ვერაზე მომხდარი მკვლელობის შემსრულებელი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნიდან დაქირავებული „ქილერია". „კურიერისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა შესაძლოა მისი მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდებოდეს.
ამ საქმეში კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტის გვარიც ფიგურირებს. ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, სავარაუდოდ, კავშირი აქვს, ზუსტად 20 წლის წინ, მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად, დათო „ტბილისკი" ააფეთქეს.
გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ კაკულიას შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს.
ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის მთავარი მტკიცებულება სათვალთვალო კამერის ჩანაწერებია. კადრებში ჩანს, რომ მკვლელი ობიექტს საკუთარ მანქანასთან, ხალხმრავალ ადგილზე, იქ, სადაც არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, კეპით და პირბადით, განსაკუთრებული სიფრთხილის გარეშე ელოდება, შუა ქუჩაში უხსნის ცეცხლს და 9 ტყვიის გასროლის შემდეგ, ტოვებს ტერიტორიას.
22 წლის ნიკა კვარაცხელია კლინიკაში საკუთარი მანქანით გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოკლულ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას თავად კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია. ის პირველი ქართული სოციალური ქსელის, „ფიდსის" შემქმნელი იყო. მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტში და მას დღეს როგორც წარმატებულ და პროგრესულ ახალგაზრდას, ისე იხსენებენ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, თუმცა, დღეს საქმე განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა. ამ დრომდე, ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ბრძოლით დავიღალე" - ნახეთ, რა მოხდა ერთ-ერთ სუპერმარკეტში
🔵„ქვეყანამ ძალიან კარგი მოქალაქე დაკარგა" - ნანუკა ჟორჟოლიანი 22 წლის ნიკა კვარაცხელიაზე
წყარო: rustavi2.ge