Digest Logo

„42 წელია ჩემ შვილს ვეძებ, მკვდარ ჩვილში გადამიცვალეს...“ - მარიკა თავბერიძის ტრაგიკული ამბავი

1625209190
მარიკა თავბერიძე

მარიკა თავბერიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს.

მისი თქმით, ერთადერთი შვილი მკვდარ ჩვილში გადაუცვალეს.

 

„პატარა ასაკში გავთხოვდი – 20 წლის, ჩემი მეუღლე კი, 24 წლის იყო. ძალიან ვუყვარდი. თუმცა, ჩვენი სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. ორსულად რომ დავრჩი, მთელი სანათესავო ბავშვის დაბადებას ელოდა. ბიჭს ველოდებოდი და ყველა თავზე დამფოფინებდა.

მეც და ჩემი მეუღლეც, ორივე, დედისერთა ვიყავით და გვინდოდა ბევრი შვილი გვყოლოდა, თუმცა, ის ერთიც კი ვერ მოვისიყვარულეთ, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა. საუბედუროდ, ისე მოხდა, რომ ახალდაბადებული ბავშვი სულ ერთხელ ვნახე და მას მერე მის ძებნაში ვარ, სხვა შვილი არ მყავს და 42 წელია, ჩემს შვილს ვეძებ. ის ერთი გავაჩინე და ისიც მომპარეს.

– იქნებ, დეტალურად გვიამბოთ, რას ნიშნავს, სულ ერთხელ ნახეთ, მოგპარეს და სულ ძიებაში ხართ?

– ორსულობის დროს არანაირი გართულება არ მქონია. 1979 წლის 29 აგვისტოს თბილისში, კობის ქუჩაზე, მესამე სამშობიაროში, ბუნებრივი მშობიარობით, ულამაზესი ბიჭუნა გავაჩინე.

ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. მეორე დღეს, შემომიყვანეს საღამოს, ვნახე ბავშვი და კარგად იყო. საოცრად ჰგავდა ჩემს მეუღლეს. დედამაც ნახა, დეიდამაც და მათაც აღნიშნეს: ნუგზარს როგორ ჰგავსო. დედა რომ ჩემთან ამოვიდა, ექთანს ბავშვის მოყვანა ვთხოვე. მოგვიყვანა, თუმცა, რომ გაიყვანა, ხმა გავიგე, ეჩხუბებოდნენ, რატომ შეუყვანეო. ეს მერე გამახსენდა და დავაკავშირე ფაქტებს, თორემ მაშინ ჩვეულებრივად მივიღე. ვიფიქრე, ბავშვის უსაფრთხოებისთვის მოიქცნენ ასე-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ მოხდებოდა უბედურება და ჩემს ჯანმრთელ შვილს, სხვის მკვდარ ჩვილში გადამიცვლიდნენ.

ჩემ გვერდით 40 წლის ქალი იწვა. ქართველი არ იყო, უფრო რუსს გჰავდა, თუმცა ქართულად ლაპარაკობდა. სამხედროს ცოლი იყო და ორი გოგონა ჰყავდა და მესამე შვილი გააჩინა. ექიმი მოვიდა და უთხრა: შენი შვილი ცუდადაა და შეიძლება, ვერ გადარჩესო. ამ დროს ჩემს საწოლზე ბებიაქალი იყო ჩამომჯდარი და მეუბნებოდა: შენი შვილი ისეთი მაიმუნია, ისეთი ლამაზია, ისეთი აქტიური, ყველა ბავშვისგან გამოირჩევა, სულ იცინის, ნეტავ რა აცინებსო. ექიმს კი ის ქალი ელაპარაკებოდა და მესმოდა: 40 წლის ასაკში იმიტომ გავრისკე ბავშვის გაჩენა, ორი გოგო მყავს და ჩემს ქმარს ბიჭი უნდოდა, აუცილებლად უნდა წავიყვანო. რაც უნდა მოხდეს, ბავშვის გარეშე აქედან არ გავალო. ჩემი თვალით დავინახე, როგორ ჩაუდო კონვერტი ჯიბეში ექიმს, რომელშიც სავარაუდოდ, თანხა იდო. მესამე დღეს სწორედ ის ექიმი მოვიდა ჩემთან და მეუბნება: შენი ბავშვი ცუდად იყო და გარდაიცვალაო.

– იმ ბებიაქალს, რომელიც თქვენს შვილზე გესაუბრებოდათ, არ ჰკითხეთ რა მოხდა?

– ის ქალი აღარ მინახავს. ჩემებმა სამედიცინო ექსპერტი მოიყვანეს. ერთი ამბავი ატყდა. უთხრეს, ბავშვი უკვე გავკვეთეთ და თქვენი ექსპერტის ჩარევა რაღა საჭიროაო. დედაჩემს შეეცოდა ჩვილი და აღარ გააკვეთინა. მერე მითხრა ჩემმა ახლობელმა: მე მოვიყვანე ის ექსპერტი და რომ გამოვიდა, ასე მითხრა, „მანანაჩკა, ზდეს ჩტოტა ნე ტაკ“, ეს ბავშვი უფრო პატარაა, უფრო ადრე გაჩენილი, ვიდრე მარიკასიო. მაშინ, ძალიან ცუდად ვიყავი, ალბათ, მომერიდა და დამიმალა. მეოთხე დღეს სხვა სართულზე, ცალკე პალატაში გადამიყვანეს, მომაშორეს იქაურობას. ჩემმა ქმარმა და ახლობლებმა დიდი ჩხუბის შემდეგ, გარდაცვლილი ბავშვი წამოიყვანეს და საგვარეულო სასაფლაოზე დავკრძალეთ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სხვადასხვა ადგილზე ხელით შემეხო... ტკივილი, გაღვიძება და ისევ ტკივილი...“ - 6 წლის ასაკში მიყენებული ტრავმა - უცნობი ამბავი

მძიმე 90-იანები, 22 წლის ასაკში დაოჯახება, განქორწინება და გერმანიაში ცხოვრება - ვახო ჩაჩანიძის უცნობი ამბები

„სკანდალები, ოჯახი, ვალების გამო თვითმკვლელობა, გასროლილი ტყვია თუ მკვლელობა “ - ეროსი კიწმარიშვილი „შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი“?!