რომან დოლიძე სახელოვანი ქართველის, UFC-ის მებრძოლის, რომან დოლიძის მამა გახლავთ. ცოტა ხნის წინ რომანმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და მთელი საქართველო გვაზეიმა. ბატონი რომანი შვილის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.
რომან დოლიძე: გულახდილად გეტყვით, ბოლო პერიოდში მე და ჩემი მეუღლე ჩვენი შვილის ბრძოლებს პირდაპირ ეთერში ვეღარ ვუყურებთ. არადა, ადრე მის ყველა ბრძოლას ვესწრებოდი. ამერიკაშიც კი ვიყავი ამისთვის, მაგრამ მერე მეც მეუღლის ემოციები გადმომედო. ის ვერ უყურებდა, ახლა კი უკვე მეც ვნერვიულობ და ვეღარ ვუყურებ. ჩვენი ქალიშვილი და ნათესავები უყურებენ და მათგან ველით ხოლმე ინფორმაციას. ამჯერად კი ყველაფერს გავერიდეთ და მთელი ოჯახი საირმეში წავედით. ბრძოლის დროს, რა თქმა უნდა, არცერთს არ გვეძინა და ახალ ამბავს ველოდებოდით. პირველი შეტყობინება რომას გამარჯვების შესახებ ბიძაშვილისგან მივიღე. ძალიან ბედნიერები და ამაყები ვიყავით. იმედი მაქვს, რომ გადავლახავ ამ ემოციურ ფონს და მალე ისევ შევძლებ ბრძოლის ყურებას. ჩაფიქრებული მაქვს, ამერიკაში წავიდე, მით უმეტეს, სატიტულო ბრძოლა თუ იქნება, ვერაფერი დამაკავებს, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა.
– მოსამზადებელ პერიოდში როგორ ამხნევებთ შვილს?
– მინდა, გითხრათ, რომ ამ მხრივ ძალიან კომფორტულად ვართ. რომა ძალიან გაწონასწორებული და ძლიერი სულის პატრონია. მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია, მაგრამ თუ გამოვიდა, მისი დაჭერაც ძალიან ძნელია. ამდენად, რომას დასამშვიდებლად ჩვენ არ გვჭირდება მუშაობა, პირიქით, აქეთ გვამშვიდებს ხოლმე. მისგან მხოლოდ დადებითი განწყობა მოდის. ჩვენგან გამხნევებას დიდად არ საჭიროებს, მაგრამ; რა თქმა უნდა, ყველა მის გვერდით ვართ. მენტალურად და სულიერად ძალიან ძლიერი რომ არ იყოს, ამ სპორტში ვერც იქნებოდა.
– როგორია ხოლმე მოლოდინი ბრძოლის წინ?
– ნერვიულობა ბოლო ერთ კვირაში მატულობს და პიკს აღწევს. ამას ვერ გავურბივართ. ბრძოლის ღამეს არავის გვძინავს. დროის სხვაობის გამო ბრძოლა, ძირითადად, გამთენიისას ან შუაღამით უწევს ხოლმე და ვცდილობთ, ერთმანეთი გავამხნეოთ. ძალიან რთული პროცესია. ორთაბრძოლისთვის ემზადება ჩვენი შვილიც და მისი მოწინააღმდეგეც. უკითხავთ ხშირად – როგორია მოწინააღმდეგე, ძლიერია? მიმაჩნია, რომ არ არის ტაქტიანი კითხვა, რადგან ამ ორგანიზაციაში სუსტი და შემთხვევით მოხვედრილი პიროვნებები არ არიან. ყველა დიდი მიღწევებისა და შედეგების დამსახურებით არის იქ და შესაბამისად, ყველა ანგარიშგასაწევია. ის, რასაც რომა უკეთებს მის მოწინააღმდეგეებს, შეიძლება ერთ დღეს ჩვენს მიმართაც მოხდეს და გვინდა თუ არა, მაინც ვნერვიულობთ.
– საბედნიეროდ, შეგვიძლია, ვიამაყოთ ამ მიმართულების ქართველი ბიჭებით, მაგრამ რომა პირველი ქართველია, ვინც ნოკაუტით მოიგო და ისტორიაში შევიდა.
– რომას კარიერაში ეს პირველი ნოკაუტი არ ყოფილა, მეოთხე თუ მეხუთე იყო. ამ ორგანიზაციაში მას რამდენიმე ნოკაუტი აქვს გაკეთებული. პირველი ქართველი ნოკაუტერიც რომა იყო. თუმცა, ეს კიდევ სხვა იყო, მოწინააღმდეგემ ისეთი ტრავმა მიიღო, რომ ვეღარ გააგრძელა ბრძოლა და ასეთი ნამდვილად პირველი იყო.
– ამასთან ერთად, საუკეთესო ათეულში შედის.
– დიახ, თან, ორ წონით კატეგორიაში, რაც კიდევ უფრო აღსანიშნავია.
– ამას ემატება ამ მიღწევით მთელი საქართველოს სიხარული და ბედნიერება. რა ხდება თქვენს თავს ამის შემდეგ?
– ამის შემდეგაც და მანამდეც (იცინის). რომ გვეგონა, გავერიდეთ ბათუმს და საირმეში ჩავედით, მეორე დილითვე საკვების მომწოდებელი ახალგაზრდა ბიჭი მეუბნება, თქვენ რომას მამა არ ხართ?! დაიწყო და დაიწყო. მთელი სასტუმრო გვეფერებოდა. ვხუმრობდით აქაც ვერ დავიმალეთ-მეთქი (იცინის). ძალიან დიდი სიყვარული და ყურადღება გამოხატეს.
გამარჯვების დილით უამრავი მოლოცვა მივიღეთ და ძალიან ამაღელვებელი იყო. ფოტოებს იღებდნენ ჩვენთან. ყველა მშობლისთვის განსაკუთრებით საამაყოა, როცა შვილის თავს ასეთი რამ ხდება.
– სოციალურ ქსელშიც თუ ადევნებთ თვალს კომენტარებს. გულშემატკივრები მანამდეც არ აკლდა, მაგრამ ყოველი გამარჯვების შემდეგ ერთიორად იფეთქებს ხოლმე ემოციები.
– რა თქმა უნდა, ვნახე. სოციალურ ქსელშიც დიდი აქტიურობა იყო, მედიაშიც. ეს დიდი სტიმულია. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ბიჭები ასეთი პატარა ქვეყნიდან დიდ საქმეს აკეთებენ და მათ მიმართ ნათქვამი ყველა თბილი სიტყვა, როგორც მათთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის, ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელია. მე ვულოცავ მერაბსაც. მერაბი და რომა ძალიან ახლო ურთიერთობაში არიან. მერაბს იქ საკუთარი სახლი აქვს და ერთად ცხოვრობენ. ილიასაც ხშირად ხვდება რომა. გიგაც იქვეა, ლოს-ანჯელესში. ყველა ერთი ოჯახივითაა.
– შეიძლება, შორიდან წარმოგვიდგენია, რომ ჩამოვა, დაისვენებს, გემრიელად შეჭამს ოჯახში, მაგრამ გამოდის, რეჟიმი ყველგან რეჟიმია?
– ერთ-ორ დღეს აძლევს თავს ამის უფლებას, მაგრამ მერე, რა თქმა უნდა, ისევ გრაფიკშია. ჭამის მხრივ ძალიან ფრთხილია. თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევს.
– რას ამბობს, ყველაზე მეტად რა ენატრება ქართული ყოველდღიურობიდან?
– ხალხმრავალი ღონისძიებების მომხრე არ არის. ძალიან დიდი ხვეწნა გვჭირდება, რომ ისეთ ქორწილში წავიყვანოთ, სადაც უნდა იყოს. დიდხანს ვერ ძლებს ასეთ ადგილებში, თუმცა პატარა შეკრებებზე სიამოვნებით მოდის. ჭადრაკის თამაში უყვარს და ვინც ბათუმში რომას იცნობს, ყველამ იცის, რომ სიამოვნებით თამაშობს. ახლაც გახსნილი გვაქვს სახლში ჭადრაკის დაფა (იცინის).
– სპორტს მიღმა როგორი ადამიანი, შვილი და მეგობარია?
– რომა შემდგარი, პროფესიონალი სპორტსმენია. რთული სპორტის სახეობაში ასპარეზობს და თვისებები, რომელიც მას ამ სპორტში სჭირდება, ნამდვილად აქვს. გაწონასწორებულია, დინჯი, თუ საჭიროა სიტყვაძუნწიც და თუ საჭიროა – ძალიან მჭევრმეტყველი. შეუძლია, ნებისმიერ თემაზე ისაუბროს დამაჯერებლად. ძალიან უყვარს ბუნება. თუ ვინმე ვერ გაიყოლა, მარტოც წავა მთაში. ღამეც დარჩება კოცონთან, გამოქვაბულშიც, არ ეშინია. ველური ბუნება უყვარს. აქაც ნახულობს ასეთ ადგილებს და ლას-ვეგასშიც. ისტორიული იარაღები უყვარს და ახლაც გამოფენილი აქვს კაბინეტში. ძალიან უყვარს კითხვა. თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს. ბათუმში საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ძალიან საინტერესო და განსხვავებული სუპერმარკეტი შექმნა, საკუთარ სახლს აშენებს... დრო მაქსიმალურად განაწილებული აქვს. დამჯდარი რომა, რომელიც არაფერს აკეთებს და არ იცის, რა ქნას, ბოლო 15 წელია, არ მინახავს. მთელი დრო გაწერილი აქვს და სულ დაკავებულია. ძალიან უყვარს ბათუმი და წვიმა. ერთი კვირაა, გადაუღებლად წვიმს და უხარია, ჩემი ამინდებიაო (იცინის). კარგი ქართული ტრადიციული აზროვნების კაცია. ქართული, ისტორიული და ტრადიციული ყველაფერი მოსწონს. სიახლეებშიც ძალიან კარგად ერკვევა, მაგრამ უფრო ტრადიციული მენტალიტეტისაა. ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში უცხოვრია. ოდესაში საკუთარი ბინა აქვს, თავიდან ლას-ვეგასით მოიხიბლა ძალიან და დამიწყო „დამუშავება“ ხომ წამოხვალო. ცოტა ხანში თანხმობა მივეცი, მაგრამ რამდენიმე თვეში რადიკალურად შეიცვალა აზრი და თქვა, რომ იქ არ იცხოვრებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობიდან გამომდინარე, წელიწადის დიდ ნაწილს იქ ატარებს, სამომავლოდ ვერ ხედავს თავს ამერიკელად და ამერიკაში. საქართველოს გარდა მომავალს ვერცერთ ქვეყანას ვერ უკავშირებს. ბათუმში უნდა ცხოვრება. ძალიან უყვარს ნათესავები, მათთან ერთად ყოფნა. მხოლოდ ღვინის ღონისძიებები არ უყვარს და სმა რომ დაიწყება, იტყვის ხოლმე, წავალ, გავისეირნებო (იცინის). მოსმენა უყვარს, მაგრამ თუ შეატყო, რომ მხოლოდ სადღეგრძელოები და სასმელი დომინირებს, აღარ გაჩერდება.
ორი შვილიშვილი მყავს, ამირანი და დევი, ერთმანეთზე უკეთესი ბიჭები არიან. საქართველოში იზრდებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილი ქართველები და პასუხისმგებლობიანი კაცები იქნებიან.
– როგორც ვხვდები, თქვენი შვილი სპორტს მიღმაც ძალიან დისციპლინირებული ადამიანია.
– დიახ. ამაში დიდი როლი სასულიერო გიმნაზიამ შეასრულა, თავდაპირველად იქ სწავლობდა. იქ დისციპლინა ძალიან მაღალ დონეზე იყო, ამ სკოლას სასულიერო პირები ხელმძღვანელობდნენ, სწავლაც კარგი იყო და რომაც წარჩინებული მოსწავლე გახლდათ. შემდეგ საჯარო სკოლაში გადმოვიდა, ასე მოინდომა. სკოლის დროსაც ძალიან დატვირთული იყო, თავისუფალი დრო არ ჰქონდა, არაერთ წრეზე დადიოდა და ეს იქცა კიდეც მისი ცხოვრების წესად.
– ძალიან მრავალფეროვანი გზა აქვს გავლილი, რომელიც სპორტის სხვა მიმართულებით დაიწყო...
– თავდაპირველად, ქალიშვილი მივიყვანეთ ტანვარჯიშზე. რომაც დაინტერესდა და გაჰყვა. რამდენიმე მეცადინეობის შემდეგ, გვერდით კარატეს სექცია იყო და იქ გადავიდა. რამდენიმე წელი იარა და შავი ქამარი აიღო. იქვე იყო ფეხბურთის სექცია და ეზოში ბურთს რომ თამაშობდნენ, მოინდომა, ეცადა. კარში ჩადგა და საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. ტრაბზონის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, თურქეთში უმაღლესი ლიგის გუნდში მიიწვიეს, რუსთავის „ოლიმპში“ ითამაშა. მაშინ სკოლაში ბოლო კლასებში სწავლობდა და უცებ თქვა, მორჩა, მე უნდა ვისწავლოო. ოდესის ნაციონალური საზღვაო უნივერსიტეტი დაასრულა – ეკონომიკა, მენეჯმენტი, საპორტო საქმე შეისწავლა და მაგისტრატურაც გაიარა. იქ დაიწყო ჭიდაობაც. დავინახე, რომ ეს ბიჭი სერიოზულად ფიქრობდა ამ მიმართულებით და როგორც შემეძლო, მხარს ვუჭერდი. მოგებას მოგება მოსდევდა და შრომასა და ვარჯიშს კიდევ უფრო უმატებოდა, რამაც აქამდე მოგვიყვანა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: tbiliselebi.ge