამპები გიგროვდება და ეს გიშლის ხელს. იყო რაღაც პერიოდი, როცა სერიალი ცუდ ტონად მიიჩნეოდა და მეც მითქვამს რაღაც როლებზე უარი. საქართველოში უკვე ძალიან მაღალი ხარისხის სერიალებს იღებენ. დამოკიდებულებაც შეიცვალა მთელ მსოფლიოში. 10-15 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მეგა ვარსკვლავები ითამაშებდნენ სერილებში. ეს არის დიდი სიამოვნება, რომ შენი საყვარელი მსახიობების ყურება დიდი დროის განმავლობაში შეგიძლია. კინოს დიდ ეკრანზე უნდა უყურო.

„ჩცდ“-ში ყველაფერი ქასთინგით დაიწყო. გიორგი ლიფონავას ვიცნობდი, მან გადაიღო „12 ნაფიცი მსაჯული“ და სიმპათიები მქონდა მის მიმართ. ქეთი დევდარიანს არ ვიცნობდი. ერთადერთი დამიწუნეს, ამ როლისთვის ახალგაზრდააო. ქეთიმ თქვა, გათხოვების ასაკს დავუწევო. თავიდან არ იყო გათვლილი, რამდენ ხანს იქნებოდა სერიალში ეს პერსონაჟი. მთელი სერიალის თითქმის ყველა შემდგარი პერსონაჟი ქეთიმ ააგო მსახიობზე, რომელიც კარნახობდა, თავისი თამაშით გაგრძელდებოდა თუ არა პერსონაჟის დრო სერიალში. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. პირველ სერიებში საერთოდ სხვაგან ვარ, არ ვიცი რას ვთამაშობ, უბრალოდ, ვამართლებ სიტუაციას და ვეძებ პერსონაჟს. მერე შემთხვევით ვიკითხე, – რატომ-მეთქი და ქეთიმ ჩაავლო. კიდევ – მქონდა მშობლის შიში, როცა შვილი იზრდება და შენ ხარ თითქოს მისი მონა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ ეშინიათ ადამიანებს დაქორწინების?! - ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რაც შიშს იწვევს

🎥 წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება, დაღლილობა, მომატებული შიმშილის განცდა და ხშირი ინფექციები - ყველაფერი დიაბეტის შესახებ

🎥 რატომ ეუფლებათ მამებს შიშის გრძნობა ახალდაბადებული შვილის მიმართ - რა შფოთვები ჰქონდათ აჩიკო სოლოღაშვილსა და ლევან ქარაზანიშვილს?

წყარო: okmagazine.ge