რეჟისორი რობერტ სტურუა იუბილარია, იგი 87 წლის გახდა.
დიდი მაესტრო, შოთა რუსთაველის სახელობის სამხატვრო თეატრის დასის ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა 1938 წლის 31 ივლისს დაიბადა.
რეჟისორის მამა, რობერტ ივანის ძე სტურუა ცნობილი მხატვარი, რომლის ნამუშევრები თბილისის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. დედა – ცუცა (მაყვალა) ბოლქვაძე.

კარიერა
რობერტ სტურუამ 1962 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). რუსთაველის თეატრში 1963 წელს მოვიდა. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, ხოლო 1980-2011 წლებში მისი სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო. დღეს იგი თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. რეჟისორი ძალიან კარგად ხატავს, უკრავს ჯაზს, წერს პიესებს.
პირველი წარმატება რეჟისორს არტურ მილერის „სეილემის პროცესის” დადგმამ მოუტანა (1965 წ).
მოგვიანებით სტურუამ თქვა კიდეც: „ამ წარმოდგენით, ჩემთვის შეუმჩნევლად, კონცეპტუალურ რეჟისურამდე მივედი”. თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში — დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომელიც თემურ ჩხეიძესთან ერთად დადგა. დიდი წარმატება მოჰყვა აგრეთვე სპექტაკლს „ხანუმა“.
70-80-იან წლებში იქმნება სტურუას ყველაზე ცნობილი სპექტაკლები: პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე”, რომელმაც ყველა უკვე „სტურუას თეატრის” განსაკუთრებულ მოდელზე აალაპარაკა; ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე” – სპექტაკლი-დღესასწაული, რომელმაც მსოფლიო შემოიარა, შევიდა საერთაშორისო კრებულში „XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლები” და დღესაც ცოცხალ ლეგენდად რჩება.
რობერტ სტურუა ცნობილია, როგორც შექსპირის თეატრის „პარადოქსული ინტერპრეტატორი”. 37 პიესიდან 17 უკვე დადგმული აქვს რუსთაველის სცენაზე და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში. ლონდონის „რივერსაიდ სტუდიაში’’ დადგმული „ჰამლეტი” (1986) მთავარ როლში ალან რიკმანით შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის მანძილზე შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა. თბილისური „ჰამლეტის” ორივე ვერსია (2001, 2006), სტურუას თქმით, „დრომ მოიტანა”, ისევე, როგორც მკაცრი და დინამიური „მაკბეტი” (1995), ან „როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე” (2002) თავისი განსაცვიფრებელი რიტმითა და პირობითობით.
1980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში იდგმება თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი ქალისთვის“ (1980), მიხეილ შატროვის „ცისფერი ცხენები წითელ ბალახზე“ (1980). 90-იანი წლების სპექტაკლებში კი აქცენტები უკვე ადამიანსა და მის სულიერ სამყაროზეა გადატანილი, ასეთებია: კალდერონის “ცხოვრება სიზმარია” (1992), ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამინი” (1993), „იაკობის სახარება” (1995).
1997 წელს ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ განსაკუთრებით პოპულარული გახდა ახალგაზრდა თაობაში. 1998 წელს მოსკოვის თეატრ „სატირიკონში“ დაიდგა სტურუას „ჰამლეტი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა კონსტანტინ რაიკინი. 2000 წელს ისევ მოსკოვში, თეატრში ET CETERA იდგმება „შეილოკი“ (შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ მიხედვით).
21-ე საუკუნეში შექმნილ სპექტაკლებში რობერტ სტურუას დიალოგი მაყურებელთან უფრო ფილოსოფიური გახდა. რეჟისორი თითქოს მეტს ფიქრობს მარადისობაზე, ეძებს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადებულ ზღვარს. ასეთია გია ყანჩელის მუსიკაზე შექმნილი პლასტიკური სპექტაკლი-ფანტაზია „სტიქსი” (2002), „ჰამლეტის” ორივე თბილისური ვერსია (2001, 2006), ბეკეტის „გოდოს მოლოდინში” (2002).

რობერტ სტურუას ბავშვობა და ოჯახი
„ბებიის და და დეიდა მომღერლები იყვნენ. ბებიაჩემის და ოპერის თეატრიდან გააგდეს, მაგრამ რატომ, არ ვიცი, დეიდაჩემი კი კონსერვატორიას ამთავრებდა, ამ დროს მამამისი დაიჭირეს. ბაბუაჩემი დახვრიტეს, ამიტომ ისიც კონსერვატორიიდან გააგდეს და დარჩა არსებობის წყაროს გარეშე. ახალგაზრდა ქალი იყო და ბებიაჩემის დამ წაიყვანა საეკლესიო გუნდში. იგი თავად უკვე სიონის გუნდში გალობდა. ჩემი ორი უახლოესი ნათესავი მღეროდა სიონში. რასაკვირველია, იქ მათ დავყავდი. მაშინ გავიგე რელიგიის შესახებ რაღაცები. მახსოვს, ჩემი ახალგაზრდობის დროს, გუდიაშვილმა მოხატა ქვაშვეთის ეკლესია. ეს დიდი სენსაცია იყო ქალაქში. მაშინ სტალინმა დაუშვა თავისუფლება რელიგიაში, რადგან მას სჭირდებოდა, რომ ხალხი ომში წაჰყოლოდა. ეს ტიპური პოლიტიკური ტრიუკი იყო, ჯერ ნახევარზე მეტი ეკლესიები დაანგრია და მერე უცებ გახდა მორწმუნე.”
რას ჰყვებიან რობერტს სტურუაზე მისი ოჯახის წევრები?
რეჟისორის შესახებ საზოგადოებისთვის უცნობ ამბებს მისი მამიდაშვილი – ირიკა სტურუა და დისშვილი – ნინო არსენიშვილი იხსენებენ.
ირიკა სტურუა: ჩვენი ოჯახი ყოველთვის მრავალრიცხოვანი, თბილი და ურთიერთმოყვარული იყო. რობიკო ჩემზე და თავის დაზე, ლენუკაზე, ოთხი წლით უფროსია (რობიკოს და გია არსენიშვილის მეუღლეა, – ე. პ.), ძალიან დიდი დაბადებულა – ოთხი კილო იყო. ისეთ ბოხ ხმაზე უტირია, ექიმს უთქვამს – შალიაპინი დაიბადაო და ჩვენები ძალიან ამაყობდნენ, რასაკვირველია, ოჯახში ბიჭი გაჩნდა და ყველას უხაროდა. თან მშობლები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ: მამამისი, დევი – 21-ის, დედამისი, ცუცა – 18-ის. რობიკოს თავიდანვე უყვარდა თეატრი. მახსოვს, თოჯინების სპექტაკლებს გვიდგამდა. დაახლოებით ათი წლის იყო, ბიძაჩემმა (რობიკოს მამა, დევი სტურუა, მხატვარი იყო) მუყაოსგან სცენის მაკეტი გაუკეთა, ბებიაჩემმა სასცენო ფარდა შეუკერა. ბებია ხშირად გვიკერავდა რაღაცებს და თარგები ჰქონდა. რობიკო გახსნიდა ამ სცენას, თოჯინებს გამოიყვანდა, ათამაშებდა და თვითონვე ახმოვანებდა. „უჟასები“ მისი საყვარელი ჟანრი იყო. ლენუკას ერთი დიდი დათუნია ჰქონდა და მონსტრის როლში ათამაშებდა. ხან, მის ყველაზე საყვარელ თოჯინას მოკლავდა სცენაზე და ლენიკო ამაზე საშინლად ტიროდა. ჩვენ კიდევ ერთი ბიძაშვილი გვყავდა, ვანიკო, საწყალი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლენუკას ეფერებოდა და აწყნარებდა. მე საზიზღარი ბავშვი ვიყავი, არაფერზე ვტიროდი. არდადეგებზე სოფელში მივდიოდით სამტრედიის რაიონში, სოფელ ნაბაკევში. რობიკოს ძალიან უყვარს ეს სოფელი. ახლა ყოველ ზაფხულს ყველა ერთად ვისვენებთ გრიგოლეთში. მთელი გზა ვეჯღანები, რომ სოფელში გაგვატაროს. ხვდება, რაც მინდა და მეტყვის, – ჰო, კარგი, კარგი გავივლითო. მივალთ, დავხედავთ, გავიხსენებთ ბავშვობის წლებს და კმაყოფილები განვაგრძობთ გზას. საოცარი წლები გვაქვს გატარებული. თავის დას საღამოობით ზღაპრებს, შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს უყვებოდა. რაღაცებს იგონებდა. მერე, ლენუკა რომ წამოიზარდა, იხსენებდა: რომ წამოვიზარდე და შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი წავიკითხე, გაცილებით საინტერესო აღმოჩნდაო.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, რობიკო, მირიან შველიძე და რუსთაველის თეატრის მსახიობები ჩავიდნენ ჩვენთან სოფელში, სათევზაოდ წავიდნენ ცხენისწყალზე და დაიკარგნენ. ჩემი შვილებიც იქ იყვნენ, დაირაზმნენ და მოსაძებნად წავიდნენ. ახლა სიცილით ახსენდებათ.

– მისი სკოლის პერიოდიდან რას გაიხსენებდით?
– რობიკო ყოველთვის მრავალმხრივად ნიჭიერი და ინტერესიანი იყო. 51-ე, მაშინდელი რუსული სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. რობიკო ქართულ ოჯახში, ქართველ ბებიებთან გაიზარდა. ზოგჯერ რაღაცნაირად იტყვიან – მაგას რუსული სკოლა აქვს დამთავრებულიო. 4 წლის იყო, მან და ვანიკომ „ვეფხისტყაოსანი“ რომ იცოდნენ. გადასარევად იცოდნენ გეოგრაფია, რუკა. ომის დროს უცებ მონიშნავდნენ ხელით, სად რა ხდებოდა. რობიკოს კარგად ესმოდა მათემატიკა, ისევე, როგორც ფიზიკა, ქიმია და თავის დას ამეცადინებდა. ლენუკა რაღაცას კარგად რომ ვერ გაიგებდა, ეტყოდა: „დურა, დურა!“, მერე თვითონ მიუჯდებოდა მაგიდას და მის დავალებებს აკეთებდა.
– რობიკომ და დუდანამ სად გაიცნეს ერთმანეთი, როგორ გახსოვთ მათი დაქორწინება?
– რობიკო და გია ყანჩელი მეგობრები იყვნენ და შეთანხმდნენ, ერთ დღეს მოეყვანათ ცოლები. აეროპორტში გავაცილეთ. დეიდაჩემი, რობიკოს მამიდა, კიევში ცხოვრობდა და მასთან ჩავიდნენ. სასტუმრო და ყველაფერი დაახვედრა, რაც საჭირო იყო. რაც შეეხება მათ გაცნობას, დუდანას მეგობარი, ბელა თოფურია, გოგი ხარაბაძის ცოლია. თეატრში დადიოდნენ და იქიდან გაიცნეს ერთმანეთი. ორი წლის წინ რობიკომ და გიამ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში რესტორანში ერთად გადაიხადეს თავიანთი ქორწინების 40 წელი. რობიკოს ორი ვაჟი ჰყავს – გაგა და მიხო. სამწუხაროდ, არ გაჰყვნენ მამის გზას. გაგა არქეოლოგია, მაგრამ ამჟამად თეატრში მუშაობს კომპიუტერზე, რეკლამებს აკეთებს. მიხო ოპერატორია და კინოსტუდიაში მუშაობს. გაგას მეუღლე, თამრიკო, მხატვარია და ერთი ქალიშვილი ჰყავთ. მიხოს მეუღლეს ნინო ჰქვია. მათ ერთი ბიჭი ჰყავთ.
ლენუკა რობიკოზე იხსენებდა: პირველად კარლსონი რომ წავიკითხე, თვალწინ ჩემი ძმა დამიდგა – მასაც კარლსონივით უყვარს ტკბილეული და ისეთივე ბავშვური და სასაცილოა. დღესაც ასეთია, მაინცდამაინც არ შეცვლილაო. მადას არასდროს უჩიოდა, დიდი გურმანია. ტკბილეულის გარდა, უყვარს ყველაფერი ქართული და გემრიელი, სიამოვნებით გეახლებათ წიწიბურას, უბრალო სუპებსაც... თვითონ ძალიან კარგად ამზადებს ლობიოს, სხვადასხვა კერძს, განსაკუთრებით – ზაფხულში, როცა გრიგოლეთში ვართ.
ნინო არსენიშვილი: ბიძაჩემს ყოველთვის ვსაყვედურობდით მოუცლელობის გამო, თუმცა ამას ყველა შეგუებული იყო. არ ვიცი, საიდან იგონებდა ამდენ თავგადასავლებს. მახსოვს, მე, ჩემი ძმა, ჩემი ბიძაშვილები (რობიკოს შვილები, ე.პ.), როგორი ინტერესით ვუსმენდით მის მონათხრობებს. პატარები რომ ვიყავით, თეატრში, სანაყინეში დავყავდით. მახსოვს, რამდენი არაჩვეულებრივი ადამიანი იყრიდა თავს ჩვენს ოჯახში. ბავშვებს გვეტყოდნენ – აბა, ჩქარა დაიძინეთო. დღესაც თვალწინ მიდგას, როიალზე როგორ შემოხტა კახი კავსაძე და დედაჩემი ემუდარებოდა, – ჩამოდი, ჩატყდებაო.

– ძალიან საინტერესოა, როგორ გახდა რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი?
ირიკა სტურუა: ზოგს ჰგონია, რომ რობიკოსთან ადვილად მოვიდა წარმატება. ადვილად არაფერი მოდის, ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. პირველი სადიპლომო სპექტაკლი გრიბოედოვის თეატრში გააკეთა. 49 წლის განმავლობაში ასი სპექტაკლი დადგა. დოდო ალექსიძე და მიშა თუმანიშვილი რობიკოს პედაგოგები იყვნენ და, რასაკვირველია, ყოველთვის გვერდში ედგნენ, როცა დამწყები რეჟისორი იყო.
– ყოველთვის ჰყავდა თეატრში თავისი რჩეული მსახიობები. თქვენთან თუ უხსენებია ისინი?
– ჩვენთან საუბარში ხშირად უხსენებია რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, თეატრში მთავარი ფიგურა იყო: ამ კაცთან მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს. ლაპარაკს რომ ვიწყებ, უკვე იცის, რა უნდა ვთქვა და როგორ უნდა დავამთავროო. რასაკვირველია, სხვებსაც უდიდეს პატივს სცემს და მათ ნიჭზეც ულაპარაკია.
- როგორ ცხოვრობდა სტურუების ოჯახი, რა უჭირდა, რა ულხინდა?
– ვინმე გაჭირვებულს ყოველთვის ეხმარებოდნენ. 1992 წელი, საშინელი პერიოდი რომ იყო, არავის არაფერი რომ არ ჰქონდა, რობიკო თურქეთში წავიდა სპექტაკლის დასადგმელად. წასვლის წინ დამირეკა და მითხრა: რა გჭირდებათ, რა ჩამოგიტანოთო. მეც და ლენუკასაც შვილიშვილები ახალი გაჩენილები გვყავდა. მაშინ პამპერსი არ იშოვებოდა და, მახსოვს, დიდი ყუთებით ჩამოგვიტანა. რობიკოს ბიჭი გახარებული იყო – რა კარგია, ამის გამო ახალი ჩანთა ვიყიდეო. არ სჭირდებოდა თქმა, თვითონ იცოდა, რა უნდოდათ ბავშვებს და ის ჩამოჰქონდა. რობიკო ხომ ასეთი კეთილია და, დუდანა – ორჯერ უფრო კეთილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შენთვის ასაკი, მხოლოდ ციფრებია“ - 46 წლის ნინო ცქიტიშვილი აბრეშუმის კოპლებიან კაბაში ბრწყინავს
⭕საქართველოში 4 აგვისტომდე 38-40 გრადუსამდე იქნება - გარემოს ეროვნული სააგენტო