
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნინას ძიძა, ირა ხომ გახსოვთ? „ლევანიკოს“ დედა... ის ყველასთვის საყვარელი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნანუკა ხუსკივაძეა.
ნანუკა მსახიობ ბელა მირიანაშვილის ქალიშვილია.
კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის სიყვარულზე ლეგენდები ხომ გსმენიათ.
კახი ხშირად იხსენებს, რომ მეოთხე კურსზე იყო, როცა ინსტიტუტის ფოიეში თვალი მოჰკრა ბელა მირიანაშვილს და თვალთ დაუბნელდა.
კახი კავსაძე დიდხანს უხმოდ ერტფოდა საყვარელ ქალს და დიდხანს ვერაფრის თქმას ახერხებდა. საბოლოოდ გადაწყვიტა მსახიობმა თავისი გრძნობების აფიშირება და მეგობრებთან ვახშამზე მისულმა საჯაროდ განაცხადა, გაიცანით, ეს ქალი ჩემი ცოლიაო. ბელა და კახი შეუღლდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბელა მირიანაშვილს უკვე ჰყავდა შვილი ნანუკა ხუსკივაძე, ამას წყვილისთვის ხელი არანაირად არ შეუშლია.
ნანუკა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ „კახოს გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნია“.
რთული პროფესია
ერთი ბეწო ყოფილა, თეატრის კულისებში, იატაკზე რომ იჯდა ხოლმე წყნარად და არასდროს არავის აწუხებდა. ბელა მირიანაშვილისა და კახი კავსაძის ოჯახში ცხოვრობდა, მაგრამ ამბობს: ფაქტობრივად, რუსთაველის თეატრში გავიზარდეო. ამან სამომავლო პროფესია აარჩევინა.
„სულ მინდოდა არტისტობა, სკოლის დამთავრების შემდეგ საბუთები თეატრალურ უნივერსიტეტში შევიტანე.
კახომ მითხრა ტკივილის მეტი არაფერი შეგხვდებაო და ვუთხარი, 16 წლის გოგომ, რომ ამისთვის მზად ვიყავი“,- იხსენებს ნანუკა ხუსკივაძე.
1986 წლიდან რუსთაველის თეატრის დასში მოღვაწე და უამრავი დაუვიწყარი როლი შექმნა.
მისი სამსახიობო კარიერა 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც 1984 წელს თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრის სცენაზე რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ დადგა სპექტაკლი „ანა ფრანკის დღიური“.
უამრავი სტატია დაიწერა ამ წარმოდგენის შესახებ.
ერთ-ერთ მათგანში კი ვკითხულობთ:
„სცენაზე პატარა, ლამაზი გოგონა გამორბის. გამორბის კი არა, ქარიშხალივით გამოვარდება. იყოლიებს მთელ დარბაზს, გადასცემს ენერგიის, სიცოცხლის, ხალისის გასაოცარ შეგრძნებას. 1984 წელია. თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრის სცენაზე „ანა ფრანკის დღიური“ მიდის. ეს გოგონა ნანუკა ხუსკივაძეა. უეცრად დრომ მრავალი წლით გადაიწია უკან და უეცრად დაბრუნდა ჩვენი ბავშვობა.“
„ანა ფრანკის დღიური“
თვითონ ნანუკა ხუსკივაძე „ანა ფრანკის დღიურს“ ყოველთვის დიდ ტკივილთან და სიხარულთან აკავშირებს. „მიუხედავად იმისა, რომ ანა ფრანკი არც სხვა როლზე უფრო მეტად მიყვარს და არც ბოლომდე კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევრით, უბრალოდ ის ჩემთვიოს არის პირმშო, პირველი საოცრება.“
სპექტაკლის დადგმიდან სამი წლის შემდეგ გაზეთში „ახალგაზრდა კომუნისტი“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუში ნანუკა ხუსკივაძეს უთქვამს:
„მახსოვს პირველ რეპეტიციაზე ფონოგრამა რომ ჩართეს, მანქანების ღრჭიალი, ძაღლების ყეფა, ამ დროს კი კულისებში პიტერი აბრახუნებს. ისე საოცრად განვიცადე, რომ ცრემლებიც კი წამსკდა. რეპეტიციაზე ვიტირე. მე გულით ვტიროდი იქ, სადაც ანას უნდა ეტირა.“
შემდეგ იყო დარიკოს როლი IV კურსელების სპექტაკლში „სამანიშვილის დედინაცვალი“, ისკრას როლი სადიპლომო სპექტაკლში „ამაღამ მგონი იქნება ქარი...“
თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულკტეტის დასრულების შემდეგ რეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის მცირე სცენა დაუთმო მთელ ჯგუფს გიზო ჟორდანიას ხელმძღვანელობით. სწორედ 1986 წლიდან ნანუკა ხუსკივაძე რუსთაველის თეატრის დასის წევრია.
შიში
პირველი შეგრძნება, რაც ყოველთვის მეუფლება, არის შიში. ნებისმიერ როლზე მუშაობის დაწყებისას, ეს იქნება ეპიზოდური თუ მთავარი როლი, უპირველეს ყოვლისა ჩემში შიში იბადება. ოღონდ შიში „ვერ გაკეთების“ კი არა, არამედ... საოცრად მეშინია, მაგრამ შეშინებული და აკანკალებული მაინც იქ მივძვრები და ვიწყებ რაღაცის „ჩიჩქნას“.
და მაინც, 1982 წლის პირველ სექტემბერს თეატრალური ინსტიტუტის აუდიტორიაში ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ წარმოთქმულმა ერთმა ფრაზამ: „თეატრი ტაძარი არ არის!“ 16 წლის გოგონას თითქოს წამში „გაატარა“ მთელი ცხოვრება, თითქოს სხვა სამყარო დაანახა...
მაქსიმალისტი ვარ, სამსხვერპლოზე ბევრჯერ მიმიტანია თავი და ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა.
ჯანმრთელობისთვის, ნერვული სისტემისთვის კი ჯობდა, სხვაგვარად მოვქცეულიყავი, მაგრამ... ასეთი ვარ და რას ვიზამ?!
მოგონება დედაზე
დედა საერთოდ არ მახსოვს სცენაზე. მახსოვს კახო და მახსოვს რობერტ სტურუას სპექტაკლი „რაიკომის მდივანი“, მახსოვს თემურ ჩხეიძის „ბერნარდა ალბას სახლი“, სადაც დედა თამაშობდა.
უკვე ავად იყო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ახერხებდა მოძრაობას. თუმცა მის თამაშს ვერ ვუყურებდი, არ შემეძლო.
„მშვენიერი ქალბატონი ბელა მირიანაშვილი“ მე არ მახსოვს. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. თუ დამიჯერებთ, მისი მონაწილეობით ფილმებიც არ მინახავს. ახლაც არ ვუყურებ. განა ტკივილს გავურბივარ? არ მსიამოვნებს და მორჩა!..
ჩემში იყო, შეიძლება, დაბადებამდე. გენეტიკური კოდიც, ალბათ, ეგ არის. ყველაფერი თავისთავად მოხდა: „მინდას“ და „ვოცნებობდის“ გარეშე... დავასრულე მეათე კლასი და თითქოს მექანიკურად, მოვაგროვე ჩასაბარებლად საჭირო საბუთები.
მახსოვს, დედამ და კახომ კატეგორიულად მითხრეს: წელს თუ ვერ მოეწყობი, მერე აღარ ჩააბარებო. მაშინ ვერ მივხვდი, თუმცა... იმ წელს რეჟისორ გიზო ჟორდანიას აჰყავდა ჯგუფი. დღეს ბატონ გიზოს ვერც მასწავლებელს ვუწოდებ, ვერც პედაგოგს. თითქოს ეს სიტყვა არ შეესატყვისება, არ მომწონს... აღმზრდელი? - რასაკვირველია, აღმზრდელი და მოქალაქე, თანაც - საუკეთესო. დედამ და კახომ იცოდნენ და მათი კატეგორიული ნათქვამიც ამას გულისხმობდა:
კახი კავსაძე: რომ არა ბელას გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი...
გამზრდელი ბებია
მზრდიდა ფრანგი ბებია, დედის დედა, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერსონა ვარვარა მუსხელიშვილი-ზაგიუ და მახსოვს ამბავი "საგვარეულო შტოზე" - ჩემი წინაპრების გენზე, ტკივილი კი - არა.
მშობლები ადრე გაიყარნენ და ვიცი, გაყრა მძიმე რამ არის, მაგრამ მე არ მტკენია, რადგან ამით ტრაგედია არავის შეუქმნია - არც დედას, არც მამებს და არც ბებიას.
რაც თავი მახსოვს, მახსოვს კახოც და მამაც ორი მამაკაცი და ორივე - მამა, რომლებიც მუდამ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ მეტ მამობას გამიწევს.
კომიკურებიც არიან შიგადაშიგ: იუზამ რომ ფეხი მოიტეხა, კახომ ყველაფერი გააკეთა მისთვის, მეორე დღეს კი გამომიცხადა: მგონი, მეც ფეხი მოვიტეხეო. გავგიჟდი კინაღამ. ერთს ასტკივდება, მეორეც იტკივებს - ამითაც ეჯიბრებიან, რომელიმეს ყურადღება რომ არ მოვაკლო. ასეთივე უალტერნატივო იყო მათთვის დედა. კახოსთვის ბელა იყო და არის სრულყოფილება, „ფანტასტიკა“, ასევე - მამასთვის.
იღბალი
იმ წელს უნდა ჩამებარებინა... აუცილებლად. ძალიან ცუდად გავიარე ტურები. მე ასეთ აბიტურიენტს არ მივიღებდი.
ძალიან მკაცრად დამხვდნენ გამომცდელებიც. თვალებში დამიბნელდა, კინაღამ გული წამივიდა და უცებ, - ნუ ყანყალებო! - მითხრეს.
არ შემეშინდა, მაგრამ წუთიერად „თამაშიდან“ გასვლა მაინც ვიფიქრე, რადგან ბუნებით თავდამსხმელი არ ვიყავი....
კარგმა ატესტატმა მიშველა და ჩავირიცხე. მერე ის მკაცრი გამომცდელები ჩემს უძვირფასეს ადამიანებად, აღმზრდელებად იქცნენ.. ალბათ, იღბალი იყო!
იღბალი იყო გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოხვედრა; იღბალი იყო ნანუკა ხუსკივაძის, „ჭოლას“ - ლევან წულაძის, მერაბ ნინიძის, ნინო თარხან-მოურავის, გოჩა კაპანაძისა და კიდევ რამდენიმეს ერთ ჯგუფში გაერთიანება!
ალბათ, ვარსკვლავები განლაგდნენ ასე და ყველაფერი თავიდანვე განისაზღვრა. გიზომ შესანიშნავად გვასწავლა მსახიობის ოსტატობის ანბანი და გარდა ამისა, პირველივე შეხვედრაზე გვითხრა, რომ შეიძლება თეატრში იცხოვრო, შეიძლება - ომში, და ისე გაიარო გზა, არავის მეტოქე გახდე...
ამიტომ ზუსტად ვიცი, საქმე არავისთვის გამიფუჭებია; არც კონკურენტი ვყოფილვარ და ესეც გენეტიკური მგონია: დედაც ასე იყო, კახოც და მამაჩემიც, რომელმაც უხმაუროდ, უჩუმრად ძალიან ბევრი ეკლესია აღადგინა და კვლავაც აღადგენს. ეს თვისება, ალბათ, ჩემშიც არსებობდა, მაგრამ გიზომ გამიღვივა:
პოპულარობისკენ არასდროს ვილტვი. ასე ჯობიაო, - მითხრა. შეიძლება არც სჯობდა, მაგრამ სხვაგვარად ახლაც ვერ ვიცხოვრებ... არტისტისგან რა რჩება, გიფიქრიათ? - მხოლოდ ადამიანი და ყვითელი ფოტო, არაფრის მეტყველი და დროთა განმავლობაში - უფრო ყალბი. ჩემთვის და თქვენნაირი ადამიანებისთვის ეს ფოტოც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგადად - არაფერია. ჩემი პროფესია დღეს, ამ წამს, ამწუთას არის და არა - ხვალ. შეიძლება ამას მთავარი გადააყოლო? მთავარი ხომ ის არის, როგორ მოგიგონებენ!..
არადა, რამდენი ცდუნებაა! რა იოლია, ხიბლში ჩავარდე! თითქოს ფრონტის წინა ხაზზე ხარ, დანაღმულ ველზე მიდიხარ და ხშირად ფეთქდები კიდეც, მაგრამ მთავარია, სხვა არ ააფეთქო. მეც ბევრჯერ ავფეთქდი და ბევრჯერ მეტკინა, მაგრამ სწორედ იმ იღბლის სანაცვლოდ, ცოტა ხნის წინ რომ ვახსენეთ. ასეთია ცხოვრება!
ერთი ვაჟი
ერთი ვაჟი მყავს, 27 წლის აკა და მასაც ერთი ბიჭი ჰყავს - იკო ჩემი ძმის, ირაკლის სახელი დაარქვა. ოქროსფერი თმა აქვს, მე მქონდა ბავშვობაში, და მამასავით ლურჯი თვალები.
დედაჩემსაც ყველაზე მეტად იკო ჰგავს. აკამ ძალიან პრაგმატული და პროზაული საქმე - იურისტობა აირჩია, კახო კი ამბობს ხოლმე: ოჯახში ყველაზე ჭკვიანი ეგ აღმოჩნდა, არტისტი რომ არ გამოვიდაო. როგორც ცნობილია, ნანუკას ძმაც, ირაკლი კავსაძეც მსახიობია და ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს...
აგრეთვე წაიკითხეთ:
„3 დედა“ და „ეროსის შვილობა“, „დაწუნებული“ სიძე - ზურა ყიფშიძის პორტრეტი
როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ „პა სეანსის“ ბიჭები
3 ცოლი, დანგრეული ოჯახი, ალკოჰოლი, „ქუჩური ცხოვრება“ და მორჩილობა - „უძინართა მზის“ დათოს პორტრეტი