ალბათ, ჩვენს ირგვლივ არაერთი ადამიანია, ვისაც ერთხელ მაინც უთქვამს, რომ მას დაქორწინება ჯერჯერობით არ სურს. ამბობენ, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ეს ყველაფერი მათ აშინებს, ან უბრალოდ მზად არ არიან ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად.
რატომ ეშინიათ ადამიანებს დაოჯახების, რა არის ამის გამომწვევი მიზეზები და როგორ ვმართოთ მსგავსი შიში - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა ირინე ტაბუციძემ ისაუბრა.
„საქმე საქმეზე რომ მიდგება და ურთიერთობაში სხვა ნაბიჯია გადასადგმელი, აი, იმ დროს ხდება დამუხრუჭება და სხვადასხვა ფიქრის განვითარება. ქორწინების მერეც ხდება ასეთი ფიქრები, ხომ არ ვიჩქარე? მიუხედავად იმისა, რომ გარედან კარგი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ასეთი ფიქრები და შიშები ადამიანურია, ერთმნიშვნელოვნად ბედნიერი ვარ და ყველაფერი კარგადაა, ასე არ ხდება.
უნდა გაიმიჯნოს შიში და ფობია. შიში რაციონალურია, ამ დროს ობიექტი იცი რისიც გეშინია, ფობიის დროს არ იცი რა ხდება, როცა ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვერ დგამ ამ ნაბიჯს. თუ ამას თან ახლავს პანიკა, სომატური გამოვლინება, გული გიჩქარდება, ხელები გიოფლიანდება, ხმა გიწყდება როცა დაოჯახებაზე ფიქრობ - ეს არის ფობია.
მომავალ ურთიერთობაზე ეს შიშები დიდ გავლენას ახდენს, ყველაზე მარტივი გავლენაა ის, რომ ადამიანი არ ქმნის ოჯახს“, - ამბობს ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე.
ასევე დაგაინტერესებთ: