მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელი უკვე ვიზეიმეთ და 31 დეკემბერს 00:01 წუთზე ჩვენი სანუკვარი სურვილებიც ჩავუთქვით, თურმე, ჩინური ასტროლოგიის მიხედვით ნამდვილი ახალი წელი 1 თებერვალს დგება.
ასტროლოგი ხათუნა ნოელი, ამ თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ადამიანებს ამ დღეს ჩასატარებელ რიტუალებზეც აწვდის ინფორმაციას.
„აგერ, თებერვალიც მოგვადგა კარზე. როგორც გახსოვთ, პირველში აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი იწყება. შავი წყლის სტიქიის ვეფხვის წელი. რასაკვირველია, სწორედ ახლა შეგიძლიათ შეეგებოთ მის დადგომას და არა ერთი თვით ადრე, პირველ იანვარს.
შეკითხვის დასმაც, თუ რა ფერის ტანსაცმელი უნდა გვეცვას, ახლა იქნება უპრიანი და პრინციპში ალბათ დიდი გენიოსობაც არ სჭირდება თუ ვიტყვი, რომ ამ დღეს შავი, ცისფერი და მომწვანო (ანუ წყლის ფერები) სრულიად მისაღები იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გედოთ სუფრაზე, „რა უყვარს ვეფხვს?“, ცხადია, თუ მაინცდამაინც ასე გინდათ - ხორციანი საკვები. თუმცა თუ ოჯახური ბიუჯეტიდან გამომდინარე ამის საშუალება ვინმეს არა აქვს, ან მწვანე კაბის ნაცვლად წითელი გეცმევათ, ამით ვეფხვის განაწყენების ნუ შეგეშინდებათ.
და აი, რატომ:
არის ასეთი ცნება - „ეგრეგორი“, რაც ნიშნავს, რომ ადამიანების მეტ-ნაკლებად მოზრდილ გაერთიანებას ერთი მიზნისკენ სწრაფვის გავლენით შეუძლია განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული ველი (მაგალითად რომელიმე ერის, სახელმწიფოს ან რელიგიის ეგრეგორი. რაიმე მიმდინარეობის ეგრეგორი და ა.შ.) საზოგადოების წევრებს შეუძლიათ განიცადონ კუთვნილების გრძნობა „კავშირი“ ეგრეგორთან, რომელიც მათ აერთიანებს და ამით გაზარდონ შესაბამისი ეგრეგორის ენერგეტიკული პოტენციალი.
ანუ რისი თქმა მინდა, ჩვენ არც ჩინელები ვართ, არც იაპონელები, ჩვენ ქართული, მართლმადიდებლური ეგრეგორის წევრები ვართ. ორ სკამზე ერთდროულად ჯდომა, ნაკლებად შესაძლებელი თუ არა, ელემენტარულად, მოუხერხებელია. ამიტომ სჯობს იმ ენერგეტიკულ სივრცეში, იმ ეგრეგორში დავრჩეთ, რომელიც ჩვენთვის დაბადებიდან ბუნებრივია, და დღესასწაულებს ქართული ტრადიციული სტილით შევეგებოთ. მათ შორის ახალ წელსაც - ჩიჩილაკით, გოზინაყით, საცივით... და არა ორ ლარიანებით ქოთანში თუ მაცივრის ქვეშ. მით უმეტეს, რომ ჩინელებს სულ არა აქვთ ორ ლარიანები, ხოლო ჩვენთან შუაში გახვრეტილი იენები არაა მიმოქცევაში...
სურვილის ჩაფიქრება და სამყაროსთვის თხოვნის გაგზავნა კი ყველა დღეს და ყოველ წუთს არის შესაძლებელი. მთავარია იმას ვითხოვდეთ, რაც ჩვენთვისაც სიკეთის მომტანია და სხვებსაც არაფერს უფუჭებს“, - წერს ასტროლოგი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵18 274 ინფიცირება, 8400 გამოჯანმრთელება, 41 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში