საბჭოთა მაფია მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ჩაისახა. ამის მამამთავრები ქართველები იყვნენ. პირველი მსხვილი მაფიოზური დაჯგუფების უპირობო ლიდერი კი ქართველი ეროვნების მშვენიერი ქალბატონი ელენე მხეიძე გახლდათ, რომელსაც მეტსახელად „ლენკას“ ეძახდნენ. აი, რა ცნობები შემოგვრჩა მის შესახებ:
ელენე მხეიძე თბილისში 1930 წლის 21 დეკემბერს იყო დაბადებული. მამა ექიმი ჰყავდა, დედა კი – პედაგოგი. თავადური წარმოშობის გოგონა განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩეოდა და ის თითქმის მთელ თბილისს უყვარდა. თუმცა 1947 წელს, როდესაც ეს ულამაზესი გოგონა 17 წლისაც არ იყო, ცნობილმა კრიმინალმა, მძარცველმა-რეციდივისტმა, 37 წლის კაკო ლაღიძემ მოიტაცა და ცოლად მოიყვანა. ერთი წლის მერე ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა გოგონამ ვაჟი გააჩინა და მას გურამი დაარქვა. კაკო ლაღიძე 1952 წელს დახვრიტეს მოსკოვში ინკასატორზე განხორციელებული ბანდიტური თავდასხმისთვის, რომელიც მკვლელობით დასრულდა. დაქვრივებულ 22 წლის გოგონას 4 წლის შვილი დარჩა და მშობლებთან დაბრუნდა. თუმცა 1953 წელს ელენე ცოლად მოიყვანა ცნობილმა კანონიერმა ქურდმა ზურაბ იაშვილმა, მეტსახელად „გრაფმა“. იაშვილი, ელენეზე 15 წლით უფროსი იყო და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. გურამს კი საკუთარი შვილივით ზრდიდა. წყვილმა ერთად 15 წელი იცხოვრა. 1968 წელს კი „გრაფი“ კიბოთი გარდაიცვალა. ელენე მეორედ დაქვრივდა, თუმცა, ის უკვე ძალიან გამოცდილი, მტკიცე ნებისყოფისა და ნათელი გონების ადამიანი იყო. მოსკოვში ცხოვრობდა და მეორე ქმრის მიერ დაგროვილი ქონებით ირჩენდა თავს. 20 წლის გურამი კი ბაუმანის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა. ყველაფერთან ერთად, ელენე მხეიძე წლების შემდეგაც ისევ ისეთი ლამაზი ქალი იყო და ნაცნობ-მეგობრები მას პირმშვენიერ „ლენკას“ ეძახდნენ.
ქალი-ქურდი
მიუხედავად იმისა, რომ ელენე ქვრივი იყო და კრიმინალურ გარემოში ტრიალებდა, მასზე ვერავინ იტყოდა ძვირს, ძეხორციელი ვერაფერში დასდებდა ბრალს და უპატიოსნობაში ვერ დაადანაშაულებდა. „ლენკას“ ვერც ზედმეტ სიტყვას გაუბედავდა ვერავინ და მართალია, მის ფეშენებელურ ბინაში, მოსკოვის ცენტრში, ხშირად იკრიბებოდა კრიმინალური ელიტა, მისი სახლიდან უხეში სიტყვაც კი არავის გაუგონია. ხოლო გურამი არასოდეს დასწრებიაა მსგავს თავყრილობებს. ბიჭი მთელი არსებით იყო ჩაფლული სწავლაში და სხვა არაფერი აინტერესებდა. დედა ძალიან უყვარდა და მისი სიტყვა ბიჭისთვის კანონი იყო. ყველას უკვირდა, როგორ დაადგა წესიერ გზას პირწავარდნილი რეციდივისტის შვილი. თუმცა, გენების გარდა, აღზრდაცაა, რასაც „ლენკა“ დიდ ყურადღებას აქცევდა და თავის ერთადერთ შვილზე სამაგალითოდ ზრუნავდა. ამის მიუხედავად, თავად ელენეს ცოტა სხვაგვარი შეხედულება ჰქონდა ცხოვრებაზე. ქალს მიაჩნდა, რომ სამყარო ჯუნგლებია და ფიქრობდა, თუ გინდა, ამ ყოფაში გადარჩე და გაიმარჯვო, მაშინ მხეცების მომთვინიერებელი უნდა იყოო. მხეცებად ქალი შავი სამყაროს წარმომადგენლებს თვლიდა და მათი მოთვინიერება დაიწყო. „ლენკას“ ძალიან ხიბლავდა ეს სფერო და „გრაფი“ სულ რაღაც ერთი წლის გარდაცვლილი იყო, როდესაც თავის ბინაში ათიოდე კრიმინალური ავტორიტეტი მიიწვია და მათ ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა და გეგმაზომიერი, თანმიმდევრული მუშაობა შესთავაზა. ქალმა ქურდები თავისი იდეის სისწორეში დაარწმუნა და „მხეცები“ თავის აზრზე დააყენა. 1970 წელს კი 40 წლის კვლავ პირმშვენიერი ელენე მხეიძე, უკვე მოსკოვის ორგანიზებული დაჯგუფების უპირობო ლიდერი, ანუ ქალი-ქურდი იყო. მართალია, მას ქურდის ტიტული არ გააჩნდა, რადგან „შავი სამყაროს“ კანონით, ეს დაუშვებელი იყო, მაგრამ გავლენითა და ძალაუფლებით ბევრ ცნობილ ქურდზე მაღლა იდგა.
თარსი დღე
„ლენკა“ გენიალური მმართველი გამოდგა და 1970 წლიდან მოყოლებული, მისი „ბიჭები“ თითქმის მთელ რუსეთს აზანზარებდნენ. ქალს თავის ბანდაში თითქმის ათასი ერთგული კრიმინალი ჰყავდა, მათ შორის 11 კანონიერი ქურდი იყო. „ლენკას“ „ბიჭები“ მკვლელობებისა და განსაკუთრებული ძალადობის გარეშე მუშაობდნენ. მათი ძირითადი საქმიანობის სფერო რეკეტი იყო და თითქმის მთელი რუსეთის არალეგალური, „ცეხავიკური“ ბიზნესი მათ უხდიდა წილს. „ლენკამ“ და მისმა „ბიჭებმა“ განსაკუთრებით მაშინ გაშალეს ფრთები, როდესაც საბჭოთა კავშირიდან ებრაელების მასობრივი ემიგრაცია დაიწყო. „ლენკას“ თავისი ხალხი ჰყავდა „ოვირში“, ანუ უწყებაში, სადაც საემიგრაციო ვიზებს გასცემდნენ. „ლენკამ“ კარგად იცოდა, რომ ებრაელები თავიანთ სამშობლოში ცარიელ-ტარიელები არ გაემგზავრებოდნენ, ისინი მოხვეჭილი ქონების გატანას შეეცდებოდნენ. ამიტომ ქალი „ოვირიდან“ მიღებულ მისამართებზე აგზავნიდა თავის „ბიჭებს“ და სწორედ, ისინი „წეწავდნენ“ ისრაელში წამსვლელებს, თუმცა „ლენკას“ „ბიჭები“ მათ მხოლოდ მეოთხედს ართმევდნენ და ებრაელებიც კმაყოფილები იყვნენ და ბანდიტებიც. ამ გზით „ლენკას“ დაჯგუფებამ მილიონობით მანეთი და კილოგრამობით ოქრო და ძვირფასეულობა იშოვეს. თუმცა ერთ „თარს დღეს“ (ასე უწოდა ამ დღეს თავად ელენე მხეიძემ) ვინმე არონ კაცთან მისული ბრიგადის წევრები მეორე დღეს „კაგებემ“ დააპატიმრა და დაიწყო გამოძიება. საქმე კი ის იყო, რომ კაცი „კაგებეს“ აგენტი იყო. ისრაელში საჯაშუშოდ გზავნიდნენ და „კაგებეშნიკის“ ხელყოფას ბანდიტების დევნა მოჰყა. ერთი სიტყვით, დააპატიმრეს 30-მდე ბანდიტი. თავად „ლენკა“ კი გარეთ დარჩა და იქიდან პატრონობდა თავის ბიჭებს.“
P.S. „ლენკა 2015 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა და მოსკოვშია დასაფლავებული. მისი შვილიშვილი კი დღესდღეობით რუსეთის ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესმენია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
- მე-3 თაობის „კანონიერი ქურდი“ - გეგეჭკორების კრიმინალური ისტორია
- ბრიტანეთის მოღალატე და საბჭოეთის გმირი - ვინ არის ლეგენდარული ჯაშუში, რომელიც დღეს გარდაიცვალა
- ქართველი კრიმინალები, რომლებიც ბოლო თვე-ნახევარში საზღვარგარეთ დააკავეს
- „კანონიერი ქურდების“ შვილების კანონიერი პროფესიები - სტილისტი, პოეტი, მომღერალი
- არ ვყოფილიყავი „ქურდის შვილი“ და ვყოფილიყავი კოკა კობალაძე, ამაში პოეზია დამეხმარა - ინტერვიუ