პაატა ხაჩიძემ ახლახან 47-ე დაბადების დღე აღნიშნა. რამდენად უყვარს თავის დაბადების დღე, როგორ ხვდება ხოლმე ამ დღეს და რა სურვილები აქვს სამომავლოდ, ამაზე მომღერალი თავად მოგვიყვება.
პაატა ხაჩიძე: 14 სექტემბერს ვარ დაბადებული. რამდენიმე დღის წინ 47 წლის გავხდი. ეს დღე წელს მოკრძალებულად აღვნიშნე. მეუღლემ ერთ კარგ ადგილას დამპატიჟა, საღამოს კი, შვილებთან ერთად, ოჯახურ გარემოში აღვნიშნეთ. მშვიდი და წყნარი დაბადების დღე მქონდა.
ჯანმრთელობის მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვარ, თუმცა, გარკვეული პერიოდი სასმელს არ ვსვამ. ძაღლმა მიკბინა და აცრა გავიკეთე. ამიტომ, მესამე თვეა, არ ვსვამ და ამანაც განაპირობა, რომ წელს ჩემს ბიჭებთან ერთად ტრადიციული დაბადების დღე არ მქონდა. მეუღლემ მითხრა, რადგან ასეა, ჩვენ გავატაროთ ერთად ეს დღეო და ასეც მოვიქეცით. წინა წლებში, ჩემს დაბადების დღეებს ყოველთვის მეგობრებთან ერთად აღვნიშნავდი, თბილისში, ბათუმში ან ბორჯომში. როგორც წესი, უფრო აქტიური დაბადების დღეები მაქვს ხოლმე.
ყველაზე გამორჩეულად და განსხვავებულად ის წელი მახსოვს, როცა 25 წლის გავხდი. მაშინ მქონდა ყველაზე დიდი დაბადების დღე. ჩემი კოლეგები, ვინც მაშინაც და დღესაც შოუბიზნესში იყვნენ და არიან, ყველა ჩემ გვერდით იყო. მეგობრები, ახლობელი ადამიანები. განსაკუთრებული დაბადების დღე იყო იმის გამოც, რომ უკვე ჩემი შემოსავლით შემეძლო ყველაფრის გაკეთება. უკვე გარკვეული პერიოდი იყო გასული, მას შემდეგ, რაც ბიჭები აქტიურ ფაზაში ვიყავით და ძალიან ლაღი და მხიარული წლები იყო – თავგადასავლებით სავსე. ეს იყო დაბადების დღეც და ეს იყო კონცერტიც (იცინის). მაშინ ქეთა თოფურიაც საქართველოში იყო, მამუკა ონაშვილი ჩვენ გვერდით იყო, ბევრი ძვირფასი და საყვარელი ადამიანი მყავდა გვერდით, ჟურნალისტებიც იყვნენ და ასე შემდეგ.
ახლა, თითქოს, დრო აჩქარდა და 46-იდან 47-ზე ძალიან სწრაფად გადავედი (იცინის). თუმცა, მე ყოველთვის მიყვარს და წარსულშიც მიყვარდა ჩემი დაბადების დღე, მით უმეტეს, მისი მეგობრებთან ერთად აღნიშვნა. შეიძლება, სულ ერთი წელი გავიხსენო, როდესაც ეს დღე მათ გარეშე გავატარე.
– საერთოდ, ეს დღე კარგ მოგონებებთან ასოცირდება, მაგრამ თუ გქონია ისეთი დაბადების დღეც, როცა რაღაც არასასიამოვნო მოხდა?
– მე და ზურა მაშინ ერთად ვცხოვრობდით თბილისში, ნაქირავებ ბინაში. ჩემი დაბადების დღისთვის ვემზადებოდი და წინა საღამოს სახლში რომ მივედით, გაქურდული დაგვხვდა. წაუღიათ ყველა ნივთი, რაც კი გაგვაჩნდა. რაც ტანზე გვეცვა, მხოლოდ ის დაგვრჩა. ისედაც ნაქირავებში ვცხოვრობდით და რაც გვქონდა, ისიც წაიღეს. ასე განსხვავებულად შევხვდი იმ დაბადების დღეს (იცინის). თუმცა, მეორე დღეს მაინც კარგი განწყობა შევიქმენით. მხიარული წლები იყო და განწყობას გვიქმნიდა ის, რაც გარშემო ხდებოდა, თუმცა, ე.წ ქურდებმაც ძალიან ორიგინალური საჩუქარი გამიკეთეს (იცინის).
– დაბადების დღის შეხვედრის რიტუალი თუ გაქვს - 12 საათს მოუთმენლად ელი ხოლმე?
– არა, არ ვარ იმ ადამიანთა რიგში, ვინც წამებს ითვლის. ისეც მომხდარა, ჩვეულებრივად დავწოლილვარ საღამოს და 12 საათამდე დამიძინია. ისედაც ვიცი, რომ ჩემი დაბადების დღეა, რომ საყვარელი ადამიანები მომილოცავენ, იქნება ხმაური და ასე შემდეგ. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვისაც ვუყვარვარ, ვინც ამდენი წლის განმავლობაში ჩემ გვერდით არის. მართლა დიდ სიყვარულს ვგრძნობ უამრავი ადამიანისგან, ვინც „ქუჩის ბიჭების“ გარშემო ტრიალებს. ალბათ, ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ამ დღეს ყოველთვის კარგი განწყობით ვხვდები.
– საუკეთესო საჩუქარზე რა გახსენდება?
– ჩემი მეუუღლისგან მახსოვს განსაკუთრებული საჩუქრები. მაგალითად, ოქროს სამკაული. იმიტომ არა, რომ მატერიალურად ფასეულია, უბრალოდ, ჩემთვის საყვარელმა ადამიანმა მაჩუქა და ჩემთვის ღირებულია.
როცა ძალიან აქტიური ფან-კლუბი გვყავდა, განსაკუთრებულ საჩუქრებს გვჩუქნიდნენ ხოლმე. ერთხელ, კარზე კაკუნია, ვაღებ და პატარა ლეკვი მხვდება საჩუქრად გულშემატკივრისგან. ძაღლი სხვა დროსაც მაჩუქეს, ფისოც უჩუქებიათ. ყველა საჩუქარი მახარებს, რომელსაც მჩუქნიან და ყველა მიყვარს, ვინც საჩუქარს გულით მიკეთებს.
– თვითონ თუ ასაჩუქრებ ხოლმე საკუთარ თავს?
– წელს გამომივიდა საკუთარი თავის დასაჩუქრება. როგორ არა, დგება დრო, როცა საკუთარ თავსაც პატივი უნდა სცე. არ ვიცი, დაემთხვა, თუ მართლა ასე მოვინდომე, მაგრამ ჩემთვის დიდი საჩუქარია ის, რაშიც დიდი შრომა ჩავდე. ბორჯომში ვიყავი მთელი ორი თვე და სახლი ავიშენე. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გრანდიოზული საჩუქარია. პატარა სახლი ავაშენე, სადაც, ალბათ, ზაფხულში დავისვენებთ. რა უნდა იყოს იმაზე დიდი საჩუქარი, როცა ასეთი შედეგი გაქვს?! როგორც შემეძლო, ფიზიკურადაც ჩართული ვიყავი. ჩემი და ჩემი ოჯახის შრომით გამოვიდა ეს ყველაფერი.
– ბავშვობისდროინდელი დაბადების დღეები და სურვილები როგორ გახსენდება?
– ჩემი მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ამ დღეს საჩუქრებით გავენებივრებინეთ. ყოველთვის ყველაფერი მქონდა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ძალიან მხიარული ბავშვობა მქონდა, ლაღი და თავისუფალი. არ ვყოფილვარ მომთხოვნი და პრეტენზიული ბავშვი, თუმცა, რაც მინდოდა და მჭირდებოდა, მშობლები მაძლევდნენ. მადლობა ღმერთს, ოჯახში არ გვიჭირდა.
ყოველთვის აქტიური და დამოუკიდებელი ვიყავი. წრეებზე დავდიოდი, ფესტივალებზე, კონკურსებზე – ყველაფერში ჩართული ვიყავი. ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე, გარკვეული შემოსავლები უკვე მქონდა. სკოლა რომ დავამთავრე, ჯარში წავედი და იქაც მომიწია დამოუკიდებლად თავის გატანა. მერე თბილისში წამოვედი და კიდევ ბევრი სირთულე გავიარე, რამაც კიდევ უფრო დამოუკიდებელი გამხადა.
– წარსულთან დაკავშირებით სინანული გაქვს?
– კი, შეცდომებიც მქონდა და სინანულიც, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებით დიდი შეცდომა დავუშვი, რომ ვინმეს წინაშე დიდი დანაშაული მიმიძღვის. უფლის მადლობელი ვარ, რომ წლებმა მშვიდობიანად გაიარა.
– რა სურვილები გაქვს სამომავლოდ საკუთარი თავისთვის?
– წინ კიდევ დიდი ამბები გველოდება. დიდი სურვილები, რაც მქონდა, ალბათ, უკვე ავისრულე, თუნდაც სახლთან დაკავშირებით. შემდეგი ეტაპი ისევ კარიერას უკავშირდება – ბიჭებს 30 წლის იუბილე გვაქვს და მინდა, ძალიან კარგი ღონისძიება ჩავატაროთ. იმედი მაქვს, რომ ახალ წლამდე გამოგვივა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „17-ში არაფერი დაგეგმოთ, არაფერი დაიწყოთ...“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს
⭕ „მადლობა ჟუჟუ, შენგან მხოლოდ მებაღეობა არ მისწავლია!“ - რა ისტორიას იხსენებს ზურა შევარდნაძე
🎥 „დღე მშვიდი და დადებითი იქნება“ - 14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის
წყარო: tbiliselebi.ge