ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად ასტროლოგი ლილიტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის ფიქციური პლანეტაა, რის გამოც მისი გავლენა ისეთი ძლიერი არ არის როგორც მზის, მთვარის ან სხვა პლანეტების:
„ლილიტის 12 გამოვლენა [ასტროლოგიური სახლი, სადაც ჩვენი შიში და სირცხვილი ცხოვრობს]
ლილიტი (შავი მთვარე) ფიქციური (არაფიზიკური) პლანეტაა. ბუნებრივია, ჰოროსკოპში მისი გამოვლენა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც მზის, მთვარის ან სხვა პლანეტების.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ლილიტი ყველა ადამიანზე თანაბრად არ მოქმედებს: ზოგზე მისი გავლენა შეუმჩნეველია, ზოგზე – პირიქით, ძალიან აქტიურად ვლინდება, ზოგისთვის კი მისი გავლენა ფატალურიც კია.
ლილიტის ასტროლოგიური „ძალა“ დამოკიდებულია ნატალური რუკის დანარჩენ ფაქტორებზე: თუ ლილიტი რეზონანსშია რუკის ძირითად ენერგეტიკასთან, მისი გამოვლენა საკმაოდ ძლიერი იქნება; ხოლო თუ იზოლირებულია და სუსტად უკავშირდება მთლიან ჰოროსკოპს, მაშინ მის გავლენას ადამიანი თითქმის ვერ იგრძნობს. ასე რომ, ლილიტის ინტერპრეტაციისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორი. სიმბოლურად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი ცივ ზამთარში: ერთი - ახალგაზრდა, ჯანმრთელი და თბილად ჩაცმული; მეორე - ასაკოვანი, ავადმყოფობის შემდეგ ფიზიკურად დასუსტებული, სუსტი იმუნიტეტით და თხლად ჩაცმული. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, არც კი უნდა დავსვათ კითხვა, რომელი უფრო ადვილად გაცივდება. სწორედ ასეა ლილიტის გავლენაც (მისი გავლენა ასევე შეიძლება შევადაროთ აფთარს, რომელიც ვერ გაბედავს, რომ მასზე ძლიერ და მოზრდილ ცხოველს შეუტიოს, მაშინ როცა სუსტს იოლად დაიმორჩილებს).
ნატალური ჰოროსკოპის კონკრეტულ სახლში ლილიტის მდებარეობა არ არის მხოლოდ შიში ან სისუსტე ამ სახლთან დაკავშირებით - ეს სირცხვილის განცდაც არის. ბავშვობაში ადამიანი ხშირად აწყდება გართულებულ სიტუაციებს, რომლებიც იმ სახლს უკავშირდება, რომელშიც ლილიტი მდებარეობს. ბავშვობაში ადამიანი სწორედ ამ სფეროებში ხვდებოდა მშობლების ან უფროსების მსგავს რეაქციებს: „ეს არ შეიძლება!“, „ეს ლამაზი არ არის!“, „სირცხვილია!“
ლილიტი 1-ელ სახლში — ეს არის „მე“-ს დამახინჯებული აღქმა. ადამიანს ეშინია იყოს საკუთარი თავი, თითქოს მას რაღაც სჭირს და ამის გამო ან იმალება, ან ზედმეტად დემონსტრაციულად იქცევა. მისი სირცხვილი საკუთარი არსებობის ფაქტს უკავშირდება: „მე არ ვარ ისეთი, როგორიც საჭიროა“. მაგრამ საკმარისია, შეწყვიტოს რაღაცის მტკიცება და უბრალოდ იყოს ის, ვინც არის, რომ პიროვნების ნამდვილი ძალა ვლინდება — ნიღბისა და თვითკრიტიკის გარეშე.
შიშისა და სირცხვილის ფორმა: „მე მეშინია, ვიყო საკუთარი თავი. მე მრცხვენია ჩემი არსებობის, რადგან ვგრძნობ, რომ არ ვარ ისეთი, როგორიც საჭიროა“.
ლილიტი მე-2 სახლში — საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების სირცხვილი. ადამიანს ჰგონია, რომ სურვილი — ცუდია, ქონა კი — სამარცხვინო. ის შეიძლება მერყეობდეს სიხარბესა და მატერიალურზე უარის თქმას შორის: ხან აგროვებს, ხან კი ყველაფერს კარგავს. ნამდვილი ამოცანაა, ნება დართოს საკუთარ თავს, დააფასოს და მიიღოს ყოველგვარი თავის მართლების გარეშე. მისი შიში და სირცხვილი დაკავშირებულია უფულობასთან და სიღარიბესთან.
შიშისა და სირცხვილის ფორმა: „მე მეშინია ჩემი სურვილების. მე მრცხვენია იმის, რომ რაღაც მინდა ან რაღაცას ვფლობ, თითქოს ეს ცუდი იყოს“.
ლილიტი მე-3 სახლში — კომუნიკაციისა და აზროვნების სფეროს დამახინჯება. ადამიანს ეშინია, სისულელე თქვას, ეშინია დაცინვის, ამიტომ ხშირად იკეტება ან, პირიქით, ზედმეტად ბევრს საუბრობს, რათა საკუთარი დაუცველობა ჩაახშოს. მისი სირცხვილი დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ გამოხატავს თავს. როდესაც ის წყვეტს „ჭკვიანის“ როლის თამაშს და „საკუთარი ხმით“ იწყებს საუბარს, სწორედ მაშინ ჩნდება მისი სიტყვის ნამდვილი ძალა.
შიშისა და სირცხვილის ფორმა: „მე მეშინია სისულელის თქმის და დაცინვის. მე მრცხვენია იმის, თუ როგორ გამოვხატავ ჩემს აზრებს“.
ლილიტი მე-4 სახლში — სირცხვილი, რომელიც წარმოშობას, ოჯახსა და სახლის თემას უკავშირდება. ადამიანი შეიძლება გრძნობდეს, რომ გარემო, საიდანაც ის მოდის, უღირსია ან „არასწორია“, რომელიც უნდა დამალოს ან გაემიჯნოს მას. ადამიანი შინაგანად ატარებს მშობლების დამსგავსებისა და მათი სცენარის გამეორების შიშს, რის გამოც ჩნდება მშობლებთან დისტანცია და სიცივე. სანამ ადამიანი უარყოფს თავისი ისტორიის ამ ნაწილს, ის ვერ გრძნობს შინაგან საყრდენს. ამის მიღება კი ასე უნდა მოხდეს: ამ ადამიანმა არ იმართლოს თავი იმის გამო, თუ საიდან არის, საიდან მოდის მისი ფესვები ან ვინ არიან მისი მშობლები.
შიშისა და სირცხვილის ფორმა: „მე მეშინია, დავემსგავსო ჩემს მშობლებს და გავიმეორო მათი სცენარი. მე მრცხვენია ჩემი ოჯახის და ჩემი წარმომავლობის“.
ლილიტი მე-5 სახლში — სირცხვილი იმისა, რომ ადამიანს სურს, იყო გამორჩეული და საყვარელი. ადამიანს ეშინია სულელურად ან ზედმეტად ემოციურად გამოჩენის, ამიტომ ხშირად ახშობს საკუთარ სპონტანურ იმპულსებს. აქედან მოდის სიცივე, ცინიზმი ან დემონსტრაციული დამოუკიდებლობა. ეს არის შიში და სირცხვილი სიამოვნების მიღების, ასევე უშვილობის ან შვილების გამო. როგორც კი ეს ადამიანი თავის მართლების გარეშე სიამოვნების მიღებას დაიწყებს, მიიღებს შვილების ცხოვრებას ისეთს, როგორიც არა მას, არამედ შვილებს უნდათ, მისი ცხოვრება ნათელი ფერებით აივსება.
შიშისა და სირცხვილის ფორმა: „მე მეშინია, სულელურად ან ზედმეტად ემოციურად გამოვჩნდე. მე მრცხვენია ჩემი სურვილის, ვიყო გამორჩეული და საყვარელი. მეშინია ჩემს შვილებს არაფერი დაემართოთ“.
ლილიტი მე-6 სახლში — არასრულყოფილების სირცხვილი. ადამიანი მუდმივად ცდილობს, იყოს უნაკლო, აკონტროლოს სხეული, ყოფა, სამუშაო, მაგრამ შინაგანად გრძნობს, რომ „მაინც არ არის საკმარისად კარგი“. იციკლება ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ ფორმაზე, ხშირად იწყებს დამანგრეველ დიეტებს. ის თავს ჯერ გამომფიტავ პერფექციონიზმში იგდებს, მერე კი გული უცრუვდება და ყველაფერზე ხელს ჩაიქნევს ხოლმე. თავისუფლება მაშინ მოდის, როდესაც ის საკუთარ თავს ნებას რთავს, იყოს ნამდვილი, რეალური, სიცოცხალით სავსე და არა იდეალური.
შიშისა და სირცხვილის ფორმა: „მე მეშინია, შეცდომა დავუშვა. მე მრცხვენია ჩემი არასრულყოფილების, რადგან გამუდმებით ვგრძნობ, რომ საკმარისად კარგი არ ვარ“.
ლილიტი მე-7 სახლში — სირცხვილი, რომელიც ურთიერთობებს უკავშირდება. ადამიანს ეშინია, გამოჩნდეს სუსტი, აკვიატებული ან „უინტერესო“, ამიტომ ან დისტანციას იჭერს, ან კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს. სიღრმეში ზის უარყოფის შიში, თუკი ნამდვილ გრძნობებს გამოაჩენს. ეს მხოლოდ ერთი რამით იკურნება - გულწრფელი, როლების თამაშის გარეშე ყოფნით. მან უნდა მიიღოს პარტნიორი და ენდოს.
შიშისა და სირცხვილის ფორმა: „მე მეშინია უარყოფის. მეშინია, რომ მარტო დავრჩები. მრცხვენია ჩემი ნამდვილი გრძნობების გამოვლენით, რადგან არ მინდა სუსტი და დამოკიდებული გამოვჩნდე“.
ლილიტი მე-8 სახლში — საკუთარი სიღრმის, შეუცნობლობისა და სექსუალურობის შიში. ამ დროს ადამიანს ეშინია იმ თემების, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია: ვნება, ტკივილი, დამოკიდებულება, სიკვდილი, სხვისი საიდუმლოებები. ეს არის იმის მძაფრი განცდა იმისა, რომ „შეიძლება რაღაც კატასტროფა მოხდეს“. ეს ხშირად უკავშირდება საფრთხეს, ტრავმას, გაკოტრებას, პარტნიორის ღალატს ან განუკურნებელ დაავადებას.
ადამიანი იქამდე ახშობს თავის უნარებს, ინტუიციას ან სექსუალურობას, სანამ ეს ყველაფერი მოულოდნელად კონტროლიდან არ გამოვა ხოლმე. მაგრამ სწორედ ამ ბნელი, მოუთვინიერებელი ძალის აღიარებაში იბადება შინაგანი სიძლიერე და ნამდვილი ინტუიცია.
შიშისა და სირცხვილის ფორმა: „მე მეშინია უკონტროლო თემების (ვნება, ტკივილი, კრიზისი). მე მრცხვენია ჩემი შინაგანი სიღრმისა და მოწყვლადობის“.
ლილიტი მე-9 სახლში — საკუთარი შეხედულებებისა და რწმენის სირცხვილი. ადამიანს ეშინია, „გაუნათლებლად“ ან „არასწორად“ გამოჩნდეს, ამიტომ ან მზა ჭეშმარიტებებს ეჭიდება, ან სხვის შეხედულებებს ებრძვის. უჭირს, უბრალოდ სწამდეს იმის, რაც პირადად მას ესადაგება. ხშირად ეს არის ფსევდო-გურუების ძებნა და მათთან მიკედლება. ზოგჯერ ეს გამოიხატება უცხოს შიშში. გათავისუფლება მაშინ მოდის, როდესაც ის წყვეტს საკუთარი სიმართლის მტკიცებას, იწყებს საკუთარი აზრის ძიებას და არა სხვისი აზრების ბრმად მოწონებას ან პირიქით, მათთან ბრძოლას.
შიშისა და სირცხვილის ფორმა: „მე მეშინია, გაუნათლებელი გამოვჩნდე. მე მრცხვენია ჩემი საკუთარი შეხედულებების და მირჩევნია, სხვის აზრს დავეყრდნო“.
ლილიტი მე-10 სახლში — სოციუმში საკუთარი თავის გამოვლენის სირცხვილი. ადამიანი შეიძლება გრძნობდეს, რომ არ აქვს წარმატების, ლიდერობის ან აღიარების უფლება. ამის გამო ხან იმალება, ხან კი დემონსტრაციულად თამაშობს „მნიშვნელოვანი“ ადამიანის როლს. ადამიანს ეშინია ხელმძღვანელობის, ავტორიტეტული ადამიანების. ეშინია წარუმატებლობის, ამიტომ ურჩევნია არტაფერი გააკეთოს. ადამიანის რეალური ძალა მაშინ იჩენს თავს, როდესაც ის ლახავს წარუმატებლობის შიშს, ამასთანავე, თავის საქმეს სხვისი მოლოდინებისა და შეფასებების გათვალისწინების გარეშე აკეთებს.
შიშისა და სირცხვილის ფორმა: „მე მეშინია საზოგადოებაში თავის წარმოჩენის. მე მრცხვენია ჩემი ამბიციების, რადგან ვგრძნობ, რომ არ მაქვს წარმატების ან აღიარების უფლება და უნარი“.
ლილიტი მე-11 სახლში — ჯგუფისგან, მეგობრების, კოლექტივისგან განსხვავებულობის სირცხვილი. ადამიანს ეშინია, იყოს „სხვანაირი“, ორიგინალური. ამიტომ ცდილობს, მოერგოს სოციუმს ან, პირიქით, ყველას იშორებს, რათა საკუთარი მოწყვლადობა არ იგრძნოს. აქ ხშირად ცოცხლობს მარტოობისა და უარყოფის შიში. პრობლემები თავს იჩენს ხოლმე მეგობრებთან ურთიერთობებშიც, რადგან ზოგჯერ არასწორ მეგობრებს ირჩევს. სოციუმში, კოლექტივში რეალიზაციის ალბათობა მკვეთრად მატულობს, როდესაც ეს ადამიანი საკუთარ თავს ნებას რთავს, არავის ეკუთვნოდეს და მაინც საკუთარ თავად რჩებოდეს.
შიშისა და სირცხვილის ფორმა: „მე მეშინია, ვიყო ორიგინალური, არასტანდარტული და არ ვგავდე ჯგუფს. მე მრცხვენია ჩემი განსხვავებულობის და მეშინია მეგობრებიდან გარიყვის“.
ლილიტი მე-12 სახლში — სისუსტისა და ირაციონალურობის სირცხვილი. ადამიანი მალავს შიშებს, დამოკიდებულებებს, მგრძნობიარობას, კომპლექსებს, ფობიებს და თავს ისე იჭერს, თითქოს ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს. მაგრამ რაც უფრო ძლიერად მალავს თავის ჩრდილს, მით მეტად მართავს ის შიგნიდან. ამის გამო, იზრდება იმის ალბათობა, რომ ადამიანი გახდეს მანიპულაციის ან შანტაჟის მსხვერპლი (ხშირად ეს ადამიანი „პოულობს“ მანიპულატორებს და მათ „ემსახურება“). ამ ადამიანის ცხოვრება მაშინ ლაგდება, როდესაც ის გადაწყვეტს, რომ არაცნობიერიდან წამოსულ შიშებს აღარ გაექცეს და შეიმეცნოს ისინი, ასევე მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ნებას რთავს, იყოს მკაფიო, რაციონალური და რაც მთავარია, ბუნებრივი, თუნდაც ეს გარედან უცნაურად ჩანდეს.
შიშისა და სირცხვილის ფორმა: „მე მეშინია ჩემი ფარული მხარეების და არაცნობიერის. მე მრცხვენია ჩემი სისუსტეების, შიშების და მგრძნობიარობის გამოვლენის“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „კარგად ვარ თქვენი წყალობით“ - როგორ გამოიყურება ლილიანა, რომელიც რეაბილიტაციას გადის