1980 წლის 17 მაისი, აფხაზეთი, გალის რაიონი, სოფელ ოტობაია. იზორიების ოჯახში ბიჭი დაიბადა - ჯანო დაარქვეს.
არდადეგებზე ქალაქ ფოთს ტოვებდა და დროს სოფელში ატარებდა. როგორც თავად ამბობს, ფეხშიშველი დადიოდა და ასე გრძნობდა თავისუფლებას. არასდროს რცხვენოდა ეზოსა და უბნის კონცერტებში მონაწილეობა.
მერე ყველაფერი თავისით მოხდა, ცხოვრების დინებამ იქ მიიყვანა, სადაც საჭირო იყო და მოხვდა იმ დაუჯერებელ სამყაროში, რასაც კინო და თეატრი ჰქვია.
ჯანომ არაერთი სამახსოვრო პერსონაჟი შექმნა, რითაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა.
დღეს „დაიჯესტი“ სწორედ მასზე გიამბობთ...
ბავშვობა
ყველა ბავშვს აქვს ტკბილი მოგონება. ბავშვი ბევრად უფრო პოზიტიურად აღიქვამს გარემოს, სამყაროს. არც მეც ვიყავი გამონაკლისი. ძირითადად არდადეგებს სოფელში ვატარებდი, აფხაზეთში. მაისის ბოლოს, როგორც კი სკოლა დამთავრდებოდა, სოფელში მივდიოდი.
სახლში რომ შევიდოდი და ჩემს ეზოში ფეხსაცმელს ავაგდებდი, აგვისტომდე სულ ფეხშიშველი დავდიოდი - რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა. ქალაქ ფოთში ეგრე მოქცევა არ შემეძლო, ქუჩაში ფეხშიშველი ვერ ივლიდი. იქ კიდევ შიშველი ფეხებით სირბილი იყო თავისუფლების სიმბოლო.
მაშინ არ იყო ინტერნეტი, ბევრად უფრო მგრძნობელობითი თამაშები გვქონდა. ვთამაშობდით ომობანას და ჩვენთან ერთად გოგოებიც თამაშობდნენ...
მახსოვს, ინდიელებზე გადიოდა ხოლმე ფილმი და იმათ ვბაძავდით. მშვილდ-ისარს ვაკეთებდით... რაც ბებიაჩემს ინდაურები და ქათმები ჰყავდა, ყველას ბუმბულს ვაპუტავდით და თავზე ვიკეთებდით, ვითომ ინდიელები ვიყავით.
უტკბესი იყო... მიყვარდა, როდესაც უფროსებს სათევზაოდ მივყავდით ზღვის პირას. იყო ღამის თევებიც, მართლა საოცარი იყო. ბადეები იყო ჩაყრილი, ველოდებოდით გათენებას, მერე ბადეები მოწმდებოდა, თევზი ამოგვყავდა და მეცხრე ცაზე ავყავდი ამ სიამოვნებას.
ომის დაწყების დღე
ზუსტად მახსოვს, როდესაც ომი დაიწყო, სათევზაოდ ვიყავი. დავბრუნდი და მკვეთრად მახსოვს, ტელევიზიით გადმოსცეს ინფორმაცია ჯარების შესახებ... ზაფხულში დღისით, მზისით ავტომატების კაკანი ისმოდა. მაინც ბავშვი ვიყავი და ამ ყველაფერს დროებითად აღვიქვამდი. ვფიქრობდი, რაღაცნაირად შეჯერდებიან, შეთანხმდებიან-მეთქი, მაგრამ მერე იმოქმედა იმ ძალამ, რასაც რუსული აგრესია ჰქვია და სათავისოდ გამოიყენა ჩვენი განხეთქილება.
როცა საბოლოოდ დაიკარგა აფხაზეთი, დაიკარგა ჩემი სოფელიც და ეს დიდი ტკივილი იყო.
პლუს ჩვენს ქვეყანაში გაჭირვება, უშუქობა, სამოქალაქო ომი და ყაჩაღობა იყო. დედები საჭმელს იმპროვიზაციით, ფანტაზიით იგონებდნენ, რომ გამოვეკვებეთ და ასე გაგვზარდეს ეს თაობა.
ენით ვერ აღწერ იმ გრძნობას, რაც ნანახი მაქვს. მძაფრი იყო, როდესაც ომის მერე პირველი ზაფხული დადგა, პირველი აღდგომა, პირველი შობა, პირველი ახალი წელი და ვერ მივიდოდით იმ ადგილას, სადაც ყოველთვის დავდიოდით. ჩემს სოფელში მისვლა აღარ შეგვეძლო, გვიკრძალავდნენ.
მერე ბავშვობის მეგობრები, ძმაკაცები, ნათესავები დავიშალეთ, ზოგი სად წავიდა, ზოგი - სად, ესეც ძალიან რთული იყო.
ჩვენ ყველა დევნილები ვართ. სანამ ყველა ქართველი თავის ცნობიერებაში არ ჩამოყალიბდება და არ იტყვის, რომ დევნილია, აფხაზია, სამაჩაბლოელია, მანამ არ იქნება ქვეყანაში ის მუხტი, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს.
პროფესიის არჩევა
მსახიობობა რომ მინდოდა-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი, ეგრე მართლა არ ვიყავი. უბრალოდ, მიდრეკილება მქონდა. მიყვარდა კონცერტების გამართვა. ყველგან ჩართული ვიყავი. არ „მიტყდებოდა“ ეზოსა და უბნის კონცერტებში მონაწილეობა.
მერე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში აღმოვჩნდი, მხატვრული კითხვის წრეში. ამას სიმღერის წრეც დაემატა და ასე, თავისთავად მოხდა ეს ამბავი, რაც ახლა ჩემი ცხოვრებაა...
კინო თუ თეატრი
ეს იგივეა, მკითხო, რომელი უფრო გიყვარს, დედიკო თუ მამიკოო. ორივე ძალიან მიყვარს, ახლაც ჭიათურაში ვარ ფილმის გადაღებაზე.
ჩემთვის უმაგრესი პროცესია. თეატრს აქვს აი, ისეთი პროცესი, რომ სიამოვნება დიდხანს გიგრძელდება და კინოში კიდევ ეგ სიამოვნება უცებ უნდა მიიღო და უცებ მთავრდება.
პრემიერის დღე...
მაგ დღეს მუცელში რაც ხდება მაგისთვის სახელი ვერ დამირქმევია. ალბათ, ვერასდროს დავარქმევ. ეგ როგორი რაღაც არის იცით, აი, სიამოვნებას და უსიამოვნებას შორის რაღაცა ნაზავია.
ტკბილთან რომ მწარედ შეიჭრება ეგეთი ამბავია - ამას მარტივად ადრენალინის ჭარბად გამოყოფა ჰქვია. მერე, როდესაც სცენაზე შედგები და იგრძნობ კარგად დაიწყო ამბავი, მერე სხვაგან მიფრინავ და ეგ კიდევ სხვა სიამოვნებაა.
რიტუალი...
თუ ჩემს ქალაქში, ფოთში მაქვს პრემიერა და სპექტაკლი 8 საათზე იწყება, დილიდანვე, როგორც კი თენდება, ზღვის გზით მივდივარ თეატრში.
გზად გავივლი ხოლმე საფლავებზე. იქ არიან თეატრის წარმომადგენლები, ჩემი რეჟისორი, პედაგოგი, თეატრის თანამშრომლები, შევუვლი, ვესაუბრები, ჩემი ფიქრები მაქვს და მერე მივდივარ თეატრში. მთელი დღე თეატრში ვარ და არ ვჭამ საჭმელს.
შანსი არაა პრემიერის დღეს რამე ვჭამო. მერე დისკომფორტს მიქმნის ნაყროვანება და მგონია, რომ ჭამა უცებ მომადუნებს. თან, ხომ იცით, „მშიერი მგელი უფრო მაგრად ნადირობს“ ხოლმე. კონცენტრირებული ხარ უფრო.
აი, ახლა ხომ ჭიათურაში ვარ და დილით სანამ თბილისიდან აქ წამოვიდოდი მალე გავიღვიძე და დიდუბის პანთეონში, მივედი სადაც ჩემს პედაგოგს - რეზო ჩხეიძეს შევუარე.
ზოგჯერ შეიძლება ფიზიკურად ვერ მოახერო მისვლა, მაგრამ გონებით, ფიქრით ამ რიტუალს შიგნით იტარებ. თუ ამის შესაძლებლობა მაქვს, ხელიდან არ ვუშვებ და მივდივარ საფლავზე. თუ ქარი არ არის სანთელსაც ვანთებ , თუ არადა ისე ვტოვებ... ჩემი ფიქრები მაქვს ხოლმე, ჩამოვჯდები და ვესაუბრები.
ზოგჯერ ჩუმად... არც დიალოგი მაქვს... ფიქრებში... ისე ვსხედვართ და ვუყურებ და ვათვალიერებ იმ ადგილს, რასაც პანთეონი ჰქვია.
თავადი გრიგოლ მიქელაძე
ქართული მრავალეპიზოდიანი სატელევიზიო დრამა „ტიფლისი“ ეს საოცრება იყო. ახლაც მხვდებიან ადამიანები და მეკითხებიან როდის გაგრძელდებაო, ეს ძალიან კარგია. პროექტი დამთავრდა და მაყურებელს მისი გაგრძელება მაინც სურს - ეს ყველაზე კარგი შეგრძნებაა.
რომ ვთქვა, დიდი ხანი ვიფიქრე-თქო არა, არ იყო ეგრე. ჯერ მოულოდნელი იყო რეჟისორმა - ლევან დაბრუნდაშვილმა რომ დამირეკა. გასაუბრებაზე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მივედი.
უკვე ფილმ „კომაში“ მქონდა მონაწილეობა მიღებული და ახალ პროექტზე რომ მითხრა, ვიფიქრე ისევ პატიმრის პერსონაჟის შექმნა უნდა, როგორც „კომაში“ იყო - მეთქი.
გავოცდი, სულ სხვა პროექტი შემომთავაზა. მეუბნება, თავადი უნდა ითამაშოო და ცოტა საკუთარ თავს გვერდიდან დავაკვირდი - რომელი თავადი მე ვარ-მეთქი...
მერე მაჩვენა თიზერი. ეგ რომ მანახვა გავგიჟდი შოკისგან. ძალიან მომეწონა, საქართველოში ეგეთი რამე თუ კეთდებოდა არც ვიცოდი...
მოკლედ, კასტინგის გარეშე ამიყვანეს როლზე. არ მახსოვს, როგორ წამოვედი იქიდან. ფოთში მივდიოდი და სამარშრუტომდე მივფრინავდი, ისეთი გახარებული ვიყავი.
მერე დავიწყეთ მუშაობა და სტილიც მოვიფიქრეთ - ულვაში და გადაწეული თმა...
ადამიანს მხოლოდ ერთხელ უყვარდება?
ერთხელ არ უყვარდება, რამდენჯერმე უყვარდება. ეგ როგორი რამეა იცი? ჩასაფრებული ფირალივით არის. სად, როგორ ჩაგისაფრდება არავინ იცის.
დაუგეგმავი ამბავია. მაგიტომაც ჰქვია სიყვარული. თუ გეგმავ და გეგმის მიხედვით აკეთებ ყველაფერს, არ გამოვა ეგ ამბავი, ეგ სიყვარული აღარ იქნება.
სიყვარულს ბედნიერებას ვერ დავარქმევ, ბედნიერებასთან ერთად დიდი ტკივილია. ამას მოპოვება უნდა.
„ცალმხრივი სიყვარულის მასტერი“
სიყვარულის გამო ბევრი რამ დაწერილა, ფილმები გადაუღიათ, ქალაქები აშენებულა, შენობები, ხიდები აგებულა.
ამას მხოლოდ სიყვარულის გამო აკეთებდნენ და უძღვნიდნენ მეორე პიროვნებას.
არის ცალმხრივი სიყვარულიც. მე ამის „მასტერი“ ვიყავი. არ ვიყავი ბევრი მიზეზის გამო ისეთი სასურველი, რომ ყველაფერი აწყობილიყო. თან სხვანაირი ბავშვი ვიყავი, სხვანაირი დროც იყო და არ მიმართლებდა. აქეთ მიყვარდებოდა იქით არ ვუყვარდი. მერე სიბერეში გამიმართლა.
იყო ისეც, რომ „სნიკერსის“ საყიდლად მთელი თვე ვაგროვებდი ფულს, რომ მეჩუქებინა. მერე გულის ჯიბეშიც კი დამიდნა. ავდექი და ამ დამდნარ „სნიკერსს“ ფორმა მივეცი, ისევ გავყინე და შევფუთე. ეს ამბები დღეს კარგად მახსენდება, ალბათ, იმათაც.
ცალმხრივი სიყვარულის გამო ხშირად მქონია ტანჯვის შეგრძნება, ჰო, ეს ახლა ჰქვია დეპრესია, თორემ მაშინ მაგას ტანჯვა ერქვა.
ყოფილა რაღაცები, რაც ჩემთვის, მარტოს განმიცდია და გამომივლია. ამის გადალახვაში ჩემი ფანტაზიაც მეხმარებოდა.
ადრე მოდაში იყო ხეზე სახელების ამოტვიფრა. მახსოვს, ერთხელ ძმაკაცის სოფელში ვიყავი, ამ გრძნობებს გავექეცი, ყურადღება რომ გადამეტანა. თუმცა, იქაც არ მომშორდა ფიქრები, გრძნობა უბედური რამეა.
მოკლედ, იქ იყო მდინარე, რომელსაც თიხის ფსკერი ჰქონდა, არ იყო ქვიანი. წყალიც მწვანე, ძალიან სუფთა იყო.
იქნებოდა 3 მეტრი, ჰოდა, მახსოვს ქვით ჩავყვინთე. თან ქვამ სიმძიმე მომცა და ჩავედი ბოლომდე. ფსკერზე დიდი ასოებით დავწერე სახელი.
სახელის დაწერისას მდინარე აიმღვრა და მერე როცა ნელ-ნელა გაიწმინდა და დასუფთავდა წყალი ძალიან ლამაზი იყო, თითქოს მდინარე ზემოდან ეფერებოდა მის სახელს.
რაღაც პერიოდი ეგრე იყო, მეორე დილით მივაკითხე, მაინტერესებდა კიდევ იქნებოდა თუ არა და იყო, ჩანდა...
მეუღლე
ჯანოს მეუღლე გვანცა ბადურაშვილია. ეს მსახიობის მეორე ქორწინებაა და როგორც თავად ამბობს, სანამ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, მანამდე იქნებიან ბედნიერები.
ჯანოს 2 შვილი, ევა და თებე ჰყავს.
„მე როგორი მეუღლე ვარ, ეს ჩემმა ცოლმა და შვილებმა უნდა თქვან. რაღაც მინუს - პლუსები ყველას აქვს. ჩემი მეუღლე, რაღაც საკითხებში, ჩემი თანამოაზრეა. ესმის ჩემი პროფესია... ერთი სიტყვით, გვიყვარს ერთმანეთი და სანამ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ბედნიერები არიან. კამათი ყველასთან ხდება, მაგრამ ეს არ გვაშინებს და არ გვძაბავს.“
აგრეთვე წაიკითხეთ:
2 ქორწინება, 14 წლით უმცროსი მეუღლე და კონსერვატორიიდან „გაგდებული“ - ვაჟა აზარაშვილის პორტრეტი
კლინიკური სიკვდილი, საკუთარი თავის შიში, ხატვა და 2 ქორწინება - ჟანრი ლოლაშვილის პორტრეტი
რეპრესირებული ოჯახი, ავადმყოფობა, პატიმარი მამა და ერთადერთი ქალიშვილი - „მარიამ ბებიას“ პორტრეტი