
პაატა ბურჭულაძის სახელის ხსენებისას უამრავი საქველმოქმედო პროექტი, წარმატებული კარიერა და სკანდალური პოლიტიკური მოღვაწეობა გაგახსენდებათ, თუმცა საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის მისი პირადი ცხოვრების შესახებ.
ბურჭულაძემ სასიყვარულო ურთიერთობებზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელშიც მსოფლიო ბანი თავის უცნაურ სიყვარულზე საუბრობს.
– ყველა წარმატებული მამაკაცის ან ქალის უკან დგას ისეთი პირადი ცხოვრება, რამაც მის პროფესიულ საქმიანობაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, ჩამოაყალიბა ნამდვილ პიროვნებად, ზოგჯერ პირიქით – წარუმატებლობა ცუდი პირადი ცხოვრებიდან მოდის. თქვენს შემთხვევაში რა და როგორ მიხდა?
– ორი ძალიან მნიშვნელოვანი ქალი მედგა გვერდით, ბებია – მარიამ ბურჭულაძე, რომელიც 22 წელი იყო განათლების მინისტრის მოადგილე (სხვათა შორის, მაშინ მინისტრებად მხოლოდ პარტიული მუშაკები ინიშნებოდნენ, მაგრამ ბებია ისეთი პედაგოგი იყო და პროფესიონალი, რომ სიცოცხლის ბოლომდე, ოთხმოც წელს გადაცილებულიც ამ სფეროში და თანამდებობაზე მუშაობდა) და ასევე მთავარი ადამიანი, ვინც, მგონი, ჩემი დაბადებითანავე გადაწყვიტა, რომ მომღერალი უნდა ვყოფილიყავი, დედა – ნუნუ ჭანტურიძე.
– ქალს შეუძლია ააშენოს კაცის პირადი ცხოვრება და კარიერა ან პირიქით – ორივე ერთნაირად დაანგრიოს.
– ასეთი შემთხვევაც ყოფილა, კი ბატონო. ერთხელ ისეთი შეყვარებული ვიყავი, სიმღერაც კი მიჭირდა, ვერაფერზე ვკონცენტრირდებოდი. ოღონდ, ნუ მკითხავთ, ვინ იყო ის ქალი. ცოტა დიდხანს რომ გაგრძელებულიყო ის მდგომარეობა, არავინ იცის, საერთოდ იქნებოდა თუ არა სცენა და ჩემი მომავალი.
– წარმოგიდგენიათ ქალის გარეშე ცხოვრება? ძალიან ბევრი ქართველი კაცი ვიცი, ვინც ნანობს ცოლის მოყვანას, უფრო სწორად, თავბედს იწყევლის, ხმამაღლა თუ არა, თავისთვის, გულში. იშვიათი შემთხვევაა, კაცი ცოლის შერთვით ფრთებგამოსხმული დადიოდეს. აი, თქვენ ხომ რამდენიმე ქორწინება გქონდათ...
– იცით, ვიღაცებისთვის, უცოლო კაცი უფრო გემრიელად ცხოვრობს.
– მართალია, კაცის გული კუჭზე გადისო?
– ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩემი მეუღლე ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს სწორ კვებას და არა მარტო ჩემი. არადა, ერთდროულად გემრიელიც და სასარგებლოც, იშვიათია. კაცებს ხშირად გვიწევს მეუღლეების რეკომენდაციების გათვალისწინება, ცხადია, ისევ ჩვენი ჯანმრთელობის გამო, მაგრამ გემრიელ ჭამასა და მოლხენას რა სჯობს?! ამის მერე გალაღება და თავისუფლებაც რაღად უნდა კაცს? საბოლოოდ, ყველა გზა მაინც საყვარელი მეუღლის აღმოჩენამდე მიდის.
– თქვენ ხართ მამაკაცი, რომელიც ძალიან ადვილად იპყრობთ ქალების გულს. თითქმის ყველასთვის მისაღები, ძალიან განათლებული, წარმატებული და საყვარელი პიროვნება ხართ. რომ შეიძლებოდეს, ამ მხრივ, რაიმეს შეცვლა რეალურად, რას შეცვლიდით?
– თუ მართლა მასეა და ყველას მოვწონვარ, მაშინ არაფერს შევცვლიდი. ახალგაზრდობიდან მოყოლებული, მუდმივად იყო ხუმრობის თემა, რომ უფრო მეტად 75-ს გადაცილებული ქალები ხდებოდნენ ჩემი თაყვანისმცემლები. დღემდე ასეა. ნელ-ნელა უკვე მეც ვუახლოვდები მაგ ასაკს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, დედას არ ვაწყენინებდი - ცოტა რამ ზუზუ ბეჟაშვილის შესახებ
კოტე სოფიკოს გამო არ დამშორებია - მედეა ჩახავას ბოლო ინტერვიუ