თბილისში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი - ვახტანგ ქირია მოკლეს. შსს-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ტელე-რადიო კომპანია „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელი - ბიძინა კუჭავა იყო, რომელიც მოკლულის ახლო ნათესავი გახლდათ.
კუჭავამ, პოლიციის დევნის დროს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საქართველოში ეს პროკურორის მკვლელობის მეორე შემთხვევაა.
მიხეილ ქურდაძე
პირველი შემთხვევა 1993 წლის 10 მარტს, ასევე თბილისში მოხდა. მიხეილ ქურდაძე, რომელიც 1990-1993 წლებში თბილისის პროკურორის თანამდებობას იკავებდა, კოსტავას ქუჩაზე, საკუთარი სახლის წინ მოკლეს. მაშინდელმა პროკურატურამ და გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ ფაქტი ასე შეაფასეს: „ეს არის პირველი შეკვეთილი მკვლელობა“.
1993 წლის 10 მარტს, 56 წლის მიხეილ ქურდაძე საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მანქანით მივიდა. ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ, მას უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და სახეში სამი ტყვია ესროლა. სადარბაზოს შესასვლელთან წაქცეულ, სასიკვდილოდ დაჭრილ პროკურორს, მკვლელმა სამი საკონტროლო ტყვია დაახალა: ერთი თავში, ორი - გულში. სამართალდამცველებმა, მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, ამოიღეს მკვლელობის იარაღი - მაკაროვის სისტემის სქ-18-09 ტიპის პისტოლეტი, რომელიც სოხუმის გვარდიის ოფიცრის, არჩილ შანიძის საკუთრება იყო.
იგივე იარაღი ფიქსირდება თბილისში მომხდარ კიდევ რამდენიმე მკვლელობის საქმეში. 1993 წლის 4 მარტს, მიხეილ ქურდაძის მკვლელობამდე ექვსი დღით ადრე, წყნეთის გზაზე სამართალდამცველებმა „ჟიგულის“ მარკის თეთრი ფერის „06-ში“ ორი გვამი აღმოაჩინეს - არჩილ შანიძისა და მისი მეგობრის, ზურაბ ნათაძის. ორი მეგობრის მკვლელი დღემდე დაუდგენელია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შანიძე და ნათაძე, შანიძის პისტოლეტით მოკლეს, იარაღი კი მკვლელმა წაიღო.
ორმაგი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში შანიძის იარაღით თბილისის პროკურორი მოკლეს. 10 თვის შემდეგ კი 1994 წლის 31 იანვარს, მტკვარში დიდუბელი ნუკრი რურუას გვამი იპოვეს, რომელიც ასევე შანიძის იარაღით იყო მოკლული. ამ საქმეზე პოლიციელი აკაკი დვალიშვილი დააკავეს, სამართალდამცავებმა მის სახლში იპოვეს შანიძის იარაღის ტყვია.
მიხეილ ქურდაძის მკვლელობის საქმეს პროკურატურა მრავალი წელი იძიებდა. არაერთი ვერსია გაჟღერდა და მხოლოდ 8 წლის შემდეგ, 2001 წელს, შეძლეს ეჭვმიტანილის დაპატიმრება. საქმეზე სამხედრო პოლიციის თანამშრომელი კობა გურგენიძე დააკავეს. გამომძიებლის განცხადებით, დაპატიმრებულმა ქილერმა შემკვეთისგან თბილისის პროკურორის მკვლელობისთვის, გასამრჯელოდ, სოლიდური ჰონორარი - 10 ათასი დოლარი აიღო.
კობა გურგენიძე წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. საყურადღებო იყო ერთი დეტალი - ბრალდებული ფაქტობრივად ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე გაასამართლეს.
ვახტანგ ქირია
შსს ოფიციალურად ადასტურებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულია ბიძინა კუჭავა, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა - თეა პერტაიამ განაცხადა, ბინა, რომელშიც იპოვეს ქირიას ცხედარი, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული. მისივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა.
რაც შეეხება ბიძინა კუჭავას, შსს-ის ინფორმაციით, მან პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის განხორციელებისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამასთან, შსს ხაზს უსვამს, რომ ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
„2016 წლის 15 იანვარს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის I ნაწილით).
გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირებაც.
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ამოღებულ იქნა კვალის ასარევად ქალაქ რუსთავში გადაგდებული, ვახტანგ ქირიას კუთვნილი მობილური ტელეფონი. დადგენილ იქნა ვახტანგ ქირიას ავტომანქანის გადაადგილების ბოლო მარშრუტი, რომელიც მოძრაობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტალის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის შესაჯერებლად და დანაშაულის ჩადენის ზუსტი ადგილის დასადგენად, პოლიციამ გადაამოწმა მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები და მოხდა მცხოვრებთა გამოკითხვა.
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 16 იანვარს ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩენილ იქნა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტალის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში. მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში - ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც. კერძოდ: სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი, ხოლო ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. იქვე იყო ე.წ. „ბარგალკა“, რომელსაც ასევე ემჩნეოდა, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლის კვალი და დიდი საგნების გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა.
ზემოხსენებულის აღმოჩენისთანავე საქმე გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პარალელურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც რამდენიმე დღით ადრე მის მიერვე იყო შეძენილი ე.წ. ელიავას ბაზრობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა მაღალი ალბათობა იმისა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდან აცილებისა და საქმეზე სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აქტიური მოქმედებები დაიწყო ამ უკანასკნელის ადგილ-სამყოფელის დადგენა-დაკავებისათვის. ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ორიენტირებები დაეგზავნა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფს.
მითითებულ პროცესში მიღებულ იქნა ოპერატიული შეტყობინება, რომ ბიძინა კუჭავა, ორ პირთან ერთად, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით. რამდენიმე წუთში აღნიშნული ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებმა. პოლიციელების დანახვისთანავე, ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში ერთი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.
ბიძინა კუჭავას ტანსაცმლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლით დასვრილი, ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელთათმანები, 3 ცალი მობილური ტელეფონი და სხვა.
გამოძიებით დგინდება, რომ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული არ ეხება ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობას.
საქმეზე ბიოლოგიური და სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად გრძელდება გამოძიება. შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვამცნობთ," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
აგრეთვე წაიკითხეთ: