Digest Logo

„ფსიქოლოგია ნებისმიერ შემთხვევაში ეზოტერულია, ხოლო მაგია ფსიქოლოგიური... ამ ორის გაერთიანების შედეგად არაცნობიერი აღარ არის საშიში“ - გრიმუარი

1764843793
 Svart © გრიმუარი

ეზოტერიკოსი „სვარტ გრიმუარი“ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგიასა და მაგიაზე საუბრობს. მისი თქმით, ფსიქოლოგია ნებისმიერ შემთხვევაში ეზოტერულია, ხოლო მაგია ფსიქოლოგიური. 

ეზოტერიკოსი ხსნის, რომ ფსიქოლოგია აკვირდება იმას თუ რა ხდება შენში, როგორ და რატომ ფიქრობ, გრძნობ და იქცევი ისე, როგორც ამას აკეთებ. ხოლო მაგია იყენებს ამ მექანიზმებს, აქცევს სიმბოლოებსა და არქეტიპებს არა დაკვირვების ობიექტებად, არამედ იარაღად ჩვენს ხელში, რომელთა გავლითაც გარდავქმნით ცხოვრებას:

„ფსიქოლოგია თუ მაგია?

ვფიქრობ, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ფსიქოლოგია ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეულწილად ეზოტერულია, ხოლო მაგია თავისთავად, ფსიქოლოგიური, თუმცა მსურს, რომ ეს ორი გავმიჯნოთ და დავაკვირდეთ მათ მათი ყველაზე სუფთა, ბუნებრივი და ფუნდამენტური ფორმით.
 
ფსიქოლოგია აკვირდება და ხსნის იმას თუ რა ხდება შენში, როგორ და რატომ ფიქრობ, გრძნობ და იქცევი ისე, როგორც ამას აკეთებ.

მაგია კი იყენებს ამ მექანიზმებს, აქცევს სიმბოლოებსა და არქეტიპებს არა დაკვირვების ობიექტებად, არამედ იარაღად ჩვენს ხელში, რომელთა გავლითაც გარდავქმნით ცხოვრებას.
 
თუ ფსიქოლოგია ძირითადად დაკავებულია ანალიზით - მაგია დაკავებული ოპერაციონალიზაციით.
 
წარმოიდგინეთ გამოქვაბული, რომელშიც ცხოვრობს ურჩხული. ვთქვათ, მსგავსად ძველი ქართული ზღაპრებისა, ურჩხული დაეპატრონა მდინარეებსა და წყაროებს, ანუ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებისათვის აუცილებელ სიიუხვეს, ნაყოფიერებასა და სიკეთეს. გამოქვაბული არის თქვენი არაცნობიერი, ხოლო ურჩხული/დევი - ბლოკი, რომელიც გიშლით ხელს.

ძირითად შემთხვევაში ფსიქოლოგიას ჩავყავართ ამ გამოქვაბულში, ის გვიბიძგებს იმისკენ, რომ ვესაუბროთ დევს, გავიგოთ მისი მოტივები, წარმომავლობა და მეტიც, ხანდახან გვაიძულებს, რომ ვითმინოთ მისი ყვირილი, რომ არ შევშინდეთ და ზოგჯერ მისი დარტყმაც კი ავიტანოთ. მეორეს მხრივ მაგია გვაძლევს საშუალებას ეს დევი ვმართოთ ან მინიმუმ მასთან მოლაპარაკება ვაწარმოოთ ამ გამოქვაბულში, სარისკო ტერიტორიაზე, ჩაუსვლელად. ერთი გვთავაზობს დევთან ცხოვრებას შევეგუოთ, მეორე კი გვთავაზობს მის გაძევებას.

მიუხედავად ამისა, ამ ორს შორის არჩევანის გაკეთება რთულია, რადგან ერთი თვალებია, მეორე კი ხელები.
 
ფსიქოლოგიის შემთხვევაში პროცესი ხილული, დაკვირვებადი და ახსნადი, მაგრამ მას აკლია მართვის სადავეები და ქმედება.
 
მაგიის შემთხვევაში კი გვაქვს ქმედება, ძალა და ენერგია, რომელსაც ვერ ვაკვირდებით, ვერ ვეხებით და ვერ ვხედავთ.
 
ასე რომ ძირითადად გვიწევს კომპრომისზე წასვლა და საკმაოდ უსიამოვნო არჩევანის გაკეთება - ხედვის უნარი ნაკლები გავლენითა და ქმედებით თუ ძლიერი ქმედება ბრმად, იმედითა და რწმენით ხედვის ნაცვლად.
 
რას გულისხმობს ეს ყველაფერი?
 
წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს თვალები და ხელები, ოღონდ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი/უხილავიც.
 
წარმოიდგინეთ, რომ „მატერიალური“ ხელებისა და თვალების მოქმედება არის დაკვირვებადი, ხელშესახები და ნათელი. ხოლო სულიერისა, როგორც ამას მიხვდებოდით, უხილავი, დაფარული.
 
ამ შედარებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ფსიქოლოგიის თვალები ხილული და მატერიალურია, თუმცაღა მისი ხელები (მოქმედება, ინსტრუმენტები და ძალა) უხილავია, რა დროსაც მაგიის შემთხვევაში პირიქითაა - ხელები ხილულია, რადგან ქმედება ხორციელდება რეალურად და არა უბრალოდ მოიაზრება ან მიმდინარეობს გონებაში, ქვეცნობიერში ან სიზმარში... თუმცა თვალები არა, ანუ ქმედებას ვახორციელებთ, მაგრამ მის მიღმა მიმდინარე პროცესს ვერ ვაკვირდებით ნათლად.
 
საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორის დაპირისპირების ნაცვლად გვჭირდება მათი გაერთიანება. მაგია არის აღძრული ქმედება, რომელსაც ვერ ვხედავთ და ვერ ვაკვირდებით, ეს არის ძალა, ეს არის ხელები, რომელთაც შეუძლიათ იმის მანიფესტაცია, რაც დაინახა თვალებმა და განიზრახა გონებამ. ფსიქოლოგია კი გვაძლევს პროცესების გაშუქების, განათებისა და აღქმის საშუალებას. ის დაგვანახვებს რა შექმნეს ხელებმა, რა გამოიწვია მაგიურმა ოპერაციამ. საკუთარი თავის და ჩვენში მიმდინარე პროცესების დანახვითა და ახსნით.
 
მხოლოდ მათი შერწყმით ვიღებთ სრულფასოვან მეცნიერებას - მეცნიერებას, რომელიც აერთიანებს ქმედებას და ხედვას. მეცნიერებას, სადაც ადამიანი არც ბრმად მოქმედებს და არც უღონოდ და უსუსურად აკვირდება მოვლენებს. ამ ორის გაერთიანების შედეგად არაცნობიერი აღარ არის საშიში გამოქვაბული, არამედ ადგილია, რომელსაც ნათლად ვხედავთ და თან ძალაც გვაქვს მასში არსებული "დევების" მართვისთვის, გარდაქმნისთვის, ან თუ საჭიროა გაძევებისთვის.
 
ეზოტერიკა, მაგია და ოკულტიზმი ფსიქოლოგიის გარეშე უბრალოდ ფანატიზმია.
 
ფსიქოლოგია ეზოტერიკის გარეშე კი - დემაგოგია ან წყლის ნაყვა.
 
პ.ს. ცხადია, არსებობს ფსიქოლოგიის საკმაოდ ღრმა და ეზოტერული მიმართულებებიც და ჰოლისტური პრაქტიკებიც, ამ სტატიაში საუბარი მაქვს ტრადიციულ და მეტად გავრცელებულ ფსიქოლოგიის მიდგომებსა და მეთოდიკაზე, რომელიც არის სახასიათო გუნდაც კლასიკური ფსიქოანალიზისათვის“, - წერს Svart © გრიმუარი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უდიდესი აღმოჩენა! ძველი აღთქმა ჩვენ დავწერეთ... აღმოჩნდა ლაზურ-კოლხურ-მეგრული სიტყვები“ - გიორგი გიორგაშვილის სკანდალური განცხადება

„ყოფილი გოიმი და ყოფილი სულელი ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ...“ - გია ჯაჯანიძის მიმართვა საზოგადოებას

„არსებობს უხილავი პროცესები, რომლებიც ნელ-ნელა ანადგურებს სასიცოცხლო ენერგიას და სიხარულის შეგრძნებას“ - რატომ არის მნიშვნელოვანი ციგუნის პრაქტიკა