ედემის ბაღი საკუთარი ხელით გააშენა... ყველაზე დიდ დროსაც იქ ატარებდა, სიმშვიდეში, ლოცვაში, მდუმარებასა და მარხვაში, მცენარეებისა და ფრინველების გვერდით. მათაც ისე უვლიდა, ესაუბრებოდა და ეფერებოდა, როგორც ადამიანებს. პატრიარქს უნიკალური ჯიშის მცენარეები ზამთრის ბაღში ხშირად სხვადასხვა ქვეყნიდანაც ჩამოჰქონდა. თეთრი ორქიდეა უწმინდესის საყვარელი ყვავილია.
ბუნება ბავშვობიდან უყვარდა. წერდა, რომ გერგეთის წმინდა სამებაში ასვლისას მთის ყვავილებით მოფენილი ფერდობი ყველაზე წარმტაცი სანახაობა იყო. მონატრებული ყაზბეგიც, სადაც იზრდებოდა, პატრიარქის ზამთრის ბაღში მარადიულად ცოცხლობდა და იქაურ პეიზაჟებს გამუდმებით ახსენებდა.
ედემის ბაღში, სიმბოლურია პატრიარქის მშობლების ფოტოც, როიალზე.
იქ, სადაც საგალობლებს წერდა, მშობლებთან ეს კავშირი არასოდეს შეწყვეტილა. 1933 წლის 4 იანვარს გიორგი და ნატალია შიოლაშვილების ოჯახში დაბადებულ ბიჭს მეფე ერეკლეს პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს. ღვთის სიყვარულს მშობლები ბავშვობიდან უნერგავდნენ. ჩემი ოქრო - ასე იხსენებდა ხოლმე დედას.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლას დაამთავრებს და სწავლას მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძობს. მალევე, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხება, 24 წლის ასაკში, მეორე კურსის სტუდენტი, კი ბერად აღიკვეცება.

აჭარაში 7 წელი მოღვაწეობდა, იყო პატრიარქის თანამოსაყდრე. 1977 წლის 23 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართული საეკლესიო კრება იღებს გადაწყვეტილებას, მიტროპოლიტი ილია გახდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ეწოდოს ილია მეორე. ორი დღის შემდეგ კი მცხეთაში სრულდება აღსაყდრება.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების დღე მართლმადიდებელმა ეკლესიამ ორმოცდარვაჯერ იზეიმა. პატრიარქი გახდა იმ წლებში, ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში, საეკლესიო კარჩაკეტილობის დროს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ათეიზმი იყო გაბატონებული და ადამიანები ტაძრებშიც ფარულად დადიოდნენ. ერის სულიერი გადარჩენის გზაც ამ წუთიდან იწყება.

1990 წელს უწმინდესისა და უნეტარესის რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ისტორიული სამართლიანობა აღდგა და ქართულმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის აღიარების სიგელი მიიღო.
რელიგიური მოღვაწე იყო, მაგრამ უყვარდა არა მხოლოდ მის მრევლს, არამედ სხვა რწმენისა და აღმსარებლობის ადამიანებსაც. გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა რომის პაპთან, რომელსაც მცხეთის საკათედრო ტაძარში უმასპინძლა.
უწმინდესი ქვეყნის სულიერი ღირსების განმტკიცებასთან ერთად, კათოლიკოსის ტახტიდან ეროვნული იდენტობის გულმხურვალე მცველიც იყო. საქართველოს გადასარჩენად ქართველების მხარდამხარ იბრძოდა.
პატრიარქმა აფხაზეთში მოღვაწეობა, ჯერ კიდევ ხუთი ათეული წლის წინ დაიწყო. ცხუმ- აფხაზეთის ეპისკოპოსის ქრისტიანული მსახურება დიდ პატრიოტულ მისიასაც მოიცავდა. აფხაზეთში, 11 წელი მსახურობდა, სოხუმში ნინოშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა და იქ დაბრუნების სურვილიც არასოდეს განელებია. განსაკუთრებულად ენატრებოდა სოხუმი და გულრიფში.
ილია მეორე იქ იყო, სადაც უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ფურცელი იწერებოდა, აგვისტოს ომში, როცა განადგურებულ ქალაქში შევიდა და იქიდან დახოცილი სამხედროები გამოიყვანა.
ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის სულიერი ლიდერის სიტყვა რთულ დროს იმედად იქცეოდა, მისი ქადაგებები - ქრისტეს გზის მაჩვენებლად.
გაჭირვებულებისთვის იყო ნუგეში.
პატრიარქის ეპისტოლეებსა და ქადაგებებში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა ახალი თაობის აღზრდასა და მათი სულიერი სამყაროს ჩამოყალიბებას.
პატრიარქი უამრავი ბავშვისთვის გახდა მნათე, იმ პატარებისთვის მრავალშვილიანი ოჯახებიდან რომ ნათლავდა, სულიერ ცხოვრებას აზიარებდა.
ხშირად ხატავდა თამარ მეფეს. თვალ-მარგალიტით ამკობდა და ასე გამოხატავდა მის მიმართ სიყვარულს.
საათობით უსმენდა კლასიკურ მუსიკას. გამორჩეულად უყვარდა მოცარტი და ფალიაშვილი. თავადაც უკრავდა და წერდა საგალობლებს. ჰყვებოდა, რომ მუსიკა ბავშვობიდან შეუყვარდა და არც სმენას უჩიოდა. "წმინდაო ღმერთო" - პირველი საგალობელია, რომელიც პატრიარქმა დაწერა.
ილია მეორე იყო კაცი, ხევის ხასიათით, ლიდერობის თვისებით - ერის მამა, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის იმედის ხატად იქცა. მისი როლი ქართველი ხალხის ცხოვრებაში უდიდესია. მისი სიტყვა და ავტორიტეტი კი ეპოქას განსაზღვრავს. ასე განვლო ისტორიულო გზა მარტომ თუ ქვეყნის ჭირ-ვარამთან ერთად, სიმშვიდეში თუ ქარტეხილებით.
ბოლო წლებში ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა და დამოუკიდებლად გადაადგილებაც აღარ შეეძლო, მაგრამ ღრმად მოხუცებულობაშიც კი, ქვეყნის სულიერი ერთობის მთავარი სიმბოლო იყო.
ილია მეორე იყო მწყემსი კეთილი, ღამეში მზესავით რომ გამოანათა და რომელიც საქართველოს ზეციურ მფარველად გადაიქცა.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: rustavi2.ge