5-დან 11 ოქტომბრამდე საკმაოდ დატვირთული და გარდამტეხი კვირა გველოდება. ამ დღეებში მთავარი ამოცანა არა სირთულეებთან პირდაპირ შეჯახება არამედ, მოქმედების სტრატეგიის დროულად შეცვლაა.
კვირის მთავარი პრინციპი ასეთია: გაიმარჯვებს არა ის, ვინც შეტევაზე გადადის ან ნებისმიერ ფასად ცდილობს წინსვლას, არამედ ის, ვინც საჭირო მომენტში შეჩერებას, ვითარების შეფასებას და ტაქტიკის შეცვლას შეძლებს.
მთელი კვირა კლებადი მთვარის გავლენის ქვეშ მიმდინარეობს და 10 ოქტომბრის სასწორის ახალმთვარემდე მივყავართ. ამავე დროს, გრძელდება ვენერას რეტროგრადული მოძრაობა, რაც ურთიერთობების, ფინანსების, თვითშეფასებისა და პირადი ღირებულებების საკითხებს განსაკუთრებით აქტიურს ხდის. ეს პერიოდი არა ახალი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღევას, არამედ მოქმედების სტილის, ძველი მეთოდების ცვლილებას მოითხოვს.
კლებადი მთვარის გამო კვირის განმავლობაში ენერგიის რესურსი თანდათან იკლებს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდება 8 ოქტომბრიდან, როდესაც ჰეკატეს დღეებში შევდივართ - მთვარის ციკლის ყველაზე ბნელ და დასასრულისკენ მიმავალ მონაკვეთში. ამიტომ კვირის ბოლოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალების გაფრთხილება, დაწყებული საქმეების დასრულება, ზედმეტის მოშორება და ისეთი ამოცანებისგან თავის შეკავება, რომელთა შესრულებაც მოგვიანებითაც შეიძლება.
ამ ყველაფერს ემატება რეტროგრადული ვენერას გავლენა. ახლა ურთიერთობები, ფული, თვითშეფასება და ჩვენი ღირებულებითი სისტემა უფრო მეტად გააზრებასა და შეფასებას მოითხოვს, ვიდრე ახალი ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმას.
კვირის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა რეტროგრადული ვენერასა და მერკურის შეერთება მორიელში, რომელიც 7 ოქტომბერს ზუსტდება და 9 ოქტომბრამდე აქტიურად მოქმედებს. მორიელის ენერგია ზედაპირული პასუხებით არ კმაყოფილდება, ამიტომ ამ დღეებში განახლდება მივიწყებული ან დიდი ხნის უთქმელი საკითხები, წყენა, გულისტკივილი, ამოუთქმელი მტკივნეული თემები.
შესაძლოა თავი შეგვახსენოს ძველმა წყენამ, დაუსრულებელმა ურთიერთობამ, ფინანსურმა საკითხებმა ან წარსულში დადებულმა შეთანხმებამ, რომელიც ახლა სხვა პირობებით შეფასებას მოითხოვს. შესაძლოა გამოჩნდეს წარსულიდან ადამიანი ან ისეთი ინფორმაცია, რომელიც უკვე ნაცნობ სიტუაციას სრულიად სხვა კუთხით დაგანახვებთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მორიელში ვენერასა და მერკურის შეერთება ზედაპირული ახსნებით არ შემოიფარგლება. ამიტომ 7 ოქტომბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადადებული საუბრებისთვის და საკუთარი გრძნობების უკეთ გასაგებად.
თუმცა ამ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას არ გირჩევთ. პირველ რიგში საჭიროა იმის გარკვევა, თუ რა დგას კონკრეტული სიტუაციის უკან და რა არის მისი ნამდვილი არსი.
ვენერასა და მერკურის შეერთება მორიელში დაძაბულ კავშირშია მარსთან, ამიტომ კვირის დასაწყისში სიტუაციის მოგვარების სურვილი მარტივად შეიძლება გადაიზარდოს ურთიერთბრალდებებში, წყენასა და ეჭვიანობაში. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიტყვების კონტროლი, რადგან ერთმა დაუფიქრებელმა ფრაზამ შეიძლება კონფლიქტი მნიშვნელოვნად გაამწვავოს.
კვირის კიდევ ერთი ძლიერი თემა მარსისა და რეტროგრადული პლუტონის დაპირისპირებაა. ეს ძალიან დიდი ძალის, მაგრამ ამავე დროს ძლიერი წინააღმდეგობის ასპექტია. ის ზრდის სურვილს, ყველაფერი საკუთარი წესებით გადაწყდეს, აძლიერებს კონტროლის მოთხოვნილებას და ზოგჯერ გვიბიძგებს, საკუთარი ინტერესების დასაცავად ზედმეტად მკაცრი პოზიცია დავიკავოთ.
სიფრთხილეა საჭირო 6 ოქტომბერს. იმპულსური რეაქციით დაპირისპირებაში შესვლა ან სხვაზე ზეწოლა ვითარებას უფრო გაართულებს. ზეწოლა ახლა, დიდი ალბათობით, უფრო ძლიერ წინააღმდეგობას გამოიწვევს.
ამასთან, მარსისა და პლუტონის დაპირისპირება მთლიანად ჩიხს არ ქმნის. ეს რთული კონფიგურაცია ჰარმონიულ კავშირში შედის ურანთან და ნეპტუნთან, რაც გვიჩვენებს, რომ გამოსავალი არსებობს, თუმცა მისი პოვნა ჩვეული გზით შეიძლება ვერ მოხერხდეს. ახალი ინფორმაცია, უჩვეულო იდეა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება ან ძველი ქცევის მოდელის შეცვლა გაცილებით ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე პირდაპირი ბრძოლა.
თუ თქვენს წინაშე თითქოს დახურული კარია, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში, აუცილებელი არ არის, მას უფრო ძლიერად მიაწვეთ. ალტერნატიული გზის პოვნა ხდება ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.
10 ოქტომბრამდე აქტიურია ასევე მზისა და რეტროგრადული სატურნის ოპოზიცია. ეს ასპექტი აძლიერებს შეზღუდვების, დამატებითი პასუხისმგებლობისა და რეალურ გარემოებებთან ანგარიშის გაწევის განცდას. შეიძლება საქმეები იმაზე ნელა განვითარდეს, ვიდრე გსურთ, გადაიწიოს ვადებმა, შემცირდეს შესაძლებლობები ან დროისა და ენერგიის დახარჯვა ისეთ ვალდებულებებზე მოგიწიოთ, რომლებიც სასურველი მიმართულებით წინსვლას ამუხრუჭებს.
თუმცა სატურნის ფუნქცია მხოლოდ დაბრკოლების შექმნა არ არის. ის ამოწმებს, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ჩვენი გეგმები. თუ საფუძველი მყარია, გეგმა კონკრეტული და გათვლილი გაქვთ, დამატებით დატვირთვასაც გაუძლებთ. მაგრამ თუ ყველაფერი მხოლოდ ენთუზიაზმს, ლამაზ მოლოდინებს ან ზედმეტად ოპტიმისტურ გათვლებს ეყრდნობა, სუსტი ადგილები ახლა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდება.
7 ოქტომბერს მარსი ჰარმონიულ ასპექტს ქმნის რეტროგრადულ სატურნთან. ეს კვირის ერთ-ერთი ყველაზე კონსტრუქციული და მხარდამჭერი ასპექტია, რადგან მარსის მოქმედების ძალას სატურნის დისციპლინასთან აერთიანებს. ენერგია ამ დღეს საკმარისი იქნება, მაგრამ მთავარი განსხვავება ისაა, რომ მისი კონკრეტულ და შედეგიან საქმეში მიმართვა უფრო მარტივი გახდება. ამიტომ ამ დღეს ჯობს ყველაფერი ერთდროულად არ მოითხოვოთ საკუთარი თავისგან. შეადგინეთ გეგმა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით მას, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილებები ემოციის გავლენით მიიღოთ.
10 ოქტომბერს სასწორში ახალი მთვარე დგება. თუმცა ეს არ არის მშვიდი და მსუბუქი ახალი დასაწყისი. ახალი მთვარის მმართველი, რეტროგრადული ვენერა, დაძაბულ კონფიგურაციაშია მარსსა და პლუტონთან, რაც ურთიერთობებში, ფინანსებსა და პირად ღირებულებებში მნიშვნელოვან გარდაქმნებს ააქტიურებს.
ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური ხდება იმის გარკვევა, რას ვაფასებთ, რას ველით ურთიერთობებისგან და რა პირობებით გვინდა თანამშრომლობა ან პარტნიორობა. ფინანსურ სფეროშიც ძველი სტრატეგიები შეიძლება ვეღარ ამართლებდეს და წარსულში მიღწეული შეთანხმებები ახალი პირობების საჭიროებას აჩენდეს.
ამიტომ მთელი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით ახალი მთვარის დღეებში სიფრთხილე გმართებთ როგორც ფინანსურ, ისე პირად გადაწყვეტილებებში.
არ არის კარგი დრო დრამატული დაშორებებისთვის, ულტიმატუმებისთვის, იმპულსური ფინანსური ნაბიჯებისთვის ან საკუთარი მნიშვნელობის სხვების ყურადღებით დამტკიცების მცდელობისთვის. ფრთხილად უნდა იყოთ ფლირტისა და მსუბუქი თამაშის დროსაც, რადგან დაძაბულ ფონზე ის, რაც უწყინარ გართობად გეჩვენებათ, გაცილებით სერიოზულ შედეგამდე შეიძლება მივიდეს.
ფინანსურ საკითხებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიფრთხილე. აკონტროლეთ ხარჯები, მოერიდეთ საეჭვო ფინანსურ ვალდებულებებს, კარგად შეაფასეთ კრედიტები და ინვესტიციები და ნუ ენდობით სწრაფი მოგების დაპირებებს. რეტროგრადული ვენერა ახალმთვარის დაძაბულ კონფიგურაციასთან ერთად ფინანსურ გადაწყვეტილებებში წინდახედულობას მოითხოვს.
მარსისა და პლუტონის დაძაბული ურთიერთქმედება მხოლოდ კონფლიქტის რისკს არ ზრდის - ის ფიზიკური ტრავმების ალბათობასაც აძლიერებს. ამიტომ 6 ოქტომბერს და მთლიანად ამ კვირის განმავლობაში სასურველია მოერიდოთ სარისკო სიტუაციებს, აგრესიულ ადამიანებთან კონტაქტს და გარემოებებს, სადაც დაპირისპირება ადვილად შეიძლება გამწვავდეს. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და მოქმედებები, რადგან ძლიერი კონფლიქტი ხშირად ერთი ფრაზით იწყება, რომლის უკან დაბრუნებაც შემდეგ შეუძლებელი ხდება.
5-11 ოქტომბრის კვირა გვაჩვენებს, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ზოგიერთი ძველი სტრატეგია უკვე აღარ მუშაობს. ეს შეეხება ურთიერთობებს, ფინანსებს, სამუშაოს ან სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. თუ დაკვირვებას შევძლებთ, კვირის დაძაბულობა მხოლოდ დაბრკოლებად აღარ აღიქმება - ის მიგვითითებს, სად და რა უნდა შევცვალოთ.
გარემოებების ძალით დაძლევის მცდელობა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არ არის. ზოგჯერ დროულად დათმობა, მიმართულების შეცვლა ან სხვა გზის არჩევა სისუსტე კი არა, ძალის ყველაზე რაციონალური და ეფექტური გამოვლინებაა.
ამ კვირის მთავარი გაკვეთილი მოქნილობაა. როდესაც პირდაპირი გზა წინააღმდეგობას გვიქმნის, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, სხვა მიმართულება ავირჩიოთ. მთავარია, ძალა მხოლოდ ბრძოლაში არ დავხარჯოთ და დავინახოთ ის ალტერნატივა, რომელსაც მოვლენები ამ დღეებში გვთავაზობს.
ვისაც გაინტერესებთ ახალი მთვარის პერსონალური პროგნოზი თქვენი ნატალური რუკის მიხედვით, მომწერეთ დეტალებისთვის. სერვისი ფასიანია. აუცილებელი პირობაა დაბადების საათის ცოდნა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 5-11 ოქტომბრის კვირაში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება
წყარო: www.facebook.com