Digest Logo

„თქვენ გძულთ ახლა ეგ ადამიანი, მე კი მეცოდება, უყურადღებობამ ცოლისა და არდაბადებული ბავშვის მკვლელი გახადა“ - გიორგი ჩენდლერი

1640679146
ექიმი

 „გოგელიას” კლინიკის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ჩენდლერმა ქვეყანა დატოვა, თუმცა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. ის ამჯერად ვარკეთილში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე წერს და ამბობს, რომ ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ეცოდება, რადგან მას ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდა.

„ერთ-ერთ ჯგუფში განიხილავენ გოგა გზირიშვილის შემთხვევას, რომელმაც ორსული ცოლი მოკლა. საინტერესო კომენტარს გადავაწყდი, ერთი წერს, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მე ვიცი გიორგი ჩენდლერთან მკურნალობდაო, არ ჩავრეულვარ მათ საუბარში და არც პასუხი გამიცია, ეს ფაქტი არ არის სიმართლე, მე მასთან რაიმე ტიპის გადაკვეთა არ მქონია, არც კლინიკაში ყოფილა როდისმე მოსული, არც ქუჩაში შემხვედრია და მით უმეტეს, რაიმე დანიშნულება მასზე მიცემული არ მაქვს, მოკლედ არასდროს მინახავს ეს ადამიანი, მართალია დაკავებულია, თუმცა ცოცხალია და დაადასტურებს კიდეც, რომ საერთოდ არ მიცნობს.

მისი მეუღლე რამდენიმეჯერ მართლაც დამიკავშირდა და მთხოვა დახმარება, ბოლოს 7-8 თვის წინ (არ შემიძლია ზუსტად რიცხვის დასახელება, არ მახსოვს) ჩემთანაც იყო კლინიკაში და რა თქმა უნდა, დრო დავუთმე და ვისაუბრეთ, საუბრობდა მეუღლის შესახებ, რის გამოც იყო მოსული, თვითონ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ფსიქიკური და ამას ვადასტურებ კიდეც, მისთვის კონსულტაცია არ ჩამიტარებია, არც სჭირდებოდა, მეუღლის შესახებ ვსაუბრობდით.

მეუღლეზე საუბრობდა ძალიან დიდი სიყვარულით, ძალიან ბედნიერი ვარ მისი არსებობით, უბრალოდ, ხანდახან უჭირს თავი აკონტროლოს და შემდეგ ამას თვითონაც განიცდისო, ცუდი ადამიანი არ არის, ძალიან ვუყვარვარო. არაერთხელ დაიწყო ტირილი საუბრის დროს და სულ ამბობდა, რომ ძალიან კარგი ადამიანია, უბრალოდ დახმარება სჭირდებაო. ისიც აღნიშნა, რომ ექიმთან დადიოდა, თუმცა იშვიათად. დანიშნულებას რომ გადავხედე, დიაგნოზთან მართლაც იყო შეუსაბამობაში და ამაზე გავამახვილე ყურადღება, ასლი გადავიღე კიდეც ამ დანიშნულების და მაქვს. დავრეკე მკურნალ ექიმთან ძალიან დიდი მოკრძალებით და ვისაუბრეთ, საბოლოოდ გაირკვა ის, რომ დანიშნულება იყო სწორი და დიაგნოზი არა და განვმარტავ ამასაც.

არსებობს რიგი ფსიქიკური პათოლოგიები, რომელთა მკურნალობა არ შეიძლება ამბულატორიულ რეჟიმში და პაციენტი აუცილებლად უნდა გადამისამართდეს სტაციონარში, დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით. მკურნალმა ექიმმა ჩემთან საუბრის დროს განმარტა, რომ ინფორმაცია მიაწოდა პაციენტს ამის შესახებ, თუმცა პაციენტის მხრიდან არ იყო თანხმობა, ასევე პრობლემა არის ის, რომ ექიმი ფსიქიატრის გადაწყვეტილება არ არის საკმარისი პაციენტის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გასაგზავნად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კანონი ამბობს, რომ მხოლოდ სასამართლოს შეუძლია მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება, ანუ სახელმწიფო გვეუბნება, რომ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა და არა ფსიქიატრს, ესეც ერთ ერთი ანომალია. მართლა ასეთი კანონებია, პაციენტს თუ არ უნდა ვერ გაიგზავნება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სამკურნალოდ, თუ რაიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ანუ სახელმწიფო ელოდება როდის დაესხმება თავს ქუჩაში ვინმეს და მოკლავს, რომ შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტოს მისი იძულებით მკურნალობა.

ანუ, საბოლოო ჯამში, მკურნალმა ექიმმა დანიშნულება კი მისცა სწორი პაციენტს, მაგრამ დიაგნოზის გაფორმება ამჯობინა ცოტა „ლაითი“ ფორმით, რითაც თავი დაიზღვია, ვინმე რომ არ მოედაოს, რატომ აიღო თავის თავზე ასეთია შემთხვევის მკურნალობა ამბულატორიულ რეჟიმში. დანიშნულების გარეშე ხომ არ დავტოვებდი, შემეცოდაო. ისიც აღნიშნა, რომ პაციენტი მკურნალობის პარალელურად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, ეს ცალკე ფენომენია, რადგან, სწორედ ამიტომაც ვახსენე, რომ არ შეიძლება ასეთი პაციენტის ამბულატორიულ რეჟიმში მკურნალობა, ფსიქოტროპული მედიკამენტის ფონზე თუ მოხდება რაიმე ტიპის ნარკოტიკული საშუალების მიღება, ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგი და შემდეგ შესაბამისად მძიმე ქმედება პაციენტიდან, რაც არაერთი გვინახავს. აქაც დამნაშავე სახელმწიფოა და ზოგადად, ყველაზე ცუდ სიტუაციაში ფსიქიატრები არიან საქართველოში.

გემახსოვრებათ ის შემთხვევაც, ქალმა ქუჩაში ბავშვი რომ დაჭრა საბურთალოზე, რა თქმა უნდა, ყველა შეშფოთებულები ვიყავით, ზოგი დაწვასაც კი მოითხოვდით მაგ ადამიანის, ეგეც მახსოვს, სინამდვილეში, მაგ ქალის ისტორია იყო შემდეგი – სანამ ეგ შემთხვევა მოხდებოდა, 3-4 თვით ადრე თავის ახლობლებს ჰყავდათ მოყვანილი ჩემთან, რა დროსაც კატეგორიულად დავაფიქსირე, რომ მისი მკურნალობა ამბულატორიულად არ შეიძლებოდა და სასწრაფოდ სჭირდებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება, არც დანიშნულება მიმიცია მისთვის და არც აღრიცხვაზე დამიყენებია, მისი ახლობლებიც დაადასტურებენ ამას. საბოლოოდ მოხდა ის, რომ რადგან ფინანსურად ძლიერი ოჯახიდან არ იყო, ვერ მოხერხდა მისი კლინიკაში მოთავსება, არც ერთმა ფსიქიატრიულმა დაწესებულებამ არ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარდა კიდევ სამი ფსიქიატრის მსგავსი რეკომენდაცია ჰქონდა, განა მარტო სიტყვიერად, არამედ ოფიციალური სამედიცინო დოკუმენტაცია. ექიმებმა კი ვთქვით, რომ არ შეიძლებოდა მისი ქუჩაში სიარული, მაგრამ კანონმა უთხრა, რომ ეგ ფსიქიატრების საქმე არ არის, შეგიძლია იაროო. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა და აგრესია გაჩნდა ამ ქალის მიმართ და არა სახელმწიფოს მიმართ, ვართ მოლოდინის რეჟიმში, რა მოხდება შემდეგ ჯერზე, ასე ცხოვრობთ.

და ბოლოს, ისევ დავაზუსტებ გოგა გზირიშვილის შემთხვევას, მე მას საერთოდ არ ვიცნობდი, არანაირ ფორმატში მასთან გადაკვეთა არ მქონია. თქვენ გძულთ ახლა ეგ ადამიანი, მე მეცოდება, რადგან როცა დახმარება სჭირდებოდა, სახელმწიფომ მიაგდო უყურადღებოდ, საბოლოოდ კი საყვარელი ადამიანების, ცოლისა და არდაბადებული ბავშვის მკვლელი გახადა“, - წერს ექიმი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გთხოვთ, ვისაც ბოლო დოზიდან 3 თვე გაგივიდათ, დაიბუსტეთ!“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„ფაცხაფუცხით ამოირბენს, საკუთარ თავს ეკითხება: „რაფერ ხარ? როის ამოი? როის ჩახვალ?“ - როგორ ამოდის მზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

🔵„ვეფხისტყაოსნის გამოცემათა რეკორდული რაოდენობის გამომცემელი... გული ჩამწყდა! მშვიდობით“ - ბადრი შარვაძე გარდაიცვალა

🔵„ხედავ? კოვიდზე უფრო მეტად, თურმე, შიდა ინფექციით კლავენ ხალხს და მერე კოვიდს ბრალდება!“ - რას წერს დავით გადელია

🔵„შემოვიდნენ წასაყვანად, შავ ფორმაში ჩაცმულები... შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად“ - მიხეილ სააკაშვილი