2015 წლის 27 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელი სერგი საცერაძე დამნაშავედ ცნო ყოფილი მეუღლის, სალომე ჯორბენაძის განზრახ მკვლელობაში და სასჯელის სახედ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე მიეცა პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნის უფლება.
ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.
2014 წლის 25 ივლისს, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა მეუღლემ ზესტაფონის პარკში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოკლა.
ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, 25 წლის სერგი საცერაძემ ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის სამსახურებრივი იარაღი გამოიყენა.
თვითმხილველთა თქმით, სერგი და სალომე საუბრობდნენ, როდესაც საცერაძემ იარაღიდან 5 გასროლით მოკლა ყოფილი მეუღლე.
შემთხვევამდე, ჯორბენაძე რამდენჯერმე დაუკავშირდა ზესტაფონის პოლიციას, რეკავდა პროკურატურის ცხელ ხაზზე, - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოფისში. სალომე ყოფილი მეუღლისგან ითხოვდა დაცვას, თუმცა გამოძიება ამ საქმეზე არასდროს დაწყებულა.
სერგი საცერაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებულ ქმედებაში. საქმეში იყო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - დაუმტკიცდებოდა თუ არა სერგი საცერაძეს ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობა, 11-15 წლის ნაცვლად, 3-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
„საცერაძე ამბობს, რომ მას არ ახსოვს მომენტი, როდესაც ისროლა იარაღით. ის ამბობს, რომ არაცნობიერ მდგომარეობაში იყო,“ თქვა მისმა ადვოკატმა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. საქმეში ოთხი ფსიქიატრი და სამი ფსიქოლოგი იყო ჩართული. ყველა ფსიქიატრმა დაადასტურა, რომ საცერაძე შერაცხადი იყო. სამიდან მხოლოდ ერთმა (მანანა ბრეგაძე) ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ ის მკვლელობის ჩადენის მომენტში აფექტის მდგომარეობაში იყო.
ჰესის გამო დაწყებული დავა და მოკლული 5 შვილის მამა - ვისური მუთოშვილის გაუხმაურებული ამბავი
საცერაძე კი თავად აცხადებს, რომ ის მკვლელობის დღეს აფექტის მდგომარეობაში იყო.
„მე ეჭვი მეპარება იმ ექსპერტებში, რომლებმაც გამოიკვლიეს ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მათ გადაწყვეტილებებში უფრო მეტად დავინახე პროკურატურა და არა ექსპერტები,“ - აღნიშნა საცერაძემ საბოლოო სიტყვაში.
უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2009-2011 წლებში, სულ 4 შემთხვევაში გამოიყენა სასამართლომ აფექტის მდგომარეობა.
ჯორბენაძის დედა აღნიშნავდა, რომ როდესაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, საცერაძე ეჭვიანობდა მისი ქალიშვილის სამოდელო კარიერის, სასწავლო მიზნებისა და მისი გარემოცვის გამო.
„არასდროს მიმაჩნდა, რომ ქალი გათხოვების შემდეგ სახლში უნდა დარჩეს და მიხედოს ოჯახს,“ - ამბობდა ჭელიშვილი.
„ჩემს ქალიშვილს უნდოდა აქტიური ცხოვრება ჰქონოდა, უნდოდა სწავლა და კარიერა. ის ისეთ ადამიანზე გათხოვდა, რომლის ოჯახსაც განათლების მიმართ ინტერესი არ ჰქონდა და უთრგუნავდნენ თავის მისწრაფებებს.“
საცერაძის დედა, ნაილი ქათამაძე არ ეთანხმება ჭელიშვილის ამ განცხადებას და ამბობს, რომ მისი ოჯახი „სალომეს განათლების მიღებაშიც ეხმარებოდა და მხარსაც უჭერდა მის გადაწყვეტილებებს.“
2011 წლის 16 დეკემბერს, საცერაძემ სალომე მეგობრის დაბადების დღიდან მოიტაცა და გარაჟში წაიყვანა. იარაღით ემუქრებოდა სალომეს, მოგკლავ თუ ცოლად არ გამომყვებიო, წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ჩვენებებში.
მოტაცების დღეს, სალომე თავის მეგობარს სკაიპით მოუყვა სერგის მუქარის შესახებ. მან საცერაძის ოჯახში დარჩენა გადაწყვიტა. სალომე სერგისთან 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივნისამდე ცხოვრობდა.