„რა ასტროლოგიურ ტენდენციებს მოიტანს მზის თევზების ზოდიაქოში ინგრესია“ - ამ დასათაურებით ასტროლოგი რამაზ გიგაური ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელიც თევზების ზოდიაქოს ნიშანში მზის გადასვლას ეხება. გიგაური იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში უნდა მოხდეს.
🔵„მოემზადეთ ფანტასტიკური პერიოდი გეწყებათ“ - ცაგარელი კვირის ფავორიტ ნიშანს ასახელებს
„19 თებერვალს (თბილისის დროით 2:35 საათზე) მზე გადავიდა თევზების ზოდიაქოში და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ამ ნიშნის ვიბრაციის გავლენის ქვეშ ცხოვრება მოგვიწევს (ეს გაგრძელდება 21 მარტამდე, თბილისის დროით 1:25 საათამდე).
ზოგადი ანალიზი
თევზების ნიშანს ადამიანებში „შეაქვს“ ემოციურობა, მძაფრი აღქმა, მისტიციზმი, გულმოწყალება, თანაგრძნობა, ასევე საიდუმლოებებისკენ და გამოუცნობი მოვლენებისკენ მიდრეკილება. ეს არის რელიგიის, ფსიქოლოგიის და მითოლოგიის სამყარო, სადაც სამყარო ადამიანს სიმბოლურ ენაზე „ელაპარაკება“ (მაგალითად, სიზმრების სახით).
თუმცა ამას შესაძლოა ჰქონდეს ნეგატიური ფიქრების, ილუზიების, შფოთვის და განგაშის განცდის ფორმაც. ეს არის შინაგანი სამყარო, სამშვინველი, ღრმა ემოციები და წარსულში გადატანილი ტკივილები და წყენები.
ამ პერიოდში მოიმატებს ინფორმაციის ფარულად გავრცელების და ინტრიგების ალბათობა. მოსალოდნელია ჭორების და „ფეიკების“ გავრცელებაც (ამას უმეტეს შემთხვევაში მიზანმიმართული ფორმა ექნება). არ არის გამორიცხული ბევრ ხელმძღვანელ პირს შეექმნას პრობლემა, რადგან გაზრდილი იქნება ფარული მტრობის ალბათობაც.
თევზები - ეს არის განმარტოვების, საკუთარ თავში ჩაღრმავების ნიშანი. ამიტომ ბევრი ადამიანი ამ პერიოდში უღრმავდება საკუთარ პიროვნებას, წარსულს და გამოაქვს დასკვნები.
მერკური-ურანის კვადრატი: სტრესი და შეუთანხმებლობა ამ ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში გაცილებით ინტენსიური იქნება, რადგან აქტიური იქნება მერკური-ურანის კვადრატული ასპექტი, რომელიც მიანიშნებს დაძაბულ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით ვერბალურ დონეზე. ძალიან მოიმატებს კამათისა და დაპირისპირებების ალბათობა. როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე მოსალოდნელია პოზიციების შეუთანხმებლობა, დაპირისპირება და ბრძოლა.
იმ ადამიანებს, რომლებსაც სუსტი ნერვული სისტემა აქვთ, მოსალოდნელია გაუჭირდეთ სტრესული სიტუაციების მართვა და გამკლავება, ამიტომ რეკომენდებულია, რომ მოხდეს ინფორმაციის „გაფილტვრა“. განსაკუთრებით ეს ნეგატიურ ინფორმაციას ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში შფოთვის დონე მოიმატებს, რაც უარყოფითად აისახება ძილის და საერთოდ ცხოვრების რეჟიმზე. გარდა ამისა, ეს მიანიშნებს პრობლემებს კავშირებთან მიმართებაში, სატელეფონო და ინტერნეტ სისტემებთან დაკავშირებით. მოსალოდნელია სატელევიზიო სკანდალებიც, რაც ისევ და ისევ შექმნის ახალ დაძაბულ კერებს.
თებერვლის მესამე დეკადა არასასურველია პერიოდია ახალი ტექნიკის შეძენისთვის და ეს განსაკუთრებით კომპიუტერულ ტექნიკას და ტელეფონებს ეხება. ამ პერიოდში გაზრდილი იქნება იმპულსურობა, სპონტანურობა და დაუფიქრებლობა, ამის გამო მოსალოდნელია ბევრმა ადამიანმა არასასურველი შენაძენი გააკეთოს.
ვენერა - ვერძში: სიყვარულში განახლება
ამ პერიოდში (20 თებერვალს) ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის ვენერა - ის თევზებიდან ვერძის ნიშანში გადაინაცვლებს. ვენერა - ეგზალტირებულია თევზებში, თუმცა ვერძის ნიშანში ის გამოძევებულ პოზიციაში იმყოფება, ამიტომ სიყვარულში და გრძნობების გამოვლენაში რომანტიზმი და ურთიერთგაგების უნარი უკან გადაიწევს და წინ წამოიწევს ცვლილებების სურვილი. ბევრი ადამიანი სიყვარულში უფრო მეტად ინიციატივიანი და გაბედული გახდება. ბევრსაც გაუჩნდება სიახლის სურვილი, რაც მოიტანს ძველი კავშირებში ცვლილების შეტანის, რაიმეს ახლებულად გაკეთების ან საერთოდ, ძველის გაწყვეტის და ახლის დაწყების სურვილს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გამოვლინდება პირდაპირ და ხისტად.
იქიდან გამომდინარე, რომ ვენერა მდედრული ენერგიის პლანეტაა, ქალები უფრო მეტად ენერგიულები და გამბედავები გახდებიან. მათში მოიმატებს თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფვა. ეს დაეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებაში და საინტერესო ცვლილებების განხორციელებაში. მითუმეტეს, რომ ამ პერიოდში ვენერა შეუერთდება გამარჯვების პლანეტა იუპიტერს. რაც კიდევ უფრო გაზრდის მათი წარმატების შანსებს (ეს განსაკუთრებით ცეცხლის სტიქიით დაბადებულ ქალებს ეხებათ - ვერძებს, ლომებსა და მშვილდოსნებს). ეს ყველაფერი გაგრძელდება 16 მარტის ჩათვლით, სანამ ვენერა კუროს ზოდიაქოში არ გადაინაცვლებს.
მერკური-მარსის ტრიგონი: მენტალური „სერფინგი“
კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი, რაც თებერვლის მესამე დეკადაში იქნება, ეს არის მერკური-მარსის ტრიგონი (პიკი: 21:25 თებერვალი). ამ პერიოდში გაძლიერდება აზროვნების პროცესი, გონებამახვილობა და გამჭრიახობა. რაც სასიკეთო გავლენას მოახდენს მოლაპარაკებებსა და შეთანხმებების კუთხით. ასე რომ, ზემოთ აღწერილი უთანხმოებებისა და შეუთანხმებლობების დარეგულირება სწორედ 21-25 თებერვლის შუალედში იქნება შესაძლებელი. ეს კარგი დროა წერილის მიწერისთვის, სატელეფონო აზრის განხორციელებისთვის და საქმიანი შეხვედრისთვის.
მარსი-მზე (ნეპტუნის) კვადრატი: კრიზისი და ხიფათი
3 მარტიდან დაძაბულობის ხარისხი ისევ მოიმატებს და ეს თითქმის მთელი მარტის განმავლობაში გაგრძელდება. ამის ალბათობა განსაკუთრებით მაღალი იქნება გაზაფხულის ბუნიაობამდე. ამას განაპირობებს მარსის ნეგატიური (კვადრატული) ასპექტები მზესთან და ნეპტუნთან. ეს გაზრდის აგრესიის დონეს. ამის პიკი იქნება 10-20 მარტის შუალედი. ამ პერიოდში მოსალოდნელია გაჩნდეს შეიარაღებული შეტაკებების ახალი კერა (განსაკუთრებით ისრაელ-ირანს შორის). მოიმატებს ტერაქტების, „წერტილოვანი დარტყმების“ და ასევე ტექნიკური ავარიების ალბათობაც.
რუსეთ-უკრაინის ომში ეს პერიოდი მოსალოდნელია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოდგეს, ბოლო 1,5-2 თვის განმავლობაში.
მთლიანობაში 20 თებერვალი - 21 მარტის შუალედი შესაძლებელია ორ ნაწილად გავყოთ:
* 20 თებერვალი - 2 მარტი ;
* 3-21 მარტი.
პირველი უფრო ნაკლებად დაძაბული და შემოქმედებითი იქნება.
მეორე პერიოდი გაცილებით რთული, წინააღმდეგობრივი და გარკვეულწილად, საშიშიც.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პერიოდი ჰარმონიულად გაივლის და გაზაფხულის ბუნიაობას ყველა ადამიანი მშვიდობით შეხვდება“, - წერს რამაზ გიგაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მზე თევზებშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები