Digest Logo

„კორონა და ფინანსები - თითოეული ავადმყოფის მკურნალობა სახელმწიფოს უჯდება რამდენიმე ათასი ლარი უჯდება“ - რომან გოცირიძე

1638973331
რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე კორონავირუსის პანდემიის მართვის დროს ბიუჯეტიდან გასულ ხარჯებსა და პაციენტების მკურნალობისთვის დახარჯულ ფულს მიმოიხილავს. გოცირიძე წერს, რომ  რაც უფრო მეტია ინფიცირებული და გარდაცვლილი, მით უფრო მეტია დანახარჯებიც.

გოცირიძე ხაზს უსვამს რომ აცრა როგორც ადამიანურ რესურსს ისე ფინანსურს დაზოგავს და ამით ქვეყანას დიდი კატასტროფის აცილება შეუძლია.

„კორონა და ფინანსები.

საქართველო ვირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე უარესი ქვეყანაა მსოფლიოში. სიკვდილიანობით ვართ მერვე ადგილზე, ვირუსის გავრცელებით-მეოთხეზე. იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა ერთ მილიონზე მეტია, ამ უკანასკნელი მაჩვენებლით საქართველო სულაც პირველ ადგილზეა მსოფლიოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე და არა მხოლოდ ბოლო პერიოდში.

ეს ფაქტი თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს: როგორია მთავრობა, ჯანდაცვის სისტემა, ეკლესია, სხვა სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტები, საზოგადოების შეგნებულობის დონე და ა. შ. ასეთი ცუდი მდგომარეობა თავისთავად განაპირობებს სხვა ბევრ უარყოფით მოვლენასაც, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველზე საგანგაშო არის ღატაკი ქვეყნის ისედაც მწირი რესურსების განიავება.

ქვეყანა სიმწრით გამომუშავებულ თუ ნასესხებ ფულს ხარჯავს არა ჩვენი მოქალაქეების მძიმე ყოფის შესამსუბუქებლად, არამედ პანდემიით გამოწვეული ხანძრის ჩასაქრობად, იმ ხანძრის ჩასაქრობად, რომელსაც თავად ვაღვივებთ უმოქმედებისა თუ არასწორი მოქმედების შედეგად. ფულად გამოხატულებაში ეს დანაკარგები ასეულ მილიონობით და მილიარდობით ლარია.

საქართველოში დღეისათვის ოფიციალურად 870 ათასი ინფიცირებული ადამიანია რეგისტრირებული. ინფიცირებულთა 22 პროცენტი ხვდება სავადმყოფოებში, ანუ დაახლოებით 190 ათასი ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული. თითოეული ავადმყოფის მკურნალობა სახელმწიფოს უჯდება რამდენიმე ათასი ლარი, მისი მდგომარეობის სიმძიმისა და კლინიკაში გატარებული დღეების რაოდენობიდან გამომდინარე (ჯიბიდან გადახდას აქ არ ვეხებით).

დღეის მდგომარეობით გარდაცვლილა 12 500 კაცი. თუთქმის ყველა მათგანი იყო ჰოსპიტალიზებული, რომელთა გადარჩენისათვის ბრძოლის ხარჯები ჩვეულებრივზე ბევრად მეტია.

მარტივი მისახვედრია, რომ რაც უფრო მეტია ინფიცირებული და გარდაცვლილი, მით უფრო მეტია დანახარჯებიც.
გარდა კლინიკებისა, დიდძალი ფული დაიხარჯა და იხარჯება კოვიდსასტუმროებში, კარანტინებში და ა. შ.
ინფიცირების მეტი შემთხვევები მოითხოვს მეტ ჰოსპიტლისგარეშე ხარჯებსაც: გაკეთებულია 12 მილიონი ტესტი, რაც კოლოსალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ათეულ მილიონობით ლარი ჯდება ასევე აცრის დამატებითი მეთოდების გამოყენება და წახალისება ( 200 ლარი კაცზე და ა. შ. ).

ვაქცინაციამ მსოფლიო ეკონომიკას ტრილიონობით დოლარი დაუზოგა. ნაკლები აცრა ნიშნავს მეტ დანაკარგებს ეკონომიკაში, მეტ სიღატაკეს და მეტ გაუბედურებულ ადამიანს.

ყველა სწორ ნაბიჯს თუ შეცდომას აქვს თავისი ფასი. ამ ფასს ეკონომისტები ზუსტად დაითვლიან. ერთადერთი, რისი ფასის დადგენა შეუძლებელია, ესაა სიცოცხლე, რომელმაც ჩვენთან ფასი დაკარგა.

დღეს, კვლავ გამოქვეყნდება ინფორმაცია წინა დღით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, რომელიც ისევ სარეკორდო იქნება მსოფლიოში, მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით.
შევეჩვიეთ!“ - წერს რომან გოცირიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სათქმელი თქვი, არ მოგერიდოს, თავი არ დაუხარო უფროსს, მხოლოდ იმის გამო, რომ შენი ზემდგომია…“ - მამა პეტრე

🔵„არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება, თუნდაც უარყოფითი ტესტი...“ - ნანა გეგეჭკორი საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს

🔵„დღეს მოერიდეთ ნერვიულობას და ზედმეტ ფორიაქს“ - მიხეილ ცაგარელი