2021 წელი სერიოზული სამთავრობო ცვლილებებით დაიწყო და ასეთივე ცვლილებით სრულდება. მიმდინარე წლის 18 თებერვალს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, მმართველ გუნდს გამოეყო და ოპოზიციაში გადავიდა.
წლის დასასრულს კი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ. ჯერ არავინ იცის როგორ გაგრძელდება პროცესები, თუმცა, დღეს მოგიყვებით 2021 წლის მთავარ სამთავრობო ცვლილებებს. მაშ ასე:
მოდი, დავიწყოთ ყველაზე რეიტინგული სელფით. 2021 წელი 18 თებერვალი - გიორგი გახარიამ თანამდებობა უბრალოდ კი არ დატოვა, წასვლამდე თანამშრომლებთან ერთად სელფიც გადაიღო, რომლის „ლაიქებისა“ და კომენტარების რაოდენობამ ყველა რეკორდი მოხსნა.
გახარიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად ენმ-ს ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დაასახელა. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე, ასეთი ნაბიჯი მთავრობამ არ უნდა გადადგას, როგორც გახარიამ თქვა, აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
ზუსტად 5 დღეში დაიწყო „მეორედ მოსვლა“, 2023 წლის 23 თებერვალს პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა.
ვინაიდან, ღარიბაშვილი ერთხელ უკვე იყო საქართველოს პრემიერ - მინისტრი მის თანამდებობაზე დაბრუნებას პოლიტოლოგებმა „მეორედ მოსვლა“ უწოდეს.
არ გასულა რამდენიმე კვირა და 2021 წლის 31 მარტს მინისტრთა კაბინეტს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც გამოაკლდა.
„დავტოვე ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა“, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და მოსახლეობას თავი სოციალური ქსელით გადამდგარ მინისტრად დაამახსოვრა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვაზე. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მისი დამტკიცების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ფინანსური რესურსი.
საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გლობალური პანდემიის დაწყებიდან მალევე, პარტნიორებისგან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი) მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიმეღო ამ მოლაპარაკებებში.
მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.
ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად - მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან.
მსურს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვუსურვო წარმატება ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მათ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასე ერთიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცე თანამშრომლობისათვის, ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მემუშავა მათთან ერთად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.
მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. გუნდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით.
მადლობა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სახაზინო და საფინანსო-ანალიტიკური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს. მეამაყება რომ ვმუშაობდი თქვენთან ერთად!“,- დაწერა მაჭავარიანმა წასვლის წინ.
ამასობაში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი მინისტრი თეა წულუკიანი გახდა. 2021 წლის 19 მარტს , თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა.
შემდეგი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც 2021 24 აპრილს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. 3 დღეში საქართველოს პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე კახა კუჭავა აირჩია.
ვიდრე კახა კუჭავას გადადგომას შეგახსენებდეთ ჯერ რიგში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დგას. მან სულ რაღაც 3 კვირის წინ დატოვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურად დაუცველთა სამინისტრო.
2021 წლის 9 დეკემბერი - ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე გადადგა
„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ექიმს, ვინც ჩემთან ერთად დაუღალავად იბრძოდა პანდემიის წინააღმდეგ, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებოდა, მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს გუნდს, რომელიც დაუღალავად ებრძოდა იმ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი ადამიანების სიცოცხლე. ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, შემდეგ ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში“, - განაცხადა ტიკარაძემ წასვლის წინ.
უწყებას კი 27 დეკემბრიდან ზურაბ აზარაშვილი ხელმძღვანელობს.
ახლა კი 2021 წლის 24 დეკემბერს გაგახსენებთ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი კახა კუჭავამ დატოვა
კუჭავას ადგილი კი საკანონმდებლო ორგანოში შალვა პაპუაშვილმა დაიკავა. ჯერჯერობით, ამ ცვლილებებით გემშვიდობებით. წინ კი სიახლეებით დახუნძლული 2022 წელი გველოდება.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე