Digest Logo

„ეს შეერთება დაახლოებით 36–38 წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა ამ გრადუსზე მათი შეხვედრა ისტორიაში არ ფიქსირდება“ - რას წერს თამარ ხოსროშვილი

1771255020
თამარ ხოსროშვილი

ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 20 თებერვალს ცაზე ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლურად ძლიერი ასტროლოგიური მოვლენა სრულდება - სატურნისა და ნეპტუნის ზუსტი შეერთება ვერძის 0°44’ გრადუსზე. 

მისი თქმით, ეს არ არის უბრალოდ ციკლის განმეორება - ეს არის სრულიად ახალი ფაზის დაბადება:

„20 თებერვალს ცაზე ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლურად ძლიერი ასტროლოგიური მოვლენა სრულდება — სატურნისა და ნეპტუნის ზუსტი შეერთება ვერძის 0°44’ გრადუსზე. ეს შეერთება დაახლოებით 36–38 წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა ამ გრადუსზე მათი შეხვედრა ისტორიაში არ ფიქსირდება. ამიტომ ეს არ არის უბრალოდ ციკლის განმეორება — ეს არის სრულიად ახალი ფაზის დაბადება.

სატურნისა და ნეპტუნის პრინციპები ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. სატურნი არის ფორმა, სტრუქტურა, კანონი, საზღვრები, პასუხისმგებლობა და ხისტი რეალობა — ის ქმნის ჩარჩოებს, რომლებშიც სისტემა ფუნქციონირებს. ნეპტუნი კი ამ ჩარჩოებს შლის: ის არის ილუზია და რწმენა, ქაოსი და ფანტაზია, უმაღლესი სულიერება, რომელიც მატერიას ოკეანურ უსასრულობაში ხსნის და ყველაფერს სახეს უცვლის. მათი შეერთება ყოველთვის მიუთითებს იმ პერიოდზე, როცა ძველი წესრიგი ვეღარ უძლებს არსებულ რეალობას და იწყებს დაშლას.
ამ შეერთების გავლენით საზოგადოებრივი სტრუქტურები, საზღვრები და წესები, ის, რაც აქამდე მყარი და შეურყევადი გვეგონა, შესაძლოა ბურუსში მოექცეს, დაკარგოს ფორმა... ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არსებული მოდელი აღარ ემსახურება განვითარებას. ნეპტუნი აქ ავლენს სიცარიელეს იმ სისტემებში, სადაც ფორმა შინაარსის გარეშე დარჩა.

და სწორედ აქ იკვეთება ამ პროცესის პოზიტიური არსი: რაც აღარ მუშაობს, რაც აღარ გვემსახურება, უნდა შეიცვალოს ახლით. ეს არის სივრცის გათავისუფლება. სატურნი ნეპტუნთან ერთად გვაიძულებს დავინახოთ, სად იყო წესრიგი ილუზია და სად იყო რწმენა უსაფუძვლო. ეს არის სიმართლის გამჟღავნება რბილი, მაგრამ შეუქცევადი გზით.

ვერძის 0 გრადუსი ამ ყველაფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ზოდიაქოს პირველი გრადუსი არის აბსოლუტური დასაწყისი — აქ რაღაც სრულიად ახალი იბადება. ეს არის ამოფრქვევა, სიცოცხლის იმპულსი, რომელიც ჯერ კიდევ გაურკვეველია რა ფორმას მიიღებს, მაგრამ უკვე შეიცავს უდიდეს ძალას. ნულოვან გრადუსზე ენერგია დაუმუშავებელია, ნედლი და ძლიერი — ის ქმნის ახალ რეალობას ნულიდან.

ამ მოვლენას წინ უძღვის მზის დაბნელება მერწყულის ბოლო გრადუსზე, ურანთან კვადრატში, რაც უკვე დეტალურად განვიხილე წინა პოსტში. ეს დაბნელება ძველ ციკლს ამთავრებს, მოულოდნელ რღვევებსა და რადიკალურ ცვლილებებს ააქტიურებს. და ზუსტად სამი დღის შემდეგ სატურნისა და ნეპტუნის შეერთება ამ პროცესს სიღრმესა და შეუქცევადობას აძლევს.

ეს თანმიმდევრობა შემთხვევითი არ არის. ჯერ — ძველი ფორმების რღვევა და შოკი, შემდეგ — წესრიგისა და ილუზიის შერწყმა ახალ დასაწყისში. ამიტომ ეს პერიოდი ნამდვილად წელიწადის პიკია და დიდი ცვლილებების მაუწყებელი: კოლექტიურ დონეზე — სისტემების, იდეოლოგიების და სტრუქტურების ტრანსფორმაცია; პირად დონეზე კი — გადაფასება იმის, რისიც გვჯეროდა და ახალი მიმართულების გაჩენა იქ, სადაც ძველი გზა დასრულდა“, - წერს თამარ ხოსროშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„აანთეთ სანთელი, ერთი საათის განმავლობაში ჩამოწერეთ ფურცელზე ის, რაც გსურთ განახორციელოთ ამ წელს...“ - რა გველოდება 17 თებერვალს? 

ახალი ეტაპი ურთიერთობებში, ფინანსური წარმატება და სასიამოვნო სიახლეები - როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

🎥 რატომ აირჩია მიხეილ ცაგარელმა ასტროლოგია და რატომ არ ჰყავს მას მოსწავლეები?