Digest Logo

„საქართველოს რიგი ლიბერალური წრეები არაფრით განსხვავდებიან ველური ხროვისგან - მათ შეუძლიათ გარდაცვლილ ადამიანს კუბოში აფურთხონ!“ - ლევან ლორთქიფანიძე

1641908021
ლევან ლორთქფანიძე და რეზო ამაშუკელი

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, პოეტ რეზო ამაშუკელის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ლორთქიფანიძე მას ნიჭიერ, ერთგულ და საინტერესო ადამიანად ახასიათებს. 

ამასთან ხაზს უსვამს, რომ რეზო ამაშუკელის გარდაცვალებამ აჩვენა თუ როგორ შეუძლიათ საქართველოს რიგი ლიბერალური წრეების წარმომადგენლებს შეურაცხყონ გარდაცვლილის სული.

„ბ-ნ რეზო ამაშუკელს რამდენიმე შესანიშნავი, განუმეორებელი თვისება ჰქონდა!

უპირველეს ყოვლისა, მის ნიჭს უნდა გავუსვათ ხაზი. შესანიშნავ ლექსებს წერდა, მეოცე საუკუნის მიწურულის ბევრ მამაკაც პოეტს ჩაისვამდა ჯიბეში. „ლოთი სანდრუას“ („ქაშუეთის წინ…“) ერთი სტროფი მირჩევნია თანამედროვე, ბანკის კრედიტების რესტრუქტურიზაციაზე დახურდავებული ბიჭ-ბუჭების მთელ შემოქმედებას. მომისმენია მის მიერ შესრულებული კომპოზიციები სხვადასხვა ჟანრში, მუსიკაშიც უდიდეს შესაძლებლობებს ავლენდა. მისი ენამახვილობაც ხშირად ნიჭის უპირობო გამოხატულება გახლდათ.

ბ-ნი რეზო ნამდვილი დრამატურგიც იყო. ოღონდ პერფორმანსებს სცენაზე კი არა, ცხოვრებაში დგამდა. შეეძლო სტუმრისთვის მოულოდნელად, რისკის ფასად, საიდუმლოდ გადაეყვანა ბობ დილანი ოდესაში, დიდი ბებიის საფლავის მოსანახულებლად.

მისი წყალობით, თბილისში ჩამოსული ჯონ სტაინბეკი ბაგებში გაშლილ მდიდრულ სუფრამდე კოლმეურნეობის მოედანზე მოხვდა, რათა თაგვებთან და ადამიანებთან ერთად ესაუზმა მეწაღეების სასადილოში, სარდაფში გახსნილ სასადილოში.

რეზო ამაშუკელი მეგობრების ერთგული კაცი იყო. მას არც ერთხელ არ უღალატია პრეზიდენტ შევარდნაძისთვის. არც სამოქალაქო ომის დროს, არც რევოლუციისას. არ მოქცეულა იმ რესპექტაბელური და რაფინირებული ინტელიგენტების მსგავსად, რომლებიც კინემატოგრაფში, თეატრში, მეცნიერებასა თუ დიპლომატიაში შევარდნაძის წყალობით დაწინაურდნენ, პირველივე მოსახვევში კი დანა ჩასცეს მას ზურგში და მარტო დარჩენილს საჯაროდ ერთი სიტყვაც არ შეაშველეს, პირიქით… ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს შევარდნაძის პოზიციები რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ შეუძლებელია არ დავაფასოთ რეზოს უკომპრომისო ერთგულება მის მიმართ.

ბ-ნი რეზო თვითკრიტიკული ადამიანი გახლდათ. საკუთარ თავს კუზიანს უწოდებდა. ნანობდა, რომ ნამდვილი უტილიტარისტი იყო, ნანობდა, რომ უყვარდა ფული, კაზინო, ძალაუფლება. აწუხებდა ის სიძულვილი, რომელსაც სხვების მიმართ ავლენდა. სამწუხაროდ, მის სიძულვილს მხოლოდ სუბიექტური მიზეზები არ განაპირობებდა… ამიტომ იყო დაუძლეველი. მოკლედ, კაცი ამჩნევდა და აღიარებდა თავის კუზებს, ბევრისგან განსხვავებით. ჩემი რამდენიმე მეგობრის დამუნათების გამო, არაერთხელ მწვავედ გვიკამათია. ცხადია, ეთიკის საზღვრებს არ გავცდენილვარ.

რეზო ამაშუკელის გარდაცვალებამ ერთი სრულიად ამაზრზენი გარემოება გამოკვეთა. საქართველოს რიგი ლიბერალური წრეები არაფრით განსხვავდებიან ველური ხროვისგან. მათ შეუძლიათ გარდაცვლილ ადამიანს კუბოში აფურთხონ! რომ მიუშვათ, „ლედნიკს“ როზეტიდან გამოაძრობენ… ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თავიანთი ჩატებით, ჯგუფებით, ახალი „ლაიქებისა“ და „შეარების“ დაპირებით, „კუტოკებში“ მიღების იმედით უამრავ თვითდამკვიდრების მსურველ, დაკომპლექსებულ ბავშვს ითრევენ ამ ამბებში.

ღმერთმა ყველა ცოდვა შეუნდოს ბ-ნ რეზოს! მადლობა მას შესანიშნავი პოეზიისა და ჯონის გულთბილი მიღებისთვის“, - წერს ლევან ლორთქიფანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„აკონტროლეთ ხარჯი - ისეთი ნივთების ყიდვა მოგინდებათ, რომელსაც არასდროს გამოიყენებთ“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ბათუმის მატარებელში ისეთი ხდება… რაის კოვიდსტატისტიკა“ – მარიამ საჯაია 

🔵„ზე კდემაა, ქმარს უკოცნელი ჩაბარდა, 30 წლის უნახავმა შეყვარებულმა აკოცა და გაგიჟდა, ლოცვები წაიკითხა... მამაოს უნდა მოვუყვეო“ - ხათუნა შარაძე

🔵„რეზო ამაშუკელი ჩემზე ამბობდა, „რუსთავი 2“-ის ოლეგ პაპოვიაო“ – ნანუკა ჟორჟოლიანი