„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ახერხებს. მას ხმაურიანი განცხადებებით და იუმორით ყველასგან გამოარჩევთ. პოლიტიკოსი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ ხშირად არ საუბრობს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო სიყვარულის ისტორია ჰქონია.
დღევანდელ ბლოგში სწორედ შალვა ნათელაშვილის სიყვარულის და ოჯახის შესახებ მოგიყვებით.
პოლიტიკოსს ჰყავს მეუღლე - ბელა ალანია, ორი შვილი ბექა და დარეჯანი.
ბელა ალანია, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, შეიძლება ითქვას, აქტიური ცოლების კატეგორიას ეკუთვნის, რომელიც ქმარს ყოველთვის გვერდში უდგას, ბოლომდე იზიარებს მის შეხედულებებს, შენიშვნებს, მიდგომებს ამა თუ იმ საკითხისადმი, ბევრ რამეს ერთად წყვეტენ, ბევრი კარგი და რთული დღეები ერთად გამოიარეს. ამ შემართებამ, გულწრფელობამ და სიყვარულმა, ბევრ ქარტეხილს გაუძლო, რომელიც 28 წლის შემდეგაც, ერთხელ არ შერყეულა.
შალვამ და ბელამ ერთმანეთი სტუდენტობისას მოსკოვში გაიცნეს. ბელა მაშინ მოსკოვში მუშაობდა და ასპირანტურაში სწავლობდა.
მან კარიერაზე უარი თქვა და შალვასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. შალვას ერთოთახიანი კარკასის გარდა არაფერი გააჩნდა, წყვილმა ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ბევრი წვალების შემდეგ ბევრ რამეს მიაღწია.
„ჩემი და შალვას თანაცხოვრების 28 წელი ჩვენთვის 28 ბედნიერი გაზაფხული იყო და მადლობა უფალს, ამ ერთობისთვის. იყო დაუღალავი ბრძოლებიც, ბევრი წყენა, ტკივილი... 28 წლის განმავლობაში, ყოველდღე ვფიქრობდით და ვიბრძოდით, ვცხოვრობდით სიკეთის აღმოსაჩენად თუ დასათესად. ღმერთის დიდი წყალობაა, რომ გვყავს ორი შვილი – ჩვენი დიდი სიყვარულის ნაყოფი. მართლა ბედნიერი ვარ ამ 28 წლის, რადგან ეს იყო 28-წლიანი სიყვარული,“- ამბობს ბელა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნათელაშვილის მეუღლე ხშირად აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას არ ნანობს. „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შესანიშნავი ქმარი და მამა გამოდგა.
ოჯახს სოფელი ბაზალეთში აქვთ, ეს ბატონი შალვას ოჯახისეული სახლია.
„შალვას რომ გავყევი, ბაზალეთში ეს სახლი ჰქონდა. ბავშვები რომ მოვნათლეთ, მთელი პარლამენტი დავპატიჟეთ. ყველამ ნახა, რომ სულ არ იყო მაშინ შალვა პოლიტიკაში და ეს ყველაფერი ჰქონდა, რასაც ძალიან დიდი შრომითა და ძალისხმევით მივაღწიეთ. ყოველ კვირა დღეს, რომ არ მივიდეს და იქაურობას არ მოეფეროს, არ შეუძლია. თითოეულ ხეს, ეფერება. იცით, რა ლამაზი მოვერცხლისფრო ნაძვები გვაქვს?! განსაკუთრებით ზამთარშია კარგი სანახავი. ღმერთი თუ ინებებს, რომ დავბერდეთ, ალბათ, იქით წავალთ და ვიცხოვრებთ მე და შალვა,“- ამბობს პოლიტიკოსის მეუღლე.
ნახეთ ვიდეო, როგორი სახლი აქვს შალვა ნათელაშვილს
2016 წელს ბელამ შალვას დაბადების დღე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით მიულოცა და მათი გაცნობის ისტორია მოჰყვა. აი, რას წერდა პოლიტიკოსის მეუღლე:
„არ გიცნობდი, ნანახიც კი არ მყავდი, თუმცა როცა ტელეფონით გესაუბრე, თვითონაც არ ვიცი, ძალიან რატომ დავიბენი. შენმა ხმამ მომნუსხა. ცოტა ხანში, შეთანხმებისამებრ, მოსკოვის, მაშინდელი ლენინის პროსპექტის ერთ-ერთი გაჩერებისკენ გავეშურე. მელოდი. მაღალი, ტანადი „გრუზინი” ყურადღებას იპყრობდი.
– ეჭვი გეპარებოდათ, რომ მოგაგნებდით? ხედავთ, მოსვლა დაგასწარით, – მითხარი და არ გიცდია ჩემი შეთვალიერება.
– ეტყობა, მოსკოვს კარგად იცნობთ. მიხარია, რომ ლოდინი არ მომიწია. ძალიან არ მიყვარს. ალბათ შინ გავბრუნდებოდი. ცივა დღეს. – თავი დავიფასე მე.
– მე ხომ აქ დიპლომატიურ აკადემიაში ვსწავლობ, ასპირანტურაში. რა თქმა უნდა, ქალაქს ვიცნობ. კიდევ კარგი, დროზე მოვედი.
– წავიდეთ. დაღლილიც იქნებით, აეროპორტიდან მოდიხართ. სახლში ნორა დეიდა გველოდება. გიას დაკავებას ვერ ეგუება. ის ხომ პოლიგრაფიული ინსტიტუტის ფრიადოსანი, გამორჩეული სტუდენტი იყო. ბიჭმა შეურაცხყოფა ვერ აიტანა, როცა ქართველობა გაულანძღეს მეტროში და შური იმით იძია, ქალბატონს თავიდან ქუდი მოგლიჯა და რელსებში ჩაუგდო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ახალგაზრდობით, სიფიცხით მოუვიდა. არადა, გია კარგი ბიჭია, ჩემი ძმის კლასელია. ამიტომაც ჩემთან სტუმრობენ მისი ახლობლები.
– მე ყველაფერს გავაკეთებ, როგორმე სასჯელი შევუმსუბუქოთ. ვერავინ გაბედავს მასზე შურისძიებას. საქართველოს პროკურატურიდან სპეციალურად ამ საქმის გამო ჩამოვედი.- ისე იმედიანად მითხარი, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდი. ბარდნიდა. ჩვენ ნელა მოვუყვებოდით ჩემს სახლამდე გზას… როგორ ლამაზად ბარდნისო, მითხარი. მერე ვდუმდით. ეს გზა გრძელი მეჩვენა. ჩემი სახლი სტუმრებით იყო სავსე. დიდხანს ბჭობდით, როგორ დაგეხსნათ გია გასაჭირისგან.
იმ ღამეს ჩვენთან დარჩი. უადგილობის გამო დერეფანში გაგიშალეთ ე.წ. ლეჟანკა. დილით ადრე ავდექი. დიდხანს ვაკაკუნე. მივხვდი, რომ წასულხარ. გიას ექვსი თვით პირობითი სასჯელი მისცეს. მალე სწავლაც გააგრძელა. 1983 წლის 17 თებერვალი ჩვენი გაცნობის დღეა. მოგვიანებით გავიგე, რომ შენი დაბადების დღეც ყოფილა. რამდენიმე ხნის შემდეგ მითხარი, რომ შენი დაბადების დღის საჩუქარი ვყოფილვარ. ეგ მართლა ასე იფიქრე თუ ამ სიტყვებით: „აბამდი უჭკუო სტუდენტ გოგონას“? მაგრამ ქალი რომ გულით ფიქრობს, ეგ ნამდვილად ვიცი და მეც დაგიჯერე. არ გამაბრაზო, თორემ კიდევ ერთხელ დერეფანში დაგაძინებ. თუმცა, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მაშინდელივით აწი ვეღარ გამეპარები. გილოცავ დღეობას, ჩემო, წელს უკვე ოცდამეცამეტეჯერ. სანამ ასი წელი, კიდევ ასჯერ არ მოგილოცავ, არ დაგეხსნები, იცოდე. ჰოდა, გამიძელი!“ - წერდა ბელა ალანია.
🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
4-ჯერ შექმნილი ოჯახი, 5 შვილი, ეჭვიანი ცოლი და სასმელზე „შემჯდარი“ მსახიობი - ბესო ზანგურის პირადი
ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და სკანდალებში გახვეული ლაშა ტალახაძის პირადი
ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე