რატომ უჩნდებათ ადამიანებს სხვათა დაცინვის სურვილი? რა ემართება მას, ვინც დასცინის სხვებს? როგორ უნდა მოვიქცეთ თუ დაგვცინეს? - აღნიშნულ თემაზე ეზოტერიკოსი „svart გრიმუარი“ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თმით, ადამიანს, ვინც სხვას დასცინის ზურგი აქვს შექცეული მის მოყვასსა და საკუთარ უმაღლეს მე-ზე, კეთილშობილურის ნაცვლად ურჩევნია ველური, ცხოველური ადამიანური ბუნება:
„დაცინვა:
რატომ უჩნდებათ ადამიანებს სხვათა დაცინვის სურვილი? რა ემართება მას, ვინც დასცინის სხვებს? როგორ უნდა მოვიქცეთ თუ დაგვცინეს?
დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ამ სტატიაში მოცემულ საკითხს შედარებით განსხვავებულად მივუდექი. გამოგიტყდებით და ეს სტატია გარკვეულწილად შეიძლება ექსპერიმენტადაც კი ჩაითვალოს. რაში მდგომარეობს ექსპერიმენტი ბოლომდე წაკითხვის შემდგომ გაიგებთ, მანამდე გეტყვით თუ რატომ გადავწყვიტე ამ სტატიის განსხვავებულად დაწერა.
მოგეხსენებათ ჩემი საქმიანობის შესახებ, ვფიქრობ ამაზე ბევრი საუბარი არ არის საჭირო, აგრეთვე გეცოდინებათ, რომ განათლებით ფსიქოლოგი ვარ - შესაბამისად ამ ორი მიმართულების (ეზოტერიკა/ოკულტიზმი და ფსიქოლოგია) ფერები საკმაოდ ემჩნევა ხოლმე ჩემს ნაშრომებს. ადამიანთა ნაწილმა წარსულში აღნიშნა, რომ ერჩიათ მეტი ყურადღება გამემახვილებინა ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, ახლახან შემომჩივლეს, რომ „მაგია” მოვაკელი და ძალიან ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში გადავეშვი, ამ ორის შერევამ კი გაურთულა სტატია როგორც ერთი მხარის, აგრეთვე მეორის მომხრეებსაც. ამიტომ გადავწყვიტე დამეყო საკითხი როგორც ფსიქოლოგიურ, აგრეთვე ეზოტერულ ახსნად, ოღონდ არა მათი სინთეზისა და გაერთიანების, არამედ ცალ-ცალკე ახსნის გზით. იმედი მაქვს მოგეწონებათ, ბოლოს გამიზიარეთ თქვენი აზრი.
მაშასადამე მივუბრუნდები ჩვენს მთავარ თემას.
დაცინვა, ქილიკი, აბუჩად აგდება, გაბითურება, ლაზღანდარობა, რამდენი შესატყვისი, სინონიმი ან არსობრივად ახლო და მიმგვანებული ტერმინი შეიძლება გავიხსენოთ, მაგრამ სიმართლე ერთია - ეს პრობლემა ადამიანების ცხოვრებაში ყოველთვის აქტუალურია.
სანამ ვუპასუხებ ზემოხსენებულ კითხვებს, მინდა ხაზი გავუსვა რას გულისხმობს დაცინვა - არ მაქვს საუბარი იუმორზე, მეგობრულ ხუმრობაზე ან გართობაზე, ამ სტატიაში საუბარა სხვათა გაჭირვებით, ტკივილითა და უბედურებით ტკბობაზე ( გერმ. Schadenfreude - სხვათა წარუმატებლობით მიღებული სიამოვნება).
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დაცინვა სინამდვილეში არც ისე უბრალო პრობლემაა, თურმე ის უფრო მეტად არის სახასიათო ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისათვის, ვიდრე მეორეთათვის.
ეს ჯგუფია: 1) ემოციურად მოუმწიფებელი ადამიანები 2) ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ღრმა საკითხებთან ან ემოციებთან გამკლავება.
ადამიანის კოგნიტიური, ემოციური და ფსიქოსექსუალური განვითარების სხვადასხვა სტადიებზე ხდება როგორც ფიზიკური და მოტორული, აგრეთვე ინტელექტუალური და ემოციური უნარებისა და მექანიზმების ჩამოყალიბება. მათ შორის ხდება არაცნობიერი და ქვეცნობიერისათვის დამახასიათებელი პროცესებისა და რეაქციების ფორმირებაც.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სტატიის თუ ჩემი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ნაკლებად გვაინტერესებს მოტორიკა, ფიზიოლოგია და მსგავსი… ანუ ჩვენ იმდენად არ ვინტერესდებით ხილული მხარით (ეგზოთერულით), რამდენადაც უხილავით (ეზოთერულით), რომელსაც ამ შემთხვევაში შეგვიძლია მივაკუთვნოთ ადამიანის ფსიქიკა.
ცხადია, ბავშვობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ემოციურ ჩამოყალიბებაში, სწორედ აქ ხდება გარკვეული მექანიზმების ფორმირება, რომლებიც ჩვენ მოგვყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ადამიანები, ვისაც აქვთ მიდრეკილეაბ დაცინვისკენ და სხვათა უბედურებით ტკბობისკენ ერთ შემთხვევაში არ აქვთ სწორად ჩამოყალიბებული ემოციათა რეგულაციის მექანიზმები, ისინი განიცდიან მოვლენებს და რეაგირებენ მათზე სწორედ ისე, როგორც ამას გააკეთებდა ბავშვი. მაგალითად როგორც ბავშვი, რომელიც დასცინის კლასელს იმაზე, რომ მას გახეული შარვალი ეცვა, როგორც დასცინიან ბავშვები ერთმანეთს რაიმე მარცხის, წაქცევის ან გაუმართლებლობის დროს და ა.შ… ისინი ვერ ხედავენ რა ხდება ამ მოვლენათა მიღმა. ნახეთ, საქმე იმაშია, რომ ბავშვს, განსაკუთებით ე.წ. ეგოცენტიზმის ფსიქოლოგიური განვითარების ფაზაზე, არ აქვს სხვათა ემოციების გაზიარებისა და გათავისების უნარი. მარტივად რომ ვთქვათ, ის მოვლენებს აღიქვამს ფაქტებად და ვერ ხედავს სხვის ტკივილს მათ მიღმა, ბავშვი ვერ ხვდება, რომ გახეულშარვლიან კლასელს უჭირს, რომ მის მშობლებს ეკონომიკური კრიზისი აქვთ, რომ თანაკლასელს თავადაც სცხვენია ასეთი შარვლის და სტკივა ოჯახის მდგომარეობა. ბევრს ფსიქიკა და ემოციური მექანიზმები არ უვითარდებათ, შესაბამისად რჩებიან სწორედ ასეთებად, ისინი არიან დიდი, უგუნური და უპასუხისმგებლო ბავშვები, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან ხშირად საკმაოდ ბოროტი და სასტიკებიც კი არიან… ეს, დარწმუნებული ვარ, ყველას განგიცდიათ ან გინახავთ სკოლაში, ბაღში ან ეზოში.
თუმცა ამის გარდა არის ემოციური განვითარების მეორე ასპექტიც, ეს არის ემოციებთან გამკლავების უნარი - ანუ როგორ ვიქცევით, უფრო სწორად კი როგორ იქცევა ჩვენი ნერვული სისტემა და ფსიქიკა, მძიმე, უსიამოვნო ან ახალი და უჩვეულო ემოციის განცდისას. როგორ ვაგვარებთ ამ პრობლემას? ეს ყველაფერი იხსნება ემპათიის, ანუ თანაგანცდის შიშით.
როდესაც ვხედავთ სხვის ტანჯვას, ჩვენი ბუნებრივი რეაქციაა თანაგანცდა, მაგრამ ის შეიცავს გარკვეულ რისკს - თანაგანცდით ჩვენ ვრისკავთ, რომ თავადაც განვიცადოთ ტკივილი. გარდა ამისა ეს არის უთქმელი და დაუწერელი შეთანხმება მეორე ადამიანთან, პირობა იმისა, რომ მის გვერდით იქნები, რომ ჩაჰყვები სიღრმეში და არ გაუშვებ მას ხელს! ძალიან ბევრ ადამიანს ეს არ შეუძლია. რადგან ერთხის მხრივ ამას სჭირდება სწორი ცოდნა - ცოდნა, რომელიც მოაქვს ჩვენს შინაგან ხმას. მაგრამ შინაგან ხმას ჩვენ პირველ რიგში გვინერგავს მშობელი, იმით, რაც კი ოდესმე ჩვენთვის უთქვამს ან პირიქით არასდროს უთქვამს… ზემოხსენებულ (დამცინავ, მაშასადმე არაემპათიურ) ადამიანებს არ აქვთ მძიმე ემოციებთან გასამკლავებლად აუცილებელი გონებრივი იარაღები. ვინაიდან მათ არ იციან ემოციის „გადახარშვა”, რადგან მშობელმა და გარემომ არ გადასცათ ეს უნარები, მათ უჩნდებათ ემპათიის გაუცნობიერებელი, ინსტინქტური შიში.
რატომ? - თუ მექნება თანაგანცდა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მეც განვიცდი სხვის ტკივილს თუნდაც ცოტათი? მე არ ვიცი როგორ გავუმკლავდე ამ ტკივილს ან სად წავიღო ის. რა გავაკეთო?! - სწორედ ასე მოქმედებს მათი ნერვული სისტემა.
შესაბამისად ჩნდება გამოსავალი, რომელსაც წარმოადგენს ქილიკი. დაცინვითა და გაქილიკებით ადამიანს ჯერ დაჰყავს მეორეს ტკივილი აბსურდამდე, აუბრალოებს და ამინუსებს მას, შესაბამისად ეს ემოცია ხდება უმნიშვნელო. ემოციისათვს მნიშვნელოვნობის დაკარგვით კი იხსნება დაძაბულა, რადგან ახლა უკვე აღარ არსებობს მასში მონაწილეობის მიღების საჭიროება.
დამცინავი ადამიანი ძირითადად თავად ვერ უმკლავდება ემოციებს, ამიტომაც დაგცინით თქვენ. ამით ის იხსნის ტვირთს და მორალურ პასუხისმგებლობას, რომ დაგდგეთ მხარში და გაიზიაროს მძიმე აზრები და ემოციები.
ყოველივე ეს აგრეთვე ძალიან ბევრს გვეუბნება იმის შესახებ თუ რა კომპლექსები აქვს ადამიანს. დამცინავი ადამიანი ამით იმაზე მეტ ინფორმაციას გასცემს საკუთარი თავის, მოწყვლადობისა და ემოციური ჭრილობების შესახებ, ვიდრე თქვენზე. ის, რაზედაც დაგცინით თქვენ - არის ის, რასაც ვერ უმკლავდება მისი ნერვული სისტემა. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ პიროვნებას უჭირს როგორც სხვისი, აგრეთვე საკუთარი ემოციებისა და სისუსტეების დაძლევა და მას აქვს დამახინჯებული ავტორიტეტის, სიძლიერისა და პოზიციების გაგება, შესაბამისად გამუდმებით საწიროებს გარეგან ვალიდაციას და ხელოვნურად მოპოვებულ ძალას.
ის, რაც ვისაუბრე თითქოს შეეხო ორივე პუნქტს, და თითქოს პუნქტი 2 - ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ღრმა საკითხებთან ან ემოციებთან გამკლავება” - ისედაც არის მოცული პირველში, მაგრამ ის მაინც ცალკე გამოვყავი, რადგან არაემპათიურობა, გარდა იმისა, რომ არის თანდაყოლილი, შეიძლება აგრეთვე იყოს შეძენილი ან გამწვავებულიც.
გაგიკვირდებათ, მაგრამ დაცინვა არის ძალიან ცუდი ჩვევა, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას და ადამიანის ემოციურ და ენერგეტიკულ დეგრადაციას. როდესაც ადამიანი ეჩვევა ზემოხსენებულს, ემოციების გაუბრლოებას და ამრიდებლურ ქცევას, ის თანდათან კარგავს ემოციების მართვის უნარს, ხდება მეტად დამოკიდებული დაცინვაზე და კარგავს თანაგანცდის უნარს. შედეგად ასეთი ადამიანი სულ უფრო და უფრო მეტად ხდება მიდრეკილი სოციალური გარიყულობის, თვითიზოლაციისა და სიმარტოვისკენ. თავიდან ეს იწყება უბრალო ხუმრობით, შემდგომ იქცევა დამოკიდებულებად კომპლქსზე, რომელიც გვიხსნის ემოციისაგან და ბოლოს ეს მექანიზმიც კი აღარ შველის , შესაბამისად ადამიანს უწევს ადამიანების, საკუთარი თავისა და ცხოვრებისაგან გაქცევა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული ეხება არამხოლოდ უბრალო ემოციებსა და განცდებს, არამედ ისეთ ღრმა საკითხებსაც, როგორებიცაა სულიერება, ფილოსოფია და მეცნიერება. არ დაჰკვირვებიხართ როგორ უყვართ ადამიანებს მათი დაცინვა, ვინც ინტერესდება ფილოსოფიით ან ფსიქოლოგიით, ვინც საუბრობს ინდივიდუაციისა და თვითრეალიზაციისათვის აუცილებელ საკითხებზე ან ვინც ადგას თვითაქტუალიზაციია და განვითარების გზას? - გარდა ტკივილისა, მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის ამასთან გაიგივებაც. რაც თანდათან იწვევს ინტელექტუალური და კოგნიტიური დისონანსისა და პრობლემების ჩამოყალიბებასაც.
მაგრამ რა ხდება ეზოტერულ დონეზე? აი, აქ კი გვექნება ზემოხსენებული ექსპერიმენტი. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ დამეწერა ჩემი აზრი, გადავწყვიტე აზრი მეკითხა ტაროსთვის. მე მას ვკითხე: რატომ დასცინიან ადამიანები სხვათა უბედურებას? რაზედაც პასუხად ამოვიდა არკანები: პაპი, სამყარო, ძალა, ეშმაკი და აგრეთვე დავსვი კითხვა, როგორ მოვიქცეთ თუ კი დაგვცინებენ, ტარომ გვიპასუხა: ქურუმი ქალი.
პასუხი პირველ კითხვაზე: ადამიანს, ვინც დასცინის სხვას (ძალა) ზურგი აქვს შექცეული მის მოყვასსა და საკუთარ უმაღლეს მე-ზე (პაპი + სამყარო), კეთილშობილური ადამიანური ბუნების ნაცვლად, რომელიც გამოიხატება შემწყნარებლობასა და სიკეთეში (პაპი), მას ურჩევნია ველური, ცხოველური, მაშასადამე ინსტინქტური (ლომის სიმბოლო, რომელსაც ეჯაჯგურება ძალა და ეშმაკის არკანი). პიროვნება იმდენად განიცდის თავისსავე წარმოსახვაში შობილ ხატებსა და ფანტომებს (ის, რასაც ადამიანი დასცინის, რაზედაც ფოკუსირდება, რასაც წარმოიდგენს და გააზვიადებს), რომ მთელ მის ენერგიას მიმართავს ამისაკენ და ეჯაჭვება მას (ეშმაკი). ეს მიჯაჭვულობა და პარაზიტი კი, თავისხმრივ ასუსტებს, ამახინჯებს და აშტერებს მას, იწვევს ილუზიებს (ეშმაკი მისი მრავალი სახით). სამყაროს კარტს აქ კიდევ ერთი როლი აქვს, ის წრის სრულ შემობრუნებას, 360 გრადუსსაც განასახიერებს, რაზედაც არ შემიძლია არ ვახსენო გენიალური გამონათქვამი “ნუ დასცინი სხვასაო - გადაგხდება თავსაო”, რაც 100%-იანი ჭეშმარიტებაა და არაერთხელ მიგრძნია საკუთარ თავზეც.
როგორ მოვიქცეთ: მსგავსად იმისა, როგორც ხვდება ქურუმი ქალი ეშმაკს, ჩვენ უნდა დავხვდეთ ქილიკსა და დაცინვას. მსგავსად ამ ქალის გაფითრებული და არაფრისმეტყველი სახისა, ჩვენც უნდა დავხვდეთ დაცინვას ცივად, გულგრილად და რაციონალურად. ქურუმი ქალის მთავარი იარაღი მისი ცოდნა და რწმენაა. ცოდნა იმისა, რასთან აქვს შეხება და რწმენა იმისა, რომ ეშმაკშიც კი არსებობს სინათლის მარცვალი. ჭეშმარიტად ქველი და წმინდა სულის “ქურუმი ქალი” არასდროს ეცდება ეშმაკის განგმირვას ან განადგურებას არა! ჩემი აზრით ის შეეცდებოდა მის სიკეთის მხარეზე მოქცევას, გაკეთილშობილებასა და განწმენდას. ქურუმი ქალი, როგორც მთვარის და კრიტიკული/ცივი დედის არქეტიპი აგრეთვე მიგვითითებს მის ჩრდილოვან მხარეზეც. შესაბამისად ჩვენი სტრატეგია არის შემდეგი: თუ შეხვდი მსგავს ადამიანს, არ მისცე მას შენი ენერგია და შეეცადე ის მოაქციო სინათლის მხარეს, არ გაბრაზდე, არამედ დაინახე ამ დაცინვაში განწირული ადამიანი, რომელიც ვერც უმკლავდება შინაგან ტანჯვას და ვერც შველას გთხოვს, თუმცა თუ ის ხელს გკრავს დახვდი ამას ცივად და უტყვად, გახსოვდეს სიმართლე და ნუ აჰყვები მის თეატრს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა.
ჩრდილოვანი მხარე კი გულისხმობს ასეთ ადამიანთან ისე მოპყრობას, როგორც მას მოექცეოდა დედამისი - ცივი, უტყვი, უემოციო, კრიტიკული და ფანატური, მაშასადამე - არადედობრივი.
დაცივნა არის საკუთარ თავში ადამიანურობის, იმავე მიწისა და ქვეყნის, რომელსაც ეკუთვნიან სხვებიც, უარყოფა - მაშასადამე დედის უარყოფა, დედის არქეტიპის, მისი ზრუნვისა და სიყვარულისაგან მოკვეთა.
ძალის არკანი, რომელზედაც გამოსახულია ქალი, რომელიც ათვინიერებს ლომს სწორედ იმას გვეუბნება, რომ ადამიანის მისია და სიძლიერე არის ინსტინქტების მოთვინიერებასა და დაჯაბნაში. განა თანაგანცდა და სიყვარული არ არის ის, რაც განგვასხვავებს ცხოველებისაგან?“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს სიმღერა შენ გეძღვნება...“ - რატომ ატირდა ნინი შერმადინი კონცერტის მსვლელობისას