დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ ეკრანებზე „მაგდანას ლურჯა“ რომ გამოჩნდა, იქ რომ კატო იყო, ხომ გახსოვთ? ეს ბავშვი ახლა უკვე ზრდასრული ჩამოყალიბებული და წარმატებული მსახიობი ნანი ჩიქვინიძეა.
ამბობს, რომ მთელი მისი შემდგომი ცხოვრება სწორედ მისმა ბავშვობამ განაპირობა. ის შეხვდა ყველასთვის საოცნებო რეჟისორს მიშა თუმანიშვილს, რომელთანაც ნაყოფიერი შემოქმედებითი წლები გაატარა.
პოპულარული ბავშვობის შემდეგ იყო დიდი, მაგრამ აკრძალული სიყვარული. მას და თემურ ჩხეიძეს ერთმანეთი მაშინ შეუყვარდათ, როდესაც თემურს ოჯახი ჰყავდა. ორივემ იცოდა, რომ ოჯახის დანგრევა კარგი საქციელი არ იყო, თუმცა სხვანაირადაც არ შეიძლებოდა...
ახლა მოგიყვებით, ნანი ჩიქვინიძის ბავშვობასა და მის დიდ სიყვარულზე, რომლის გამო გადადგმული ნაბიჯი არასდროს უნანია.
ბავშვობა
„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. მთელი ჩემი ცხოვრება – როგორც შემოქმედებითი გზა, ისე პირადი, ბავშვობამ განაპირობა. რომ არა ჩემი პროფესია, ჩემს მეუღლეს ვერ შევხვდებოდი. ყველა პატარა გოგოს ოცნებაა კინოში გადაღება, მაგრამ ამაზე არ მიოცნებია, პირდაპირ კინოში აღმოვჩნდი. კონკურსი იყო გამოცხადებული ბავშვების როლის შემსრულებელზე. რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე საბავშვო ბაღებში დადიოდნენ და ბავშვებს ეძებდნენ. ვერ იპოვეს ისეთი, როგორიც უნდოდათ. ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ჩვენი ოჯახის ახლობელი მუშაობდა და მას უთქვამს: სანათესავოში ერთი საოცარი ბავშვი გვყავს, რომელმაც ბევრი ლექსი და სიმღერა იცის, ძალიან თავისუფალი და მეტიჩარა ბავშვიაო. მისამართი მიუცია, მაგრამ შეცდომით.
ზემელზე ვცხოვრობდით. ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა რეზო თარხან-მოურავი, რომელიც კინოსტუდიაში მუშაობდა. ის ნათესავი მოვიდა და დედაჩემს უთხრა: პატარა გოგოს ეძებენ კინოში გადასაღებად, თქვენი მისამართი მივეცი და, ალბათ, მოგაკითხავენო. ბატონმა რეზომ ეს რომ გაიგო, მომკიდა ხელი და კინოსტუდიაში წამიყვანა. მიმიყვანა გადამღებ ჯგუფში და იმ დღესვე დამამტკიცეს. ჩემი მშობლებისთვის გადაღებებზე სიარული, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ნატურაზე ჰქონდათ გადაღება, საკმაოდ რთული იყო. როგორც წესი, ზაფხულის სცენებს ზამთარში იღებდნენ, ზამთრისას – ზაფხულში. გავცივდი, სერიოზულად გავხდი ავად. ძლივს გადამარჩინეს. სრულიად უკომპლექსო ბავშვი ვიყავი. ამას მშობლებსა და იმ გარემოს ვუმადლი, რომელშიც გავიზარდე. დედა გურული, ძალიან მხიარული ქალი იყო. სადაც შევიდოდა, ყველგან ხალისი შეჰქონდა.
ეკრანზე როცა ვნახე ჩემი თავი, მაინცდამაინც არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ შიგნიდან ვუყურებდი, როგორც მსახიობი უყურებს თავის თავს. ეს ყველაფერი მახსოვდა: კამერა, ადამიანები, რომლებიც ჩემ თვალწინ გადაიღეს. მახსოვს, პრემიერა რომ დამთავრდა და გარეთ გამოვდიოდით, ვიღაცამ ხელი გადამხვია, მერე მაკოცა და დამლოცა. რომ წავიდა, დედას ვკითხე, ვინ იყო ეს კაცი-მეთქი. რომ გაიზრდები, მიხვდები. მის ნაწარმოებებს წაიკითხავო. ეს იყო კონსტანტინე გამსახურდია.
„სხვისი შვილების“, გადაღების დროს უკვე 7 წლის ვიყავი და უფრო ნათლად მახსოვს გადაღებები. მე და დედა ბათუმში ვიყავით დასასვენებლად, როცა ფილმი ეკრანებზე გამოვიდა. წავედით სანახავად. როგორც კი ფილმი დამთავრდა და შუქი აინთო, ვიღაცამ მიცნო და ყველა ჩემკენ წამოვიდა. მე და დედას სერიოზულად შეგვეშინდა, ამდენი ხალხი ჩემკენ რომ დაიძრა და გავიქეცით. ყველა პერიოდში სხვადასხვანაირად აღიქვამ. ჯერ უყურებ, როგორც შენს ბავშვობას, მერე არა მხოლოდ როგორც ბავშვობას, არამედ საოცარ სამყაროს, რომელშიც ერთ დროს ამ ადამიანებთან ერთად ცხოვრობდი. ზრდასრულ ასაკში, როცა უკვე მსახიობი გავხდი, ოთარ კობერიძესთან, დუდუხანა წეროძესთან, კარლო საკანდელიძესთან და სხვებთან ურთიერთობა დამყარდა.
ადამიანები მიდიან – ეს, ბუნებრივია და ამაში არაფერი გასაოცარი არ არის. ჩემი დროც მოვა, მაგრამ, როცა ამ ფილმებს ვუყურებ, მხოლოდ სიხარულის განცდა აღარ მაქვს. ნაღველიც ახლავს. ამიტომ აღარ მიყვარს მათი ყურება. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, ასევე, ბატონი თენგიზის და ბატონი რეზოსი, რომ მათ მომცეს ის თავისუფლება და სილაღე, რაც შემდეგ, ფილმებში გამოვიყენე. ბატონმა რეზო ჩხეიძემ გადამაწყვეტინა, მსახიობის პროფესია ამერჩია. წეღან ვთქვი, ბავშვობაში უკომპლექსო ვიყავი-მეთქი, მაგრამ, რომ წამოვიზარდე და სკოლა დავამთავრე, კომპლექსი გამიჩნდა. მეშინოდა – ვაითუ არასწორ გზას ვირჩევ-მეთქი. იმ დროს ბატონ მიშა თუმანიშვილს ჯგუფი ჰყავდა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რას ნიშნავდა მის ჯგუფში მოხვედრა – ეს ყველას ოცნება იყო.
ნანი ჩიქვინაძისა და თემურ ჩხეიძის სიყვარულის ამბავი
მეოთხე კურსზე ვიყავი, თემურს რომ შევხვდი და შემიყვარდა. თემური, როგორც რეჟისორის ასისტენტი, ისე მოვიდა ბატონ მიშა თუმანიშვილთან. ჯერ ერთი, მერე მეორე სპექტაკლი დადგა. მე ჩემი გრძნობა მქონდა შენახული, მას – თავისი. დაახლოებით სამ წელიწადში დავქორწინდით. რაც შეეხება ბარიერებს, მიზეზი ჩვენი გვიან შეუღლებისა იყო ის, რომ თემურს ოჯახი ჰქონდა. თემური ყოველთვის ამბობდა, რომ თავისი ცოლი უყვარდა, როცა მოიყვანა, მაგრამ მერე მათი ინტერესები გაიყო. საკმაოდ ტრადიციების დამცველ ოჯახში ვარ გაზრდილი და, ამდენად, ჩემთვისაც აბსოლუტურად დაუშვებელი იყო, ოჯახში პრობლემები შეჰქმნოდა. კარგა ხანს ვიხევდით უკან, რათა ვინმესთვის გული არ გვეტკინა. ვფიქრობდი, სერიოზული გრძნობა არ აქვს ჩემ მიმართ, იქნებ დაუბრუნდეს ოჯახს-მეთქი. უნდა დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ ის მზად იყო, ეს ნაბიჯი გადაედგა. მაგრამ, ცხოვრება ისეთი რამეა, რასაც არ ფიქრობ, სწორედ მას გადაეყრები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ შეიძლებოდა, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ მომხდარიყო.
სიყვარული არაფერს ითვალისწინებს და ამის გამო საკმაოდ დიდი გამოცდა მოვუწყვეთ საკუთარ თავს. უკვე წლებია, ერთად ვართ, მაგრამ, არასდროს მიფიქრია, რომ შეცდომა დავუშვი. წლებმა დაამტკიცა, რომ ერთად კარგად ვართ და ერთად უნდა ვყოფილიყავით. თუმცა, იმის განცდა, რომ ამ სიყვარულის გამო ოჯახი დაინგრა, დღემდე მომყვება. სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებაში დადგა რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, აღარ ვხვდებოდით. ჩემი ოჯახი ძალიან წინააღმდეგი იყო ჩვენი შეუღლების, ისევე, როგორც თემურის მხრიდან იყვნენ წინააღმდეგი. მერე, როცა მივხვდით, რომ სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ერთად ყოფნა გვინდოდა და არ ვიყავით, შევუღლდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ მასავით არასდროს არავინ შემიყვარდებოდა.
ერთი დღეც არ მინდა თემურის გარეშე სიცოცხლე და მეც ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მას უჩემოდ არ შეუძლია. ის არაფერს დამპირებია, პირიქით, მითხრა, ვერ დაგპირდები, რომ კარგად ვიცხოვრებთო. თვითონაც ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, ამას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩვენ ძალიან დიდხანს ვცხოვრობდით ჩემს მშობლებთან – 27 წელი, მაგრამ ამას ჩვენს ურთიერთობაზე არ უმოქმედია. თემური ძალიან კარგი საყრდენია ქალისთვის. მის მხარდაჭერას ნებისმიერ სიტუაციაში ვგრძნობ - იხსენებდა ნანი ჩიქვინიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
II მსოფლიო ომი, ნადრევად დაქვრივება და დაობლებული შვილის აღზრდა - ცოტა რამ მიხეილ თაუმანიშვილზე
ორჯერ დაქვრივება, შვილის სიკვდილი, მამინაცვალის გვარი - ცოტა რამ ნანა ფაჩუაშვილზე