გიორგი შენგელაია - ამ სახელსა და გვარს ძალიან ბევრი უკვდავი ქართული ფილმი და როლი უკავშირდება. გიორგი შენგელაიას ცხოვრება და შემოქმედება საინტერესო დეტალებით იყო სავსე. მას წილად ხვდა აღიარება, წარმატების მწვერვალზე ყოფნა და პარალელურად დიდი გულის ტკივილი პირად ცხოვრებაში.
მართალია თავის ცოლს ღალატი არ აპატია და იმ წამსვე შეიძულა, რაც კოტესა და სოფიკოს ურთიერთობაზე გაიგო, თუმცა სხვა ცოლი აღარ შეურთავს. შემოქმედებით საქმიანობას კი სიკვდილამდე განაგრძობდა.
დღეს მოგიყვებით აქამდე უცნობ ამბეს რეჟისორ გიორგი შენგელაიაზე.
„ეს ტრაგედია მთელი სიცოცხლე გამყვა“
„ოთხ წლამდე მოგონებების რაღაც ფრაგმენტები მიტივტივებს გონებაში. მახსოვს, მამა მოვიდოდა, ნანადირევს მოიტანდა და დაყრიდა. მერე ჩვენ გვავალებდა მეზობლებისთვის მოკითხვას. თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით. მე და ჩემი ძმა დავდიოდით სართულ-სართულ და მეზობლებს ვურიგებდით ნანადირევს. ასეთი წესით ცხოვრობდნენ, უფრო გასცემდნენ, ვიდრე მოიხვეჭდნენ. სულ სხვა ხალხი იყო მაშინ.
მაგონდება დედაჩემის გაუბედურებული სახე. მამა ვაჟკაცი იყო, მომლხენი, მონადირე. ვიდრე რეჟისორი გახდებოდა, ლექსებს წერდა. მასთან მეგობრობდნენ გოგლა ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი... ჩვენთან იკრიბებოდნენ, ილხენდნენ, მსჯელობდნენ... ერთ დღეს კი დაიცალა ჩვენი სახლი.
მერე დედამ შეცვალა ყველაფერი. მან გადაგვატანინა ეს უბედურება, თორემ დეპრესიული ბავშვობა მქონდა.
ომის დრო იყო. ფილმებს არ იღებდნენ და ნატო ვაჩნაძისთვისაც კი ლუკმაპური საფიქრალი გახდა. დედა დადიოდა რაიონებში ვასო გოძიაშვილთან, თამარ ჭავჭავაძესთან, კირა ანდრონიკაშვილთან (დედაჩემის და), მწერლებთან ერთად... კონცერტებს მართავდნენ, რომ ცოტა რამ ეშოვათ.
თხუთმეტი წლის ვიყავი, დედა რომ დაიღუპა... ცხადია, ძნელია საქვეყნოდ ვილაპარაკო, როგორ განვიცადე ეს...
ადამიანი ასეა მოწყობილი, რაც უნდა გადახდეს, ეჩვევა. მამა რომ ცოცხალი იყო, სხვა ცხოვრება იყო ჩვენთან, დედა რომ დარჩა - სხვა... დედაჩემის მერე - სხვა...
დედის გარდაცვალების შემდეგ მე და ელდარმა გადავწყვიტეთ, მამის გზა გაგვეგრძელებინა. მოსკოვში ძალიან გვიჭირდა მარტო სტიპენდიით თავის რჩენა. საქართველოში ერთი ბიძაღა გვყავდა - სანდრო, ინჟინერი იყო და დიდი ოჯახი ჰყავდა შესანახი, ჩვენ რას დაგვეხმარებოდა... ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე ფილმებში არ ვითამაშე და შემოსავალი არ გამიჩნდა...
რეზო ჩხეიძემ „ჩვენ ეზოში“ სოფიკო ჭიაურელი მიიწვია - მაშინ მოსკოვის კინოინსტიტუტში, სამსახიობოზე სწავლობდა. ეძებდნენ დათოს როლის შემსრულებელს... სოფიკო, მოგეხსენებათ, როგორი თამამი და ახტაჯანა იყო. უთხრა: - რატომ კარგავ დროს, მე მოგიყვან ბიჭის როლის შემსრულებელსო. მე და სოფიკოს უკვე გვიყვარდა ერთმანეთი, ფილმის მერე ხელიც მოვაწერეთ...
„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ რომ დაიწყო მიხეილ ჭიაურელმა, უკვე მათი ოჯახის წევრი ვიყავი. გვითხრა, ამ ფილმში თქვენ უნდა ითამაშოთო.
ვიდრე მხატვრული ფილმების დადგმას მოვკიდებდი ხელს, დოკუმენტურს მივადექი. ჩემი პირველი სურათი ფიროსმანზე იყო. ინსტიტუტს რომ ვამთავრებდი, გადავიღე "ქართული ხელნაწერები". უნიკალური სურათია იმ მხრივ, რომ იმ ხელნაწერების გადაღება განათებით არ შეიძლება. ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ ელო მეტრეველს მოველაპარაკეთ, ავიტანეთ კომბინირებული გადაღების უშველებელი კამერა, რომელსაც შეუძლია თითო კადრი გადაიღოს და განათება არ სჭირდება...
საბჭოთა დროს არავინ ფიქრობდა ფილმის გაყიდვა-გაქირავებაზე. ამ პრობლემას სახელმწიფო აგვარებდა, თუმცა იყო ცენზურა - მოითხოვდნენ, ძირითადად, მუშებსა და გლეხებზე გადაგვეღო სურათები. მაგრამ სტალინის დროინდელი მარწუხები უკვე მოსუსტებული იყო. გავაძვრინეთ რაღაცნაირად მე და ოთარ იოსელიანმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მე - „ალავერდობა“, ოთარმა - „აპრილი“. ეს ორი სურათი ალმანახად გამოვიდა დიდ ეკრანზე. მან განსაზღვრა ჩემი რეჟისორული გზა...
ფული არასოდეს მქონია... არც მიფიქრია, რომ მქონოდა. ფასობდა ის, რომ რეჟისორი ვიყავი და ამითაც ვკმაყოფილდებოდი. ბინა მქონდა და საჭმლის ფული, ვსაუბრობდით ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე.
გენეტიკური მეხსიერებაც არსებობს... მაგრამ ჩემი შვილები იძულებული არიან, მიესადაგონ დღევანდელ კულტურას...
შვილების გამო ჩარევა მჭირდებოდა ხოლმე უბნის ამბებში... უმცროსი გიორგი ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს პოლიტოლოგიას... ბევრს მეცადინეობს. რომ დაამთავრებს, მაინც რეჟისორობა უნდა. არ ვუშლი, ვნახოთ, რა იქნება.
კახეთში ვენახი მაქვს. ღვინო გამოვუშვი, „ნატო ვაჩნაძე“ ჰქვია. მაგრამ არ იყიდება... ადრე კვირაში ერთხელ დავდიოდი ვენახში. ახლანდელი ბენზინის ფასის გამო სად უნდა იარო?! ამიტომ ხალხი მყავს დაქირავებული და ისინი უვლიან. მეც ვიცი ვენახის მოვლა. საპატიო ადგილი მაქვს საქართველოს მეღვინეობის პროფესორებს შორის. მათი კონსულტაციებით დავიწყე სწავლა. ახლა თვითონვე მეუბნებიან, რომ ვაზის ერთ-ერთი მაგარი სპეციალისტი ვარ. როგორი ვენახი გავაშენე, არ მკითხავთ? ძველი ჯიშების გადარჩენაზეც ვმუშაობ...
ყველაფერი გლეხებისგან მაქვს ნასწავლი. ისიც, რასაც მერე ფილმებში ვიყენებ. კახეთში რომ ჩემს ვენახს უვლიან, იმათ ბრიგადირს თაფლა ჰქვია. თაფლივით კაცია. მასთან ყოფნას რა სჯობია!
ჩემი ბოლო ფილმი, „მიდიოდა მატარებელი“, როგორც სატირა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
რომ იტყვიან, „ცხოვრება ვირის კუდივით მოკლეა“... ვნანობ, რომ მცირდება ჩემი მეგობრების წრე. ჯერ ახალგაზრდობაში გამომეცალა ლადო ქოქიაშვილი, მერე გურამ რჩეულიშვილი. ახლაც ბევრი წავიდა, ბევრი ავადმყოფობს. არ მუშაობენ, როცა კაცი არ მუშაობს, ძალიან უჭირს ფსიქოლოგიურად. რა მოკლე ყოფილა წუთისოფელი... ორმოცი წლის რომ ხარ, ამაზე არ ფიქრობ, ბევრი რამ წინ გეგულება. ახლა მოიხედავ და აღარ არიან შენი თანატოლებიც კი, მშობლების თაობა ხომ აღარ არის და აღარ...
რას შევცვლიდი, რომ შემეძლოს წარსულში? რა გითხრათ... ჩემი მშობლების სიცოცხლის ხანგრძლივობას შევცვლიდი. მინდა ახლაც ცოცხლები მყავდნენ - დედაც და მამაც...
და კიდევ... სოციალიზმი დროებითი მოვლენა გვეგონა, ვებრძოდით მას და ვფიქრობდით, რომ აღდგებოდა ძველი კულტურა... ამას გადაეფარა აღებ-მიცემობა, ფული... ახლა, თუ ფული არ აქვს კაცს, არავინ არაფრად აგდებს. წინათ ინტელექტი ფასობდა. ახლა უბედურებაა... გლობალიზაციააო და ყველაფერი ცენტრებში იყრის თავს... ჩვენ პერიფერიაში ვართ. რომ ვთქვათ, ჩვენი მეცნიერება გვექნებაო, ვის უნდა? არავის! დროა ეგეთი... ბერდიაევი ამბობდა, ცივილიზაცია გამორიცხავს კულტურასო.
ასე ყოფილა... ახლა კულტურა უკვე გამოირიცხა და ჩვენთვის ცივილიზაციაც არ ჩანს. ჩვენი შემეცნების წყარო წიგნი იყო, ახლანდელ თაობას წიგნი არ სჭირდება. ეს მაგიჟებს... ეს დამღუპველია. სხვა რა უნდა მქონდეს სათქმელი?..
გიორგი შენგელაი სოფიკო ჭიაურელზე სიკვდილამდე გაბრაზებული იყო
რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში სოფიკო ჭიაურელზე ისაუბრა.
ცნობისთვის, სოფიკო ჭიაურელი ორჯერ იყო გათხოვილი. ერთხელ გიორგი შენგელაიას, მეორედ კი კოტე მახარაძეს გაჰყა ცოლად. გთავაზობთ ნაწყვეტს გიორგი შენგელაიას ინტერვიუდან.
– „ჩვენი ეზო“ მომავალ მეუღლესთან, სოფიკო ჭიაურელთან ერთად ითამაშეთ…
– კახელს ცოლი რომ მოუკვდა და დაასაფლავა, იცით, რა თქვა? ესეც ესეო! გაიგეთ? სოფიკოს მიმართ დღემდე ასეთი დამოკიდებულება მაქვს. იცით, როგორც მოიქცა, ის ჩემთვის არ არსებობს, მე კაცი ვარ!
– სოფიკოს დედა – ვერიკო ანჯაფარიძე ბავშვობიდან გიცნობდათ…
– ვერიკოს ვუყვარდი, მისი სიძე ვიყავი…
– სოფიკოსაც უყვარდით…
– კი, გვიყვარდა ერთმანეთი. მერე საშინელება დაემართა. გეტყვით, რაც მოუვიდა. ჭიაურელები არისტოკრატები კი არა, პლებეები არიან. როდესაც შევარდნაძემ სოფიკო საკავშირო პარლამენტის წევრად შეარჩია, იმის მერე ყველას ზემოდან გვიყურებდა. სამარცხვინო მამაკაცებმა თეატრში ლაქუცი დაუწყეს. სოფიკოს ეს ნაკლი ჰქონდა, პატივმოყვარე იყო, თავში რაღაც აუვარდა და ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო… უფროსი შვილი წამოვიყვანე, უმცროსი მასთან დავტოვე (ის დედასთან უნდა ყოფილიყო).
– როცა გარდაიცვალა, იტირეთ?
– არა, ემოცია არ მქონია, არც მივსულვარ. როგორც კაცს, მან შეურაცხყოფა მომაყენა. ასეთი კახელი ვარ, არც მის საფლავზე მივსულვარ. რაც გააკეთა, მისთვისვე იყო ცუდი, ხალხმა არ აპატია, ყველამ იცოდა რა მექალთანეც იყო მახარაძე.
რატომ არ მოიყვანა მეორე ცოლი გიორგი შენგელაიამ?
„მეუბნებოდნენ, მეხვეწებოდნენ ჩემი მეგობრები, მოიყვანე ცოლიო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა ჩემი პასუხი სოფიკოს ნამოქმედარზე. მე სულ ვამბობდი, ჯერ არ ვაპირებ ცოლის მოყვანას, მაგათ დავმარხავ-მეთქი. მართლა ასე მოხდა. ძალიან მალე მოკვდნენ ორივენი. მერე ვიფიქრე ცოლის მოყვანა, მაგრამ ვერ მოვიყვანე. ასაკიანი ქალის მოყვანა არ მინდოდა, უფრო ახალგაზრდებში კულტურული ქალი ვერ ვიპოვე, სად არიან ისეთი ქალები, ჩემს თაობაში რომ იყვნენ სოფიკო და კიდევ ვიღაცები. გოგოები ქაჯებივით გახდნენ, დახეული შარვლებით დადიან, რაღაც უბედურებები აცვიათ. მე არ მინდა მოხუცი ქალის მოყვანა, მე მოსავლელი არაფერი მჭირს, საღად ვარ, თვითონ ვაკეთებ ყველაფერს, ძალიან კარგი მოსამსახურე მყავს“ - ამბობდა შენგელაია .
ია ფარულავა - კინოკრიტიკოსი არ ვარ, გიორგი შენგელაიას ფილმები რომ განვიხილო, მაგრამ იგი ნამდვილად იყო ჩვენი ეპოქის უდიდესი, მსოფლიო მასშტაბის რეჟისორი! „ფიროსმანი“ და „ალავერდობა“ ნამდვილი შედევრებია! ასევე ჩვენი უსაყვარლესი მიუზიკლები...
„ბატონ გიორგი შენგელაიას 1997 წელს შევხვდი... მაშინ ამერიკაში ვცხოვრობდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ გიორგი შენგელაია იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმს „სიყვარული ვენახში“, რომელიც გერმანული პროდუქცია იქნებოდა და საქართველოსთვის არ იყო განკუთვნილი. ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოვედი, შევხვდი გიორგი შენგელაიას, რომელმაც როლზე მაშინვე დამამტკიცა. ფილმის გადაღებები გურჯაანში მიმდინარეობდა და ბატონ გიორგისთან მუშაობის პროცესი მეტად სასიამოვნო იყო.
ძალიან მგრძნობიარე იყო მსახიობების მიმართ და გამორჩეულად ყურადღებიანად გვეპყრობოდა. წინასწარ აგვიხსნა, რომ ფილმში შეიძლებოდა ეროტიკული სცენები ყოფილიყო... ფილმის გადაღებები რომ დასრულდა, ამერიკაში სრულიად დარწმუნებული დავბრუნდი, რომ საქართველოს ეკრანებზე ფილმი არ გადაიცემოდა. ასეთი იყო მოლაპარაკება... შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ეს არაფერი!
ყველაზე სასიამოვნო ჩვენთვის ის იყო, რომ ფილმის გადაღებისას გურჯაანში ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის გვერდით არაჩვეულებრივ ოჯახში ვცხოვრობდით.
ბატონ გიორგის თან ახლდა შვილი – ნიკუშა შენგელაია, თავისი სტუდენტები, კარგ დროს ვატარებდით და ძალიან ტკბილად მახსენდება ის პერიოდი.
გადაღებების შემდეგ გიორგი შენგელაიას ბევრჯერ შევხვდი, დავსხდებოდით და უამრავ საინტერესო ისტორიას ყვებოდა თავისი ცხოვრებიდან, შემოქმედებიდან... ყოველმხრივ ძალიან საინტერესო და უგანათლებულესი ადამიანი იყო!
გიორგი შენგელაიამ რომ „ფიროსმანი“ გადაიღო, მიხეილ ჭიაურელს უთქვამს, შენ უკვე იმხელა შედევრი შექმენი, ამაზე დიდი რამის შექმნა შეუძლებელიაო... თუმცა შემოქმედს სულ აქვს განწყობა, ფილმებს ქმნიდეს და სამწუხაროა, რომ „ფიროსმანის“ და „ალავერდობის“ შემდეგ არ მიეცა საშუალება რამე შედევრალური შეექმნა, თუმცა მისი სხვა ფილმებიც ხალხისთვის ძალიან საყვარელი და სახალისოა! - ამბობდა ია ფარულავა გიორგი შენგელაიაზე საუბრისას.
რეჟისორის დაპირიპირება ბიძინა ივანიშვილთან
კინორეჟისორი გიორგი შენგელაია სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდა.
გიორგი შენგელაიამ ტელეკომპანია იბერიის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ბიძინა ივანიშვილი გააკრიტკიკა და განაცხადა, რომ მას „უმეცრებამ სძლია, ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, გაიგეთ!“. მოგვიანებით შენგელაიამ განაცხადა რომ „ქართუ ფონდი“ ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო დაფინანსების შეწყვეტას აპირებს.
„მარტო იმიტომ, რომ მე ვთქვი ბიძინა ივანიშვილზე, რომ უწიგნური კაცია. გაბრაზდა და უთხრა თავის ხელქვეითებს, მიდით ახლა, გაუჩერეთ მაგას ფული, მშიერი მოკალითო“, – ამბობდა შენგელაია.
მოგვიანებით შენგელაიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას შეურიგდა.
„ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან გონიერი აზროვნება. ხანდახან მასთან ვკონფლიქტობ, მაგრამ მერე ვრიგდებით. გავაკრიტიკე, რომ ძალიან ცოტას კითხულობს. მან დაურეკა ჩემს შვილს ნიკუშას, ვისთანაც პირადად მეგობრობს და უთხრა, რომ მამაშენმა ყველაფერი სწორი თქვაო, ვეთანხმები აბა რაო“, - აცხადებს გიორგი შენგელაიამ
გიორგი შენგელაიას გარდაცვალება
მსახიობი და რეჟისორი 2020 წლის 17 თებერვალს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ის უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
რატომ უნდოდა მაკა მახარაძეს მტკვარში თავის დახრჩობა და რატომ დაშორდა ქმარს - ცოტა რამ მის ოჯახზე
რატომ გაექცა ახალმოყვანილი ცოლი ზაზა კოლელიშვილს - 2 ქორწინება, ბოჰემური ცხოვრება და ბევრი ქალი