OK! MEN-ის სტუმარია ცნობილი ქართველი სპორტსმენი – ლაშა ბექაური. თუ ტოკიოს ოლიმპიადამდე, ყველაზე ღიმილიან ჯუდოკას მხოლოდ ძიუდოს მოყვარულები იცნობდნენ, ოლიმპიადის შემდეგ კვარცხლბეკიდან ნათქვამმა „წარმომიდგენია, როგორი ბედნიერია ჩემი ხალხი“, ის მთელი ქვეყნის ფავორიტად აქცია. თუ რა გზა გაიარა ოცნების ასრულებამდე, ამის შესახებ ჟურნალ OK-სთან საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
ლაშა ბექაური: ძიუდომდე მამამ მიმიყვანა თავის ძველი „ნივით“. 7 წლის ვიყავი, ჩემზე უფროსი ბიჭი დავამარცხე, მაგრამ არ მომეწონა. მამას ძალით დავყავდი ძიუდოზე. თავად მკლავჭიდელმა იფიქრა, რომ ძიუდო ბევრად პერსპექტიულია, მეუბნებოდა, რომ დიდი სპორტსმენი გავხდებოდი. მწვრთნელი, კახა წიკლაურიც ამას მეუბნებოდა − აუცილებლად ოლიმპიური ჩემპიონი გახდებიო. მამა ყველაზე წესიერი და პატიოსანი კაცია. მან შემაყვარა სამშობლო, გამზარდა პატრიოტად, ისაა ჩემი მთავარი მოტივატორი. ძალიან ქართველია, კაცური კაცია, არაფერი ეშლება. როცა რაიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრია, გასვლის წინ მამას ვურეკავ, ვესაუბრები, მახსენებს ყველა დიდ წინაპარს… მოკლედ, როცა ტატამიზე გავდივარ, ჩემი ომი მაქვს.
მითხრეს, რომ 300 არაგველი გიყვართ ძალიან. ტატამიზე სამასმეერთე არაგველი ხართ?
არა! 300-ში პირველი არაგველი! გამარჯვებაში დახმარებას ყოველთვის წმინდა გიორგის ვთხოვ, ღმერთს არ ვაწუხებ. თან ღვთისმშობლისა და 300 არაგველის ხატი დამაქვს. ძიუდო 2016 წლიდან შემიყვარდა, როცა პირველი საერთაშორისო ტურნირები მოვიგე. მერე ჭაბუკებში, ახალგაზრდებში, ევროპა-მსოფლიო, მასტერსი, და წავიდა!.. მანდ მივხვდი, რომ რაღაცნაირად იყო საქმე!
არ ვიცი, რა ვთქვა, ღმერთი მფარველობს, აბა ამ ხელით ოლიმპიადა როგორ მოვიგე? ტრავმა რომ მივიღე, 2 დღე ოთახში ვიყავი ჩაკეტილი. ვიფიქრე, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. მამა მოვიდა და გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან, მერე უკვე ზურა კახაბრიშვილი, ექიმები, მწვრთნელები − ყველა ერთად დამეხმარა და მადლობა მათ. ისეთი განადგურებული ვიყავი, საშინლად მძიმე იყო მდგომარეობა. დღეში რამდენიმე კლინიკაში მივდიოდი, 15 ნემსს ვიკეთებდი, არადა, ხომ ნახეთ, ევროპაზე როგორ ვიყავი, გიჟივით… ოლიმპიადაზე რომ ასე ვყოფილიყავი, ალბათ, დავიმხობდი იქაურობას!
როგორია მოლოდინი თქვენი მისამართით, როდესაც ყველა ელოდება, რომ უნდა მოიგოთ? ეს კარგია, რთულია, თუ?..
მწვრთნელების აზრით, ამაზე არ უნდა მეფიქრა, მაგრამ ეს არ მთრგუნავს. ვიცი, ხალხი მელოდება, და ეს უფრო დიდი მოტივაციაა − თითქოს ომში მივდივარ და გამარჯვებული ვუბრუნდები. ახლა უფრო დიდია პასუხისმგებლობა, მაგრამ არასოდეს მეშინოდა პასუხისმგებლობის. პირობას გაძლევთ − არასოდეს წავალ პოლიტიკაში. მინდა სიცოცხლეში დავამარცხო სიკვდილი და საქართველოს ისტორიაში ჩავეწერო ოქროს ასოებით. ისევე, როგორც ილია, ვაჟა.
რას გააკეთებთ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ?
ალბათ, წავალ სოფელში და მშვიდად ვიცხოვრებ. დავწერ ლექსებს, ვიქნები წყნარად, დავტკბები ცხოვრებით. და საერთოდ, ყველას გისურვებთ − ისიამოვნეთ ცხოვრებით.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ფეხბურთის თამაშის დროს კარში მაყენებდნენ“ - ნონა გაფრინდაშვილის უდიდესი წარმატების ისტორია