Digest Logo

პორნოზე შეტყუება, ქმრის გადაყვარება და ბრძოლა მძიმე სენთან - ეთერ კაკულიას უცნობი ამბები

1618896540
ეთერ კაკულია

ის თბილისში, ვერაზე დაიბადა. სტუდენტობის წლები და ახალგაზრდობა ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, 102 ნომერში გაატარა, რომელიც მოგონებებს ყველაზე სასიამოვნოდ შემორჩა, ამიტომ სიცოცხლეც 102 წლამდე სურდა. ის არასდროს არავის უნახავს უხასიათოდ და გაბრაზებული.

უყვარდა ადამიანები, ცხოვრობდა ხალისიანად და სხვის ცხოვრებაშიც დიდი პოზიტივი შეჰქონდა.

დღეს მომღერალ ეთერ კაკულიას შესახებ უცნობ ამბებს გიამბობთ, რომლის შესახებაც თავად უყვებოდა ჟურნალისტებს.

ბიოგრაფია

„ვერაზე დავიბადე. დედაჩემმა ვერ მოასწრო სამშობიაროში წასვლა და სახლში იმშობიარა. ნაპოლეონიც სახლში დაბადებულა, იცი? ეტყობა, ნიჭიერი ადამიანები სახლში იბადებიან.

მერე ფალიაშვილზე გადავედით, 102 ნომერში ვცხოვრობდით. მთელი სტუდენტობა და ახალგაზრდობა იქ გავატარე.

არაჩვეულებრივი მეზობლობა გვქონდა, ნათესავებივით ვიყავით ერთმანეთთან. თავიანთი პურმარილით გადიოდნენ და გადმოდიოდნენ. ჩვენს სახლში სულ ქეიფი და დროსტარება იყო და ფიქრობდნენ – რა იშოვა ამისთანა, ამ ირაკლი კაკულიამ, სულ პურმარილი რომ აქვსო.

მერე დოლიძეზე გადმოვედით. დედაჩემი არაჩვეულებრივი დიასახლისი იყო. შეეძლო, ას კაცზე მარტოს გაეკეთებინა პურმარილი. მე ვის დავემსგავსე ასეთი ხელჩლუნგი, არ ვიცი.

ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი მეუბნებოდა, მამიდაშენს ჰგავხარო. ერთი გაუთხოვარი ქეთო მამიდა მყავდა, რომელიც ქვეყანაზე არაფერს აკეთებდა.

მთელი დღე კითხულობდა და ეძინა. მე კიდევ, სულ გასტროლებზე ვიყავი და როდის უნდა შევსულიყავი სამზარეულოში?

მამა „გეპეის“ პროფესორი, კათედრის გამგე გახლდათ. დარეკავდა სახლში და დედას ეტყოდა: ლოლა, ბიჭები მოვდივართ და რაღაც გემრიელი მოგვიმზადეო. არ გაინტერესებს, ეს ბიჭები რამდენი წლისები იყვნენ? – ოთხმოცის.

დედაჩემსაც მოსწონდა ეს ყველაფერი. შეიძლება, იღლებოდა, მაგრამ სიამოვნებით აკეთებდა.

ჩემმა ძმამ, ალეკომ, ცეკაში, შევარდნაძესთან თექვსმეტი წელი იმუშავა. ცალკე მისი მეგობრები მოდიოდნენ, მათთვის კეთდებოდა პურმარილი და იყო ერთი ამბავი.

მახსოვს, ცეკას ძალიან კარგი სასადილო ჰქონდა. ერთხელ ჩემმა ძმამ რვა გოჭი და თხუთმეტი ქათამი მოიტანა სახლში, ისეთი სიიაფე იყო. ხშირად დავდიოდი ჩემს ძმასთან სამსახურში, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა მათ სასადილოში შესვლა. ათ მანეთად ისე გამოიკვებებოდი, რომ ფეხზე ვერ ადგებოდი“,- იხსენებდა კაკულია.

სტუდენტობა

ფალიაშვილზე ქალთა სკოლა-გიმნაზიაში ვსწავლობდი. მერე ბიჭები და გოგონები შევუერთდით და 55-ე სკოლაში გადმოვედი. ერთხელ სკოლიდან მრიცხავდნენ. შესვენება იყო. მასწავლებელი თავისთვის იჯდა, ახლოს ვედექი, რაღაცაზე ხელი ავწიე, ვიღაც მეცა, ხელში ჩამარტყა და მასწავლებელს მოხვდა თავში.

უნივერსიტეტიდანაც მრიცხავდნენ. ჩემი ძმა ჩეხური ენის მცოდნეა. სხვათა შორის, თავისით ისწავლა. თორმეტი წიგნი აქვს ნათარგმნი. ისე, პროფესიით ინჟინერია. ლექსებიც დაუწერია ჩემთვის, თხუთმეტი სიმღერა მაქვს ჩაწერილი მის ლექსებზე.

პირველი კურსის სტუდენტი ვარ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ჩემს ძმას ჩეხოსლოვაკიიდან გამოწერილი ჰქონდა ვითომ პორნოჟურნალები, მაგრამ მსგავსი არაფერი იყო იმაში – გოგონები იყვნენ ბიკინებში.

უნივერსიტეტში წავიღე, რომ მეგობრებისთვის მეჩვენებინა. ერთი სამასი კაცი ზის, დეკანი – დათიკო ფანჩულიძე ჰიუგოს გვიხსნის, მაგრამ არავის აინტერესებს ეს შენი ჰიუგო.

ოცი გოგო ვსხედვართ და თავი ამ ჟურნალებში გვაქვს ჩარგული. ნელ-ნელა მოგვიახლოვდა და მკაცრი ტონით გვეკითხება:

რას უყურებთ, ვისია ეს ჟურნალებიო? – ჩემი-მეთქი. განრისხებული ხმით მეუბნება: ახლავე გადი აუდიტორიიდან, ხვალ მშობლები მოიყვანე, გარიცხული ხარო.

ახლა, არ გინდა, მშობლებს ეს უთხრა? დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო. არადა, ყველა უნივერსიტეტელი მასწავლებელი მამაჩემის მეგობარი იყო, ჩვენს სახლში ნაქეიფრები დედაჩემსაც კარგად რომ იცნობდნენ.

მეორე დღეს გოგონები უნივერსიტეტის ბაღში ვდგავართ და ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ, ვინ მივუყვანოთ დეკანს. უცებ ვხედავთ, ვიღაც ქალი ბაღში ბავშვს ასეირნებს.

დედაჩემი თეთრი, ლამაზი, პუტკუნა, 102 კილოგრამი ქალი იყო და ეს, ინდოეთიდან ჩამოსულს ჰგავდა, საშინელი გამხდარი, შავი, ასე, ოთხმოცი სანტიმეტრი სიმაღლის.

მივედით და გოგონები ეუბნებიან: იცით, ქალბატონო, აი, ჩვენს მეგობარს, ეთერს რიცხავენ და გვიშველეთ, ვითომ დედამისი ხართო. რაო? როგორ თუ გრიცხავენ, აბა, წამომყევითო. ეს ბავშვი ვიღაცას დაუტოვა, თვითონ წინ მიდის და ოცი გოგო უკან მივყვებით.

მივედით დათიკო ფანჩულიძის კაბინეტთან. კარი შევაღე და შეშინებული ხმით ვეუბნები: – იცით, თქვენ რომ მთხოვეთ, დედა მოვიდესო, მოვიდა-მეთქი. შემოვიდესო. დათიკომ ეს ქალი რომ დაინახა, ფეხზე წამოდგა და ჰკითხა: უი, ავად ხართ, ქალბატონო ლოლა, რა დაგემართათო და გაოცებული დავარდა სკამზე. ეს ქალიც გაოცდა, ნეტავ, რატომ მკითხაო და უპასუხა: ჰო, რა ვიცი, ცოტას ვავადმყოფობო.

ქალბატონო ლოლა, – დაიწყო დეკანმა ახსნა. აი, მე ლექცია მაქვს, ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედებას ვხსნი და ნახეთ, ამ დროს თქვენი ქალიშვილი რითი ერთობაო.

უცებ ამ ქალმა დაიწყო: აჰა, დღე და ღამე რომ ტვინს მიჭამ, დედა ფული მომეცი, დედა, ფული მომეცი, იმიტომ გინდოდა ფული, რომ ეს ჟურნალები გეყიდაო. აიღო და სახეში ისე მაგრა მთხლიშა, რომ ვიღაც ქალი იჯდა იქ და კალთაში ჩავუჯექი“,- იხსნებდა კაკულია.

მეუღლე

მეუღლე რევაზ ვაჩიბერიძე იყო. წყვილს ერთი შვილი შეეძინა. კაკულიამ ვაჟს საყვარელი უფროსი ძმის სახელი, ალეკო დაარქვა.

პირველი სწორედ რევაზმა დატოვა წუთისოფელი...

„ძალიან კარგი კაცი იყო. ჩვენ ერთად აღარ ვცხოვრობდით, მე ვეღარ გავძელი მასთან. გასტროლებზე რომ ვეღარ მივდიოდი, ამან კინაღამ გამაგიჟა. ჯერ ერთი, რომელი ქმარი გაგიშვებს ორი-სამი თვით გასტროლებზე. სხვათა შორის, არაჩვეულებრივად აკეთებდა საჭმელებს. დამიძახებდა, ეთერ, ჩემო საყვარელო, მზად არის, მოდიო. რომ გავშორდი, საწყალი, ტიროდა.

მეორე დღეს ბამზე, ციმბირში გავფრინდი, და ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხაროდა, რომ თავისუფალი ვიყავი. იყო ისეთი მომენტი, როცა შეიძლებოდა, ისევ ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ მე აღარ მოვინდომე, გადამიყვარდა.

ხომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ აღარ მიყვარს. აღარც მიცდია გათხოვება. მთლიანად ჩემი შვილის გაზრდაზე ვიყავი გადართული.

აზერბაიჯანში ვიყავით რამდენიმე კაცი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, კონცერტი უნდა ჩაგვეტარებინა.

ძალიან კარგი ბანკეტი გაგვიმართეს. აზერბაიჯანელი იყო თამადა, დიდი ულვაშები ჰქონდა. ეტყობა, ძალიან კარგად განეწყო ჩემ მიმართ, ეთერ ხანუმს მეძახდა. ოთხი კაცი გამოაგზავნა, მეოთხე ცოლად არ წამომყვებაო?“- იხსენებდა მომღერალი.

კულინარია და შოპინგი

სამზარეულოსგან შორს ვარ. მაგრამ, მე მყავს ჩემი მეგობარი, ჩემი ანა, რომელიც არაჩვეულებრივ კერძებს მიმზადებს, თანაც, უჩემოდ არაფერი კეთდება.

აუცილებლად უნდა ჩავერიო ყველაფერში. უნდა შევხედო. მაღაზიებში სიარულზე ვგიჟდები. არ მეზარება ბევრი ტანსაცმლის მოზომება: მიხდება-არმიხდება, ჩავიცვამ, გავიხდი, ძალიან კარგად ვგრძნობ ამ დროს თავს.

მიყვარს კოსმეტიკა. ერთ წუთს ვერ გავძლებ მაკიაჟის გარეშე. სუნამოებში ვხარჯავ ფულს და ბევრიც მეხარჯება, მაგრამ გჭირდება და, რას იზამ?

უნდა იყიდო, რომ კარგად გამოიყურებოდე. იყო ქალი – ძვირად ღირებული სიამოვნებაა. იმაზე ძვირად ღირებული, ვიდრე კაცად ყოფნაა. თუმცა, მამაკაციც უნდა უვლიდეს თავს – სუნამო მასაც სჭირდება.

ფულის ფლანგვის დიდოსტატი ვარ. ფული მიყვარს და ფულის დათვლა არ ვიცი, ვერ ვისწავლე“,- ამბობდა ეთერ კაკულია.

პორნოფილმზე შეტყუება

„პარიზი საოცარი ქალაქია, მაგრამ ყველაზე მეტად იქ სხვა რამემ გამაოცა. მე და „ცისფერ ტრიოს“ კონცერტები გვქონდა, ბიჭებმა თქვეს „ჭრიჭინა“ გადის და მოდი, ვნახოთო.

გავგიჟდი, გული ამიჩუყდა, „ჭრიჭინას“ საფრანგეთში რა უნდა-მეთქი? მოკლედ, სიხარულით შევდივარ დარბაზში. ბნელა, ფილმი უკვე დაწყებულია.

მე წინ მივდივარ, ისინი უკან მოდიან. ადგილს ვეძებ, რომ დავსხდეთ. უცებ ეკრანს ავხედე და გავშტერდი. მომატყუეს და პორნოფილმზე შემიყვანეს, ქალს ფეხები აქვს აპარჭყული და შიშველი კაცი დგას.

სად გავქცეულიყავი, აღარ ვიცოდი. სკამს ფეხი წამოვკარი, შუა დარბაზში გავითხლაშე, მაყენებენ და თან ვერც მაყენებენ. ფეხი ვიტკინე, ესენი სიცილით იხოცებიან. ვერ ვიტან ასეთ ფილმებს, რაში მაინტერესებს სხვისი კოცნა და ხვევნა?

ავარია

„სულ ადრე, მყავდა „ჟიგული“ მაგარი მანქანა რომ იყო, მაშინ. წარმოდგენა არ მაქვს, ტარება როგორ ვისწავლე.

ერთხელ მასწავლებელმა გამიშვა, წავედი და გაჩერებულ ტროლეიბუსს დავარტყი. მერე მაინც დავდიოდი. მაგრამ ახლა არაფრის დიდებით არ დავჯდები საჭესთან, ისეთი მოძრაობაა“,- ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი.

მძიმე სენი

მომღერალს მძიმე სენი შეეყარა, თუმცა სიცოცხლეს არ თმობდა. მას ხომ 102 წელი უნდა ეცოცხლა.

„102 წელი მინდოდა მეცოცხლა, მაგრამ არ გამომდის ვატყობ და ჩემი ვარსკვლავის გახსნაზე მინდა, იცით რატომ? იმიტომ, რომ მომენატრა ჩემი ხალხის მოფერება, რამდენი თვეა აღარც კონცერტზე გამოვსულვარ, ვეღარც ვერსად მივდივარ და მინდა, რომ ერთი დიდი ლამაზი კონცერტით მოვეფერო ჩემ ქართველ ხალხს.

არადა ოქიტაშვილი, რომ მეუბნებოდა ადრე - ვარსკვლავი უნდა გაგიხსნათო, გაჩერდი ერთი თუკაცი ხარ - ვისაც გაუხსენი ყველა გარდაიცვალა-თქო და არმინდათქო, მაგრამ - უარზე აღარ ვარ...

ექიმები მაიმედებენ, რომ მესამე ქიმიის გაკეთების შემდეგ, შემეტყობა უკეთესობა, მერე ალბათ კიდევ მომიწევს ისრაელში წასვლა, რომ აქამდე რაც გამიკეთეს, იმის შედეგები ნახონ და რავიცი რა გითხრათ აბა? იცით როგორ მინდა სიცოცხლეე?

იცით როგორ მინდა კიდე დიდიხანი ვეფერო ჩემ ხალხს? კონცერტები მომენატრა...

გარდაცვალება

ეთერ კაკულია 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართული ესტრადის მომღერალს საქართველოს დამსახურებულს არტისტს მძიმე სენმა აჯობა და მისი გული სამუდამოდ გააჩერა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

2 ქორწინება, 4 შვილი და ფსიქოლოგიური სტრესი - ლევან ჯავახიშვილის პირადი

მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები

შვილი თირკმლის უკმარისობით გარდამეცვალა – მასტერშეფ კობიაშვილის უცნობი ამბები