Digest Logo

ავარიაში დაღუპული შვილი, 2 ქორწინება - ცოტა რამ ელდარ შენგელაიას შესახებ

1615896541
რეჟისორი ელდარ შენგელაია

„არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“… დაბოლოს,  „სავარძელი“. ეს ის ფილმებია, რომელთა ავტორობაზე მსოფლიოს ცნობილი რეჟისორები ხელს უყოყმანოდ მოაწერდნენ და იამაყებდნენ, რომ ასეთი შედევრები გადაიღეს. 

მათ შემქმნელს კი თავისი პატარა სამშობლო მთელ მსოფლიოს ერჩივნა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, დამწყებ რეჟისორ ელდარ შენგელაიას უფრო ფართო ასპარეზი წინ ეშლებოდა, მაგრამ მას გული საქართველოსკენ მოუწევდა.

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ თავის დროზე მისი სახელოვანი მშობლები, მსახიობი ნატო ვაჩნაძე და რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია მოღვაწეობდნენ. ელდარი ოცნებობდა, დაკვრა იმ აკორდიდან გაეგრძელებინა, რაზეც მამა შეჩერდა. ასე რომ, „დიდი“ მოსკოვი გაოცებული დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა...

ელდარ შენგელაია:

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მისვლისას დარაჯი კარში არ მიშვებდა. ამ დროს გამოიარა შოთა მანაგაძემ და უთხრა, ეს არის კოლიას და ნატაშას ვაჟი, ამისთვის კინოსტუდიის კარი ყოველთვის ღიაა, გაატარეო.

პირველი ფილმი რეჟისორ თამაზ მელიავასთან ერთად გადავიღეთ. ფილმის სათაური იყო “გზები და გზაჯვარედინები”. ქართველი მეცხვარეების ცხოვრებაზე 3 წელი ვიღებდით, ურთულესი ფილმი იყო.

ფილმის შემდგომი სახელწოდება ნოდარ დუმბაძის დამსახურებაა, თქვა, არ ჟღერს კარგად, იქნებ “თეთრი ქარავანი” დაარქვათო, მოგვეწონა და დავარქვით. ფილმი თამაზ მელიავამ ლენინგრადში წარადგინა ჩვენებაზე და აიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. შემდეგ იყო კანის ფესტივალი, უსახსრობის გამო ჩვენ ვერ გავემგზავრეთ. მართალია, პრიზი არ აუღია, მაგრამ კანში ფილმის ჩვენება უკვე წარმატება იყო.

„არაჩვეულებრივი გამოფენის“ გადაღების ისტორია

ყოველთვის ჭირდა კარგი სცენარები, ამიტომ მოსკოვში წასვლა გადავწყვიტე. იქ სარეჟისორო სცენარებით მუშაობდა მამაჩემის მეგობარი ტრაუმბერგი და მას მივმართე. მითხრა, კარგ სცენარებს წერს რეზო გაბრიაძე (ამ დროს რეზო მოსკოვში სწავლობდა), მოდი ხვალ, გაგაცნობო.

ამ ნაცნობობით დაიწყო ჩემი და რეზოს შემოქმედებითი მეგობრობაც. სცენარი, რომელიც საფუძვლად დაედო „არაჩვეულებრივ გამოფენას“, სამასგვერდიანი იყო. ერთი თვე ვიმუშავეთ და 80 გვერდამდე დავიყვანეთ.

დავიწყე მსახიობების შერჩევა. ვერაფრით ვიპოვე პიპინია ერისთავის შემსრულებელი. მოვიარე საქართველოს თითქმის ყველა თეატრი. ბოლოს ფოთში შემხვდა აკაკი დობორჯგინიძე (ისიც შევიდა ამ ფილმში, ძაღლი რომ მოჰყავს პიპინიასთან). მითხრა, აცანაში ცხოვრობს ერთი მსახიობი, რომელიც ფოთის თეატრიდან გაუშვეს, როგორც უნიჭო, ახლა სოფელში გერმანულს და რუსულს ასწავლის, იქნებ ნახოთო.

წავედი აცანაში. ეს არის ლანჩხუთის რაიონი. ერთ პატარა სახლში ცხოვრობდა, გეგონებოდა, ზღაპრიდან გადმოუხატავთო. როცა ვუთხარით, რისთვისაც გვჭირდებოდა, იუარა, ასეთ დიდ როლს ვერ შევეჭიდები, თუ მაინცდამაინც, ეპიზოდურში გადამიღეთო. დავუტოვეთ გზის ფული და დავიბარეთ თბილისში.

ჩამოვიდა. პირველ ხანებში გაუჭირდა, გაშეშებული იდგა და მოძრაობას ვერ ახერხებდა. თანდათან გაიხსნა და მივიღეთ არაჩვეულებრივი პიპინია, მაგრამ ხმა არ მოგვეწონა, არ უხდებოდა. ჩემმა მეორე რეჟისორმა, რამაზ შარაბიძემ, თქვა, ამას ეროსი სჭირდებაო.

ეროსიმ გვითხრა, ჯერ მან გაახმოვანოს პირველი კადრები, მოვისმენ და მერე მივხვდები, რა უნდა გავაკეთოო. როგორც კი მოისმინა, თქვა, ახლა ეს აღარ დამანახოთ, მე გავახმოვანებო. მართლაც თითქოსდა ერთი ამოსუნთქვით გაახმოვანა“, - ამბობს შენგელია.

შემდეგ დადგა „შერეკილების“ დრო.

„გადავწყვიტე „შერეკილების“ გადაღება, რა თქმა უნდა, ისევ გაბრიაძის სცენარით. მთავარი სირთულე საფრენი აპარატი იყო. მოსკოვში ვინახულე ჩემი ნაცნობი გენერალი რუდეცი და ავუხსენი, რა მინდოდა. მე და რეზო გაგვიშვა იქ, სადაც სამხედრო კონსტრუქტორები მუშაობდნენ.

შენობა გარედან ჩვეულებრივი ორსართულიანი იყო, მაგრამ ლიფტით მინუს მერვე სართულზე ჩაგვიყვანეს. ჩვენი აპარატი კონსტრუქტორმა სათაროვმა დაამზადა და თვითმფრინავით თბილისში ჩამოგვიტანეს.

გადაღებები გვქონდა იმერეთსა და კახეთში. ის კადრები, როცა ფილმის გმირები გაფრინდებიან და ულამაზესი ხედები ჩანს ზემოდან, სულ ჩემი გადაღებულია.

ფილმი შევფუთეთ ისე, თითქოს ზღაპარი გადავიღეთ, რადგან აშკარად არ იჯდა საბჭოთა სტანდარტებში. საფესტივალო ჩვენება თეირანში გვქონდა. ფესტივალი ამ ფილმით გაიხსნა და ირანის დედოფალი და ელიტა ესწრებოდა. როცა გავედი, გავოცდი, უამრავი ციცინათელა დაფრინავდა, ბოლოს მივხვდი, რომ ეს ციცინათელები კი არა, დარბაზში მსხდომი მანდილოსნების ბრილიანტების ათინათები იყო.

თეირანში სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ ვცხოვრობდით, სადაც ღია ანგარიში მქონდა. ცხოვრება, ჭამა-სმა, ყველაფერი უფასო იყო. ამიტომ მთელი საბჭოთა საელჩო ჩემთან იკრიბებოდა და იქ სადილობდა. ყველაფერი უმაღლესი ხარისხის და განუსაზღვრელი რაოდენობის იყო.

წამოსვლის დღეს ვხედავ, ნომერში დევს ანგარიში და წერია 2000 დოლარი. მე, საბჭოთა რეჟისორს, ჯიბეში მიდევს 25 დოლარი. ვიფიქრე, მორჩა, მომეჭრა თავი, აქედან აღარც გამიშვებენ-მეთქი. დავუძახე პორტიეს და ვკითხე: „როგორ მოვიქცე?“. მან დახედა ფურცელს და მითხრა, თქვენ გადასახდელი კი არ გაქვთ, პირიქით, კიდევ შეგიძლიათ ეს 2000 დოლარი დახარჯოთო.

პირველი ქორწინება არიადნასთან

არიადნა ანა ლიუბიმოვას და ვსევოლოდ შპრინკის ქალიშვილი იყო. ანა რუსი გახლდათ, ხოლო ვსე­ვოლოდი გერმანული წარმოშობის რუსი. ის ხუთ ენას ფლობდა და თავის დროზე, საუკეთესო მთარგმნელად ითვლებოდა. რეპრესიების ეპოქაში, არიადნას მამასაც შეექმნა საფრთხე, ამიტომ მან მოსკოვიდან ტაშკენტში გადასვლა გადაწყვიტა. არიადნა 1937 წელს, ტაშკენტში დაიბადა. ამავე წელს, ოჯახი კვლავ მოსკოვში დაბრუნდა, მაგრამ საფრთხე ვერ აიცილეს - ვსევოლოდი გერმანული წარმომავლობის გამო დაიჭირეს და მაგადანში გადაასახლეს. ოჯახთან დაბრუნება მხოლოდ 1955 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ შეძლო.

არიადნამ დაწყებითი და უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო. საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის ლამაზ სტუდენტს - არიადნა შრინკს საზოგადოება შენგელაიას გვარით გაიცნობს და პირველ ფილმში გამოჩენის შემდეგ, ის რეჟისორების ყურადღების ცენტრში ექცევა. ეს გვარი მსახიობმა თავის პირველ ქმართან, რეჟისორ ელდარ შენგელაიასთან გაყრის შემდეგ დაიტოვა. ისინი სტუდენტობისას შეუღლდნენ და ერთად 20 წელზე მეტი იცხოვრეს. თანაცხოვრებისას წყვილს ორი ქალიშვილი, ნატო და ეკატერინე შენგელაიები შეეძინათ.

ელდარ შენგელაია მეორე ცოლზე

– ნელი აქამდე იყო ჩემი მეუღლე, ახლა ვხუმრობ ხოლმე, არის ჩემი დედა, რადგან მან იცის, როდის უნდა ვჭამო, როდის რა წამალი მივიღო, როდის წავიდე შეხვედრაზე, რა მაქვს დაგეგმილი.

ნელი მედეა ჩახავას დაბადების დღეზე გავიცანი. იქიდან გამოვაცილე, მერე ვხვდებოდით. ერთხელაც ნარდი ვეთამაშე და მომიგო. მე კიდევ არ მიყვარს წაგება. ჰოდა, ვიფიქრე, მოვიყვან ცოლად და აღარ მომიგებს, დამითმობს-მეთქი.

ნელი მეუღლეზე: შესანიშნავი ადამიანია, იუმორით სავსე, თბილი, დამთმობი, მოსიყვარულე. ადრე ცოტა უფრო მკაცრი იყო, ახლა სრულიად დარბილდა. აბსოლუტურად თავისუფალია ბოროტი, ქვენა აზრებისა და სამაგიეროს გადახდის სურვილისგან.

ხომ არის ხოლმე შემთხვევები, როცა ადამიანი გაწყენინებს, ისე მოიქცევა, რომ მისალმების სურვილსაც დაგიკარგავს. ელდარს ეს არ შეუძლია, როგორც უნდა მოექცეს ვინმე, მაინც გაუღიმებს, მიესალმება, მოიკითხავს. ყველაფერზე მაღლა დგას. იქ, სადაც ის არის, ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

მთელი ცხოვრება უანგაროდ იშრომა, ქონება არ მოუგროვებია, აგარაკიც კი არ გვაქვს. ზაფხულობით ძალიან გვიჭირს, ცოტა ხნით ქალაქს რომ გავერიდოთ, ისეთი ადგილი არ გვაქვს. როცა ვეუბნები, რატომ არ იზრუნე ამ ყველაფერზე-მეთქი, მეუბნება, რა ვიცი, მაგაში ვერ ვივარგეო. არადა თავდაუზოგავად შრომობდა, ფილმებს იღებდა, კინოსტუდიაზე ზრუნავდა. ვხუმრობდი, რომ იმდენ დროს ხარჯავდა საქმეზე, ჩვენი შვილი 3 წლის იყო, როცა გააცნობიერა, ეს მუდმივად გარეთ მყოფი კაცი მამამისი, ელდარი იყო. ოჯახის პრობლემები ჩემი მოსაგვარებელი იყო. ხელს ვუწყობდი, უზომოდ ნიჭიერ შემოქმედს ოჯახის საქმეებში დრო არ უნდა დაეკარგა.

მე არც წიგნებს ვწერდი და არც დისერტაციას, ამიტომ ოჯახის გაძღოლა ჩემი ფუნქცია იყო. ამ ბოლო დროს მისი პროდიუსერიც გავხდი და ორგანიზაციულ საკითხებს ვაგვარებ. ფულს რაც შეეხება, ელდარი ამაში დიდად გარკვეული არ არის, ამიტომ ფინანსური საკითხებიც მე მეხება.

ელდარი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, რა თქმა უნდა, ლამაზი ქალების მხრიდანაც. მე ვიყავი ეჭვიანი, უყვარდა ცოტა ფლირტი, მაგრამ ჩვენი ოჯახი მტკიცე იყო, არც ერთს გვქონია დანგრევის სურვილი და სერიოზული მიზეზი.

ელდარს ჩემთან ცხოვრება რომ არ სდომებოდა, არც ჩემი ეჭვიანობა შეაჩერებდა და არც ხვეწნა-მუდარა. იგი ყოველთვის იყო კარგი მამა და მეუღლე. ზოგჯერ გვქონდა შეხლა-შემოხლა, ჩვენი შვილის ტკივილის შემდეგ კი ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ერთი მთელი ვართ.

შენგელაიას ტრაგედია - ელენე ავარიაში დაიღუპა

ეს ტრაგედია შენგელაიების ოჯახში 2009 წელს დატრიალდა. ელდარის ნაბოლარა ქალიშვილი, 23 წლის ელენე შენგელაია ავტოავარიით დაიღუპა.

მამამ ქალიშვილს 25 წლის აღსანიშნავად, ფილმი მიუძღვანა, რომელსაც ვიდეოალბომს ეძახის. ფილმი ელენეს ბავშვობიდან, ცხოვრების ბოლომდე, გადაღებული ვიდეო მასალების ნაკრებია. საოცრად თავმდაბალ ქალიშვილს, თავის თავზე ფილმი საშინლად არ ესიამოვნებოდა, – ასე ამბობდა დედამისი, ნელი დავლიანიძე.

ცნობილ მამასთან მოსასვლელი ჟურნალისტების შესახებ რომ შეიტყობდა, სახლიდან გარბოდა.

„გვინდოდა, ამ ბავშვის შესახებ მეტი გაეგოთ ნათესავებს და ახლობლებს. სულიერებით აღსავსე, სხვანაირი ბავშვი იყო. მისთვის უსაყვარლესი ადამიანები რომ მოდიოდნენ სტუმრად, ის სახლიდან გარბოდა. გიჟდებოდა ნინო ანანიაშვილზე, მაგრამ არ ენახებოდა, სახლში არ ხვდებოდა.“

„ქმარი არ მეყოლება… მალე უნდა მოვკვდე…“

დედა ელენეს ნათქვამ ფრაზებს იხსენებს. ის წინათგრძნობები უფრო იყო – „მე არ გავთხოვდები, ქმარი არ მეყოლებაო. ზოგჯერ ამბობდა, მინდა შვილს ნიცა დავარქვაო. იმ ბოლო ზაფხულს, აგვისტოში, ქობულეთში 10 დღე დაისვენა, ჩვენ თბილისში ვიყავით. სანამ წავიდოდა, მითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, მალე უნდა მოვკვდეო. არ მესიამოვნა… საერთოდ, არაფერს იჩემებდა. იმ ზაფხულს მანქანის ყიდვა არანორმალურად აიჩემა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე სან-ფრანცისკოდან ჩამოვიდა. უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა, მოეწყო GIPA-ს მაგისტრატურაში და საღამოს უნდა ევლო ლექციებზე. უცებ გადაწყვიტა, სწავლისთვის თავი დაენებებინა. წელს უნდა დავისვენო, ძალიან დავიღალეო. თუ ვერ მარჩენთ, მოწაფე ამიყვანეთო, ნახევრადხუმრობით ამბობდა. მამამისი ბრაზობდა, რატომ გამოვიდა GIPA-დანო. ის ერთი, დასასვენებელი წელი მოიწყო. გამონაცვალი მანქანა ვუყიდე … გონიერია და ჭკვიანურად ატარებს-მეთქი, ვამბობდი. ელდარი ბობოქრობდა. არაფრით უნდოდა მანქანის შეძენა. ეგ არ არის ძლიერი გოგო, რა მაგის საქმეა მანქანაო… ის დღე, 11 სექტემბერი, არაფრით ყოფილა გამორჩეული… სახლში მომიყვანა და… მერე, ეს ტრაგედიაც დაგვატყდა… მე რაღაცნაირად დავიჯერე, რომ რაც მოხდა, ასეც უნდა მომხდარიყო. ეტყობა, განგების მიერ მისი ცხოვრება 23 წლით იყო შემოფარგლული. თავის ასაკთან შედარებით ბევრი რამის ნახვა მოასწრო. თუმცა, რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე ადრე უნდა წასულიყო. ელდარი დღემდე ვერ მშვიდდება, მანქანა არ უნდა გვეყიდა, იქნებ ტრაგედია თავიდან აგვეცილებინაო.“

ელენე მამასთან მის ფილმებზე არ საუბრობდა, თუმცა დედა ამჩნევდა, როგორ სიამოვნებდა ელდარის ფილმებზე საქებარ სიტყვებს რომ იგებდა და ჩუმად ამაყობდა. ბავშვობაში, ერთ ნახვაზე თითო ფილმს, ზედიზედ სამჯერ მაინც უყურებდა.

„დედა, შენ რა იცი, რატომ ვნახულობ ამდენჯერ. მამაჩემის ფილმებიდან მე ჭკუა მემატებაო“. ელენეს კურსელებმა მეორე კურსზე გაიგეს, რომ ელდარის შვილი იყო. არასდროს არ გვიქია, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, საოცარი ბუნების. იყო პრინციპული და ინტელიგენტური. ელდარს თვისებებით ძალიან ჰგავდა. ელდარს ჰყავს ორი ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი, თუმცა ამბობს, ამ ტკივილს ვერავინ შემიცვლისო. მე არავინ არ მყავს… ახლა რომ ვფიქრობ, 23 წლის გოგო ჩამოყალიბებული პიროვნება იყო“ – იხსენებს დედა.

ელდარ შენგელაია:

„ამ უბედურების წარმოდგენაც არ შეგვეძლო. ელენესაც სპეციალურად არ ვიღებდით. უბრალოდ, მისი ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრი გადაღებული მასალა გვქონდა. ამ მასალებიდან ამოკრებილია ელენეს კადრები და ვეცადე, ბიოგრაფიასავით გამეკეთებინა. ფილმზე დიდი ხანი, თითქმის წელიწადი ვიმუშავე. დაღლამდე ვუყურებდი კადრებს და ისე ვირჩევდი. მერე ეპიზოდი უნდა გამეკეთებინა. მოვძებნე ფორმა, დავყავი ნაწილებად და დავასათაურე. ასე სკრუპულოზულად, მგონი, დიდ სურათებზე არ მიმუშავია… ძალიან გამიჭირდა… რა საშუალებაც მომცა მასალამ, ის გაკეთდა. ბევრი რამ, რაც მისთვის იყო დამახასიათებელი, ფილმში არ არის. მაგალითად, მისი დამოკიდებულება წიგნთან. მან თავისი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ბიბლიოთეკა შეკრიბა. ჩაიკეტებოდა თავის ოთახში და ინგლისელი, გერმანელი და რუსი მწერლების ნაწარმოებებს, ორიგინალში კითხულობდა. ვნახეთ რვეული, რომელშიც ჩამოწერილი ჰქონდა წაკითხული წიგნების ნუსხა. როდის მოასწრო ამდენი რამის წაკითხვა?!- გაოცებული ვარ. ერთხელ მითხრა, შექსპირი ორიგინალში წავიკითხე და მის გათანამედროვებულ ვერსიაზე, გაცილებით ღრმა და საინტერესოა შექსპირისეული ნაწარმოებებიო. ძალიან მინდოდა, მომავალში ინგლისური კულტურა აეთვისებინა.

„ელენე“

დამერწმუნეთ, ფილმს უემოციოდ ვერ უყურებთ. თვალწინ ცოცხლდება სიცოცხლით სავსე გოგონას ხანმოკლე ცხოვრების ეპიზოდები. ნაწილებად დაყოფილი ფილმი იწყება სათაურით – „მოევლინა წუთისოფელს 1983 წლის 26 ივლისს, „ცისფერი მთების“ გადაღებისას. ბავშვობაში ლაღი, აქტიური და ბალერინობაზე მეოცნებე ელენე, 11 წლიდან აბსოლუტურად იცვლება და საკუთარ თავში იკეტება. სწორედ ამ დროს წერდა დღიურებს, რომელიც მშობლებმა მისი გარდაცვალების შემდეგ იპოვნეს და ფილმში გამოიყენეს. სამიოდე წლის ელენე, შენგელაიების სახლში სტუმრად მყოფ მარჩელო მასტროიანისა და რობერტ რედფორდს გაოცებული სახით უყურებს. აღფრთოვანებულია ნინო ანანიაშვილით და გადაცემა „ბასტი ბუბუში“ ამბობს, ბალერინა გამოვალ და „ჟიზელს“ ვიცეკვებო. თვითნასწავლი მოცეკვავე სახლში პაჭკებით და ბალერინის კაბით დიდი არტისტიზმით ცეკვავს. სისუსტის გამო ბალეტზე არ შეიყვანეს. დადიოდა ქართულ ცეკვებზე. მშობლები ხშირად უხდიდნენ ელენობას, 21 მაისს. გადაღებულია ნათლიის – ბუბა კიკაბიძის კონცერტზე. მერე უკვე ცნობილ რეჟისორ მამასთან – ევროპისა და ამერიკის კინოფესტივალებზე, სადაც სულ თან დაჰქონდა თოჯინები და მათ ელაპარაკებოდა.

მამა ხშირად „იღებს მისგან ინტერვიუს“. ერთ-ერთ კადრში დედა ეკითხება: – ბედნიერი ხარ? 7-8 წლის ელენე პასუხობს: „კი, მაგრამ ბოლომდე – არა.“ არ შეიძლება გამოგეპაროთ მისი სევდიანი თვალები. 16-17 წლისა უფლის საფლავზე მოხვდა. მამისთვის უთხოვია და გოლგოთას გზა ორჯერ გაუვლია. სან-ფრანცისკოდან ელენეს გამოატანეს სერთიფიკატი – საუკეთესო დახასიათებით – „A კლასის სტუდენტი ბრძანდებით და საუკეთესოდ სწავლობდით“. გერმანიაში სტუდენტობის დროს ელენე ბევრს მოგზაურობდა. ფილმში ეს კადრებიც არის. ფილმი სრულდება ნაწილით, რომელსაც ასე ჰქვია – „დადგა ქორწილების დროც“, სადაც მთავარი გმირი მეგობრების ქორწილებშია გადაღებული. ბოლო ქორწილი ელენეს ცეკვის შენელებული კადრებით მთავრდება, მერე საფლავის ქვაზე იწერება – ელენე შენგელაია, დედის ლოცვა ისმის და ცაზე ასული კადრით სრულდება…

12 წლის ელენეს დღიურები

„ჩემი აზრით, დრო მხოლოდ ციფრები და ორი ისარი არ არის. ეს არის რაღაც, რომლის უაზროდ დაკარგვა არ შეიძლება. დრო სათუთი რამაა, სათუთად მოპყრობა სჭირდება, თორემ მერე ვინანებთ. ყველა ადამიანს სიცოცხლე დანიშნული აქვს, მაგრამ ეს მან არ იცის. თიმე ის ვერყ ეხპენსივე! გავა დრო და შეიძლება ეს დღიური სასაცილოც კი იყოს. ასეთია ცხოვრება. ვინ მოიგონა საათი, ალბათ უფალმა, რომელმაც ცხოვრება ააწყო.“

გარდაცვლილ დეიდაზე

„დღეს დილიდან ცრემლები მდის თვალებიდან. ლიატო აღარ არის. მე ვიცი, ლიატო ზეცაშია. როცა გავა 10,20, 30, 40 წელი, ვეცდები ისე ვიცხოვრო, რომ შევხვდე ზეცაში.“

***

„სიყვარული ძალიან ძნელია, იცის ხშირი გათიშვები, გონების აბნევა. მე ცხოვრებაში ბევრი ბიჭი მყვარებია, ნიკუშა, ირაკლი, კარლო და უამრავი… როცა პატარა ვიყავი, პირველად ელდარს მივყვებოდი ცოლად, მერე ბუბას, მაგრამ ეს ბავშვური სისულელეები იყო.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„უცხოპლანელეტელებს მივწერე, იქნებ წამიყვანოთ-მეთქი... შიშისგან ხალხი გაიქცა“ - თემურ წიკლაურის უცნობი ისტორია

რატომ გაექცა ახალმოყვანილი ცოლი ზაზა კოლელიშვილს - 2 ქორწინება, ბოჰემური ცხოვრება და ბევრი ქალი

რომანი ბერა ივანიშვილთან, უცხოელი ქმარი და სხვა ამბები თაკო გაჩეჩლაძეზე