2014 წლის 15 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტომანქანაში მოკლული იპოვეს.
მართალია, სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, მაგრამ ოჯახის წევრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეროსი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა კიწმარიშვილის პისტოლეტზე უცხო პირის დნმ-ის არსებობა დაადასტურეს, თუმცა დნმ-ის იდენტიფიცირება პროკურატურამ ვერ მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობდა, რომელიც მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა - ეს ავტოფარეხში დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა.
ეროსის ძმა
ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა პრესკლუბ „კვირას“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მას არ სჯერა პროკურატურის მიერ გამოცხადებული ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის მიზეზის. ზურა კიწმარიშვილი გამორიცხავს, რომ მოტივი შეიძლება ყოფილიყო ფინანსური, ან პირადი შურისძიება. გარდა ამისა, ის დარწმუნებულია, რომ მისი ძმა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა, რაც შესაძლოა, მის საქმიანობასთან ყოფილიყო დაკავშირებული:
„ეროსის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩემთვის ჰქონდა ნათქვამი, რომ აპირებდა პროცესებში ჩართვას, აპირებდა ბევრ ადამიანთან სამომავლო თანამშრომლობაზე საუბარს. მას ჰქონდა სურვილი, ჰქონოდა საკუთარი ტელესტუდია, საკუთარი მედიასაშუალება. თავდაპირველად ის აპირებდა „რუსთავი 2-თან“ თანამშრომლობას. ეს ფაქტია და ამის დამალვა საჭირო არაა. მას ნიკა გვარამიასთან ჰქონდა კომუნიკაცია ჩვენი მეგობრის, დუდუ კურდღელიას საშუალებით. ეს არის ფაქტი და ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ამ ორი მიმართულებით მისი აქტიური მსვლელობა მაფიქრებინებს, რომ ეს შესაძლოა, გამოდგეს მოტივად“.
გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნოდა ფარეხში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერაზე არსებული ანაბეჭდები. როგორც ცნობილია, აღნიშნული კამერა ეროსის მანქანას უყურებდა მუდმივად თუმცა, მკვლელობის დღეს სხვა მხარეს იყო მიტრიალებული.
ასევე მნიშვნელოვანი დეტალი ეხება ეროსი კიწმარიშვილის კომპიუტერის შესწავლას. როგორც ადვოკატი, მერაბ ჩიქოვანი ამბობს, პროკურატურამ ასევე თვეების დაგვიანებით შეისწავლა ეროსი კიწმარიშვილის კომპიუტერი, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ 2015 წლის 8 იანვარს, უცნობმა პირმა მის ფეისბუკში უკანონოდ შეაღწია. კიწმარიშვილის ოჯახი ეჭვობს, რომ ამ პირმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია წაშალა, რადგან იქ არ იყო ის მიმოწერები, რომლებიც ნამდვილად არსებობდა.
პროკურატურამ 22 ივნისს განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი ვალების გამო მოიკლა, რაც მისი ოჯახის და ახლობლების თქმით, აბსურდული ვერსიაა.
იარაღის შეძენა
„მოგვიანებით, პროკურატურის განცხადებაში ყველა ვერსია ჩამოთვალეს. თუმცა პირველი რეაქცია და თვითმკვლელობამდე მიყვანის ხსენება უკვე ფაქტად დარჩა, რასაც ვეღარაფერი შეცვლის.
შემდეგ, ეროსი კიწმარიშვილის ერთ-ერთმა პარტნიორმა განაცხადა, რომ სწორედ იმ დღეს იარაღი შეიძინა, რათა ძმისთვის ეჩუქებინა. ესეც, თავისთავად, საინტერესო ფაქტია, იმის გათვალისწინებით, რომ იარაღის ყიდვა ასე იოლი არ არის - მიხვიდე და იყიდო. მით უმეტეს როდესაც იარაღს „სელებრითი“ ყიდულობს.
მართლა ძმისთვის იყიდა? თუ ეს საბაბი იყო, რათა იარაღი ეყიდა? მაგრამ, თუ თავის მოკვლა უნდოდა, ასეთი წარსულის მქონე ფიგურას ვითომ სხვა იარაღი არ ექნებოდა მაშინ, როდესაც უამრავი მტერი ჰყავდა, ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ფრონტზე ომში იყო ჩართული და ყველა ფრონტზე მილიონებს ედავებოდა ვიღაცას, ან ვიღაც მას ედავებოდა ასეთივე თანხებს?
„გაუვარდა-ო“. დავუშვათ, ასეა. მერედა, ისევ და ისევ, რა შუაშია აქ „თვითმკვლელობამდე მიყვანა“? საკმარისია, ერთმა ჩვეულებრივმა პოლიციელმა შეხედოს ცხედარს, მით უმეტეს, როცა იარაღი იქვე გდია, და თითქმის, ასპროცენტიანი სიზუსტით იტყვის, გაუვარდა თუ თავი მოიკლა.
ნუთუ ის, ვინც ცხედარი ნახა, ვერ გაარკვევდა (ჭრილობის ადგილით და სხვა ნიუანსებით), რამდენად დიდია თვითმკვლელობისა თუ იარაღის გავარდნის ალბათობა? მეორე შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სპეციალური მუხლი: გაუფრთხილებლობა იარაღის მოხმარებისას. ჰოდა, რა შუაშია არათუ თვითმკვლელობა, არამედ, მაინცდამაინც, თვითმკვლელობამდე მიყვანა?“,- წერდა ნიკა იმნაიშვილი, გაზეთ „პრემიერში“.
კიწმარიშვილი და სკანდალები
საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობებით გამორჩეული კიწმარიშვილი სკანდალში არაერთხელ გახვეულა. ყველაზე მეტად საზოგადოებას კიწმარიშვილი-თარგამაძისა და კიწმარიშვილი-ღლონტის დაპირისპირება დაამახსოვრდება.
2008 წელს კიწმარიშვილი აგვისტოს ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე დაკითხეს, სადაც რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა, რის საპასუხოდ გივი თარგამაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. კიწმარიშვილმა მას შემდეგ დატოვა სხდომათა დარბაზი, რაც გივი თარგამაძემ მისი მისამართით კალმისტარი ისროლა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ.
პირდაპირ ეთერში, რა რეჟიმშიც სხდომის ტრანსლირება ხდებოდა, გაურკვეველი იყო ის კონკრეტული მიზეზი, რამაც თარგამაძის მოქმედება განაპირობა. თუმცა, მან მოგვიანებით, როცა ბოდიში მოიხადა კომისიის წინაშე ინციდენტის გამო, განაცხადა, რომ ვერ მოითმინა შეურაცხმყოფელი სიტყვა „გარეწარი“ კიწმარიშვილისაგან.
ბევრად ხმაურიანი აღმოჩნდა კიწმარიშვილი-„მაესტროს“ სკანდალი 2011 წელს, როდესაც იმ დროს ოპოზიციური პარტიის, „ქართული პარტიის“ ლიდერი და ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანიის შენობაში შეიჭრა. კიწმარიშვილი 10 უცნობ ადამიანთან ერთად დილის რვა საათზე ღობეზე გადაძვრა და სამსახურში მისულ თანამშრომლებს იქ შესვლისა და მუშაობის გაგრძელების საშუალება არ აძლევდა.
კიწმარიშვილთან დაკავშირებული ბოლო სკანდალური ეთერი მაყურებელმა „მაესტროზე“ უკვე წელს, 2014 წლის 14 მაისს იხილა, როდესაც ის არხს უკვე რუსთავის მერობის კანდიდატის ამპლუაში ჩაერთო. „მაესტროს ცხრიანში“ კიწმარიშვილთან ინტერვიუს ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი უძღვებოდა. ჟიჟილაშვილსა და მის რესპონდენტს შორის კითხვა-პასუხი ინტერვიუს დასაწყისიდანვე მწვავე დებატებში გადაიზარდა. საუბრის ძირითადი თემა არა თვითმმართველობის არჩევნები, არამედ „მაესტროს“ და ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის დამფუძნებელს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა იყო.
კიწმარიშვილი და პირადი ცხოვრება
ეროსი კიწმარიშვილს ჰყავდა მეუღლე, ია კიწმარიშვილი და სამი შვილი, რომლებმაც განათლება აშშ-ში მიიღეს. 2011 წელს ტაბლოიდები იუწყებოდნენ, რომ კიწმარიშვილების წყვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა და დაშორებას აპირებდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
ეროსი კიწმარიშვილი მთამსვლელი იყო. ის ევერესტის დაპყრობაზე ოცნებობდა, თუმცა ეს სურვილი ვერ აიხდინა. კიწმარიშვილმა კავკასიონის მრავალი მწვერვალი დაიპყრო, ასევე იმყოფებოდა პამირის 7000 მეტრის პიკზე, აფრიკაში კილიმანჯაროზე და ჩრდილო ამერიკის მწვერვალებზეც.
აგრეთვე წაიკითხეთ: