კინემატოგრაფისტთა ცნობილი ოჯახის ბაბლუანების ფესვები სვანეთიდან მოდის. ბაბლუანები ლენტეხის რაიონ სოფელ ჩოლურში ცხოვრობენ. სწორედ, ამ სოფელში დაიბადა ცნობილი თემურ ბაბლუანი, ფილმ „უძინართა მზეს“ შემოქმედი და სულისჩამდგმელი.
თემურ ბაბლუანი სულ რაღაც 17 წლის იყო, როცა თემურ ჩხეიძემ „ღიმილის ბიჭებში“ გადაიღო. მომავალი რეჟისორი კინოთი დაინტერესდა და 1979 წელს თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო) დაამთავრა.
როგორც მსახიობმა, მან მალხაზის („ღიმილის ბიჭები“), არწივის მომთვინიერებლის („მშობლიურო ჩემო მიწავ“) და მურტალოს (სატელევიზიო სპექტაკლი „კუკარაჩა“) როლები შეასრულა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ თემურ ბაბლუანმა კადრს მიღმა გადაინაცვლა. მისი სარეჟისორო ბიოგრაფია კი გაცილებით დიდია, რომელსაც წელს სამწერლო გამოცდილებაც მიემატა.
ბაბლუანმა თავისივე სცენარით გადაიღო მხატვრული ფილმები „მოტაცება“, „ბეღურების გადაფრენა“, „ძმა“და „უძინართა მზე“. ის იყო ფილმების პროდიუსერი და რამდენიმე დოკუმენტური ფილმის რეჟისორიც.
მისმა ფილმებმა არაერთი პრიზი მოიპოვა. რეჟისორი უკვე წლებია, პარიზში, შვილებთან ერთად ცხოვრობს.
რამდენიმე წლის წინ მან სათავგადასავლო რომანი „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშკა მელოდება)“ დაწერა. მკითხველმა მისი სადებიუტო რომანი დადებითად შეაფასა. ის ბესტსელერი გახდა.
რაც შეეხება თემურ ბაბლუანის პირად ცხოვრებას, რეჟისორმა მომავალი მეუღლე თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნო.თემურის მეუღლე, ლია ბაბლუანი ახლა მრავალრიცხოვანი ოჯახის წინამძღოლია, თუმცა იყო დრო, როცა მსახიობობდა კიდეც.
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ „უძინართა მზეში“ დედის როლს, სწორედ ლია ასრულებს.
რეჟისორსა და მსახიობს ოთხი შვილი ჰყავთ: გელა, გიორგი, ოლგა და სოფია.
გელა ბაბლუანი მამის გზას გაჰყვა, რომელიც უკვე ცნობილი კინორეჟისორია. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „13“ იყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. გადაიღეს ფილმის ამერიკული ვერსიაც, სადაც ჯეისონ სტეტჰემი და მიკი რურკი თამაშობენ.
ძმასთან ერთად რეჟისორობა არჩია სოფიამაც, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის კინოცენტრში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წევრია. ის მუსიკის დიდი მოყვარულია, ზოგჯერ მღერის კიდეც. სწორედ მისი სიმღერით იწყება გელას ფილმი „ფული“.
გიორგი ბაბლუანმა და-ძმისგან განსხვავებით მსახიობობა გადაწყვიტა. მისი პირველი ფილმი საკუთარი ძმის „13“ იყო, სადაც მთავრ როლს ასრულებს. მას შემდეგ იყო „მემკვიდრეობა“, „ფული“, „მარუსია“, „დამნაშავეთა არმია“ და მარიამ ხაჭვანის „დედე“.
თუ თბილისში ფეხით ხშირად დადიხართ, აუცილებლად შეამჩნევთ მოპედით მოსიარულე ახალგაზრდა ოლიკო ბაბლუანს, ის საქართველოში მამის შემდეგ ყველაზე ცნობილი ბაბლუანია.
ოლგა მსახიობია, თამაშობდა ფილმებში „13“, „მემკვიდრეობა“, ძმასთან და მამასთან ერთად მუშაობდა სხვადასხვა ფილმზე. ამჟამად მისი საქმიანობა მედიასთან და საქართველოსთანაა დაკავშირებული.
მისი პირველი გადაცემა „მშვიდობით იარაღო“ იყო, რომელიც რამდენიმე წელიწადში გადაცემამ „რა დროს ძილია?!“ ჩაანაცვლა.
როგორც ამბობენ, ოლგა ფრანგული კინოსა და ლიტერატურის წარმომადგენლებს საკმაოდ ახლოს იცნობს. მისი გადაცემის სტუმრები ყოფილან: ვენსან კასელი, პიერ რიშარი თუ ფრედერიკ ბრეგბედერი.
ოლგას ორი გოგონა ჰყავს, ლიანა და ნასტასია. მისი შვილები საფრანგეთში ცხოვრობენ, თუმცა დედას ხშირად სტუმრობენ და მასთან ერთად საქართველოში მოგზაურობენ.
„ჩემი ცხოვრება 3 ეტაპად რომ დავყო, პირველი ცხადია, ბავშვობა იქნება, დაახლოებით 15 წლამდე - მშობლებთან ერთად ცხოვრების ბედნიერი დღეები... შემდეგ იყო აფზახეთის ომი.
ბევრი რამ შეიცვალა მაშინ - ჩემშიც და ქვეყანაშიც. ამ ომმა ჯერ კიდევ უდარდელი ბავშვები რთულ რეალობას შეგვაჯახა.
მესამე ეტაპი ჩემი პირველი შვილის დაბადებიდან იწყება. მერე პარიზში წავედი... ეს ეტაპი დღემდე გრძელდება და იმედია, დიდხანს არ დასრულდება.
ჩემი ცხოვრების რიტმი აქტიურია. ნახევარი თვე თბილისში ვარ, ნახევარი - პარიზში... შვილებზე ემოციურად და ფსიქოლოგიურად მიბმული დედა არა ვარ, მაგრამ სიყვარულით, პასუხისმგებლობით, ურთიერთგაგებით მათ დროში ვცხოვრობ. ორ კვირაზე მეტხანს ვერ ვძლებ მათ გარეშე. უფროსი შვილი - ლიკუნა ბაბლუანი 20 წლის გახლავთ, უმცროსი - ნასტასია ლეგრანი უკვე 11 წლისაა. ორივე საფრანგეთში ცხოვრობს და სწავლობს...
ოლგა ბაბლუანი საქართველოზე
„დიდი ძალადობაა ქვეყანაში! - ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მორალური. საქართველოში ძალადობა ცხოვრების წესია, რასაც მოსდევს სუიციდის ხშირი შემთხვევები. ემოციური ერი ვართ და ურთიერთობებში ხშირად მანიპულაციები იჩენს თავს. რა თქმა უნდა, ეს ოჯახურ ძალადობაშიც გადადის. ქალებზე ძალადობის ფაქტები მომრავლდა.
საქართველოში ქალებს სჭირდებათ განვითარება, რათა საკუთარი თავი დაიმკვიდრონ, ემანსიპირება მოახდინონ და შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს - ჯერ დამოუკიდებლად უნდა ისწავლო ცხოვრება და შემდეგ შენი ცხოვრება დაუკავშირო სხვას. საქართველოში დროც არეულია და თაობაც... სხვადასხვა ისტორიული წარსულის ადამიანი ცხოვრობს ერთად, მათი მენტალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია... ამასთან, ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია. როდესაც ეკონომიკური პრობლემის გამო თვითგადარჩენის ფორმატში ცხოვრობ, ეს ფსიქიკას ძალიან ანგრევს. თვითგადარჩენის პროცესში ჩართულები, მანქანებად იქცნენ და აღარ აქვთ სიამოვნებისთვის სულიერი განვითარების რესურსი...
ქართველებს ერთი ცუდი რამ ახასიათებთ - როგორც პიროვნებები, დაბალი წარმოდგენის არიან საკუთარ თავზე და ამას ნიღბავენ ეპითეტებით: „ამხელა კაცი“, „ამხელა კაცი მოიყვანა“, „ამხელა კაცმა გააკეთა“, „ამხელა კაცმა თქვა...“ სულ მაინტერესებდა - რამხელამ?! ეს ნიშნავს, რომ ძალიან პატარაა ის, ვინც ამას ამბობს. არ არსებობს ზომა-წონა, არსებობენ თანასწორი ადამიანები. ყველა ქვეყანაში ადამიანი ადამიანია. ისევე სტკივა, იცინის, აწუხებს, როგორც ყველას. საქართველოში არავისზე ნაკლები ხალხი არ ცხოვრობს, უბრალოდ, განგებამ ისტორიული განვითარებისთვის სხვაზე ნაკლები შანსი მოგვცა. ჩვენ შორის არსებობს მხოლოდ განვითარების არათანაფარდობა“, - ამბობს ოლგა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამბობენ, საფრანგეთში გატარებული წლების მიუხედავად, ბაბლუანები სულით მაინც სვანები არიან - საკუთარ სამშობლოზე და მთებზე შეყვარებული კინემატოგრაფისტები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
30 წლით უმცროსი ცოლი და რეკორდულად მაღალი ხელფასი - ამბები დავით საგანელიძის შესახებ
4 შვილი, ერთი ნახვით შეყვარება და ქორწილი გაცნობიდან 5 თვეში - ცოტა რამ ირაკლი ოქრუაშვილის პირადზე