მსახიობი განო მელითაური თბილისის მეტროპოლიტენში სამართალდამცველის მიერ მოქალაქეზე ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მელითაური ხაზგასმით აცხადებს, რომ სამართალდამცველების დაკავება და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სამაგალითო საქციელია. ამასთან წერს, რომ რამდენიმე პოლიციელის უფლებამოსილების გადამეტების გამო, სისტემა არ უნდა დაზარალდეს და ამ სისტემაში მომუშავე ადამიანების დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს.
„ძალიან გამიხარდა რომ კანონის ფარგლებში გაასამართლებენ ამ მონსტრებს!
მსგავსი ნაძირალები რეპუტაციას ურყევენ სისტემას. არა! ყველა ასეთი გარეწარი არ არის, და უსამართლობაა ორი ადამიანის, ან 10 ადამიანის გამო, ამდენი კეთილსინდისიერი თანამშრომლის განსჯა ნეგატიურ ჭრილში!
სისტემაში რომ ხარვეზები არ იყოს, ასეთი ნაძირალები საჯარო მოხელეები და „წესრიგის დამამყარებლები“ ვერ იქნებიან!
გონს მოეგეთ სანამ გვიანი არაა!
და ყველა თანამშრომელს აუხსენით როგორი არ უნდა იყოს, რამხელა პასუხისმგებლობაა ეგ სამსახური და საერთოდ ადამიანობა რად ნიშნავს! რა მოუვათ თუ იძალადებენ სხვებზე!
არა! ძალადობაზე არასოდეს არ უნდა ვუპასუხოთ ძალადობით! არა! ლინჩის წესით კი არა, კანონის წესით უნდა გაასამართლონ და კიდევ უფრო დიდ აგრესორებად კი არ დაუბრუნონ საზოგადოებას, არამედ სინანულით და კრძალვით, გააზრებით რომ აღარასოდეს ჭიანჭველაც არ მოკლას არცერთმა!
და ბოლოს, მართლა მგონია, რომ ავად ხართ ყველა საიტი, ვინც სახელებს და გვარებს აფრიალებთ ამ დამნაშავეების, გადიდებული ფოტოებით!
რომ კვირის ბოლომდე თავად გახდნენ მოძალადეები ძალადობის მსხვერპლნი! თუ რამის თავი გაქვთ პირისპირ გაურკვიეთ, რეიტინგისთვის ამას როგორ კადრულობთ?
არაპირდაპირი ბულერები ხართ! ყველა!
და სულ ფეხებზე გკიდიათ საზოგადოება, ადამიანები და ზოგადად ამ ქვეყნის ბედი!
ძალადობაა გაცოფებული საზოგადოების წაქეზება! და მით უმეტეს დამნაშავის ფოტოების ფრიალი! ვერ ვიგებ
რატომ არ ისჯებით კანონის უმკაცრესი ფორმით!
ნეტა რა აზრი აქვს ამას რომ ვწერ!
მეზიზღება ეს შეგონებითი ტონი პოსტებში და ზოგადად მსგავსი აქტივობები... უბრალოდ დ ა ვ ი ღ ა ლ ე ამდენი სისულელის სმენით და ყურებით!
მადლობა, ნახვამდის!“, - წერს განო მელითაური.
2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ „ისანში“.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას.
ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: